ყველა ათწლეულს აერთიანებს ერთი დიდი გლობალური მოვლენა, იქნება ეს გეოპოლოტიკური კონფლიქტი, საფონდო ბირჟის კრიზისი თუ გლობალური პანდემია. ამ გლობალური მოვლენების გარდა, სამუშაო ბაზარზე მუდმივად ახდენენ გავლენას ტექნოლოგიური მიღწევები და მასთან დაკავშირებული აუცილებელი ცვლილებები, სამუშაო ძალის დემოგრაფიის ცვლილება, მრავალგვარი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და ბუნებრივი შემთხვევები, სამსახურთან დაკავშირებული შეხედულებების ფუნდამენტური ცვლილება და სხვა.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი HR გუნდისთვის?! როგორი იქნება ამ პროფესიის მომავალი?! HR-ის, როგორც კომპანიის სტრატეგიული პარტნიორის როლი კიდევ უფრო გააქტიურდება, თუ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ნელ-ნელა გაუფერულდება?!
რატომ განაგრძობს HR არსებობას?
ეს კითხვა შეიძლება ცოტათი უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა მასზე პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი ღირებულება და შენაძენი ადამიანები არიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნაკლებად რთავენ HR-ს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია ამ პარადოქსის დასასრულებლად.
Forbes გვიზიარებს, რომ კომპანია McLean & Company-ში თვლიან, რომ HR იარსებებს იქამდე, სანამ ადამიანები იარსებებენ. ადამიანი რთული არსებაა, რომელიც მუშაობს რთულ ორგანიზაციულ სტრუქტურაში და სამყაროში რომელიც ყოველდღიურად რთულდება. გამოცდილ HR პროფესიონალს შეუძლია ხელი შეუწყოს დასაქმებულის განვითარებას, შესთავაზოს მას მის ინტერესებზე მორგებული პირობები, გაითვალისწინოს თანამშრომლის საჭიროებები და შეუსაბამოს ის კომპანიის სტრატეგიას.
რა ღირებულებებს შესძენს HR კომპანიას?
იმისთვის, რომ კომპანიამ ფეხი აუწყოს მუდმივად ცვალებად გარემოს, გუნდმა უნდა აღმოაჩინოს სუსტი მხარე, პრიორიტეტი მიანიჭოს ამ მიმართულების გაძლიერებას და ინვესტიცია ჩატოს კონკრეტულ აქტივობებში, რომლებიც შედეგებს გამოიღებს.
უახლოეს მომავალში კომპანიის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები უფრო მეტად იქნება დაფუძნებული მონაცემთა ანალიტიკასა და უნარების ანალიზზე, რაც კომპანიის მმართველებს დაეხმარებათ მიიღონ ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები. ბიზნესის და ტალანტების საჭიროების გათვალისწინებით HR გუნდები კომპანიის სტრატეგიის აღსრულების შეუცვლელი და განუყოფელი ნაწილები უნდა გახდნენ.
როგორ უნდა მოემზადოს HR მომავლისთვის?
HR პროფესიონალებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ინტერპერსონალური უნარები (მაგალითად, კომუნიკაცია, ინკლუზიურობა და სხვა) და ტექნიკური ცოდნა (მაგალითად, რეკრუტინგი). ეს უნარები ცხადია კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა HR პროფესიონალებს მოუწევთ ცოდნის და გამოცდილების სფეროების კიდევ უფრო გაფართოვება. მაგალითად, HR-მა უნდა ისწავლონ რისკის მართვა, სტრატეგიული დაგეგმარება, ბიზნეს და ფინანსური მონაცემების ანალიზი. თუ თქვენს HR გუნდს ეს ცოდნა და უნარები ახლა არ აქვს, აჯობებს დროულად დაიწყოთ მათი ათვისება.
დაიწყეთ სხვადასხვა სცენარების მოდელირება, მოულოდნელი გამოწვევების დაგეგმვა, მოუსმინეთ დასაქმებულებს, იზრუნეთ მათ პერსონალურ და პროფესიულ განვითარებაზე და უფრო ეფექტურად იმუშავეთ მმართველ მენეჯერებთან ერთად.
როგორ ტრანსფორმირდება HR მოდელი?
HR დეპარტამენტის სტრუქტურის იდეალური მოდელი არ არსებობს. კომპანიის სირთულეების და თავისებურებების გათვალისწინებით განსხვავებულია HR დეპარტამენტის მოცულობა, ფუნქცია და დანიშნულება, მაგალითად შეიძლება იყოს საკონსულტაციო, უფრო მეტად სტრატეგიული და სხვა.
HR გუნდები ტრადიციულად განაგრძობენ კომპანიაში არსებობას შესაბამისი ჩამოყალიბებული სტრუქტურით, თუმცა ტექნოლოგიურ ოპტიმიზაციასთან ერთად, შეიძენენ დატა მეცნიერების, მონაცემთა დამუშავების, მონაცემების ინჟინრების, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების როლებსაც.
წყარო - The Future Of HR: An Introspection Guide For HR Leaders (forbes.com)