სამუშაო და პირადი დროის ბალანსზე ამომწურავი საუბარი ვერც კი მოვასწარით, რომ კორპორატიულ სამყაროში ახალი ტერმინი გაჩნდა “WFH -working from home”, სახლიდან მუშაობა . ამ ტერმინის შესატყვისი ახალი რეალობის შემქნელი კი ყველასათვის ცნობილი ვირუსია.
პანდემიის გამოცხადებიდან ძალიან მალე, თითქმის ყველა ქვეყანაში, გამოცხადდა სავალდებულო, ფიზიკური დისტანცირება. მოწოდებამ „დარჩისახლში“ შექმნა ახალი, ვირტუალური მენეჯმენტი და ვირტუალური თანამშრომლობა, დავიწყეთ მუშაობა სახლიდან და ახალი სლენგითაც ავლაპარაკდით: „ქოლი მაქვს“, „შემოდი ზუმში“, „ზუმ მითინგი“, „გაზუმე“ და სხვ.
სახლიდან მუშაობის პირველი დღეები რთული აღმოჩნდა- გაგვიჭირდა ვირტუალურ სივრცეში „თანამშრომლობა“ და შრომა. ამას აქვს თავისი მიზეზი- წლების განმავლობაში, ჩვენი სამუშაო კულტურა კომპანიების ოფისებში შეიქმნა და ზმნა „მუშაობა“ ოფისში წასვლასა და ოფისის მაგიდასთან მუშაობას გულისხმობდა.
რომ განვაზოგადოთ, პანდემიამდე, 4.0 ინდუსტრიის შექმნელი კორპორაციული სამყარო მუშაობდა მე-3 ინდსუტრიული რევოლუციის პერიოდის ხედვითა და 1970იანი წლების „სამუშაო სტანდარტით“, რომელსაც „კორონა დაემართა“ და კარანტინში უკრა თავი.
მენეჯმენტის იერარქიასა და მოლოდინებზე მყარად დამოკიდებული კორპორაციული სამყაროსთვის პანდემია ნამდვილად „თავგადასავალი“ აღმოჩნდა. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „Gallup” გამოკითხვის მიხედვით, მენეჯერების 78 პროცენტი ადასტურებს, რომ დისტანციური მუშაობა გუნდთან მოსახერხებელია, თუმცა აფიქრებთ როგორ შეინარჩუნებენ გუნდში კორპორატიულ დნმ-ს; საკონსულტაციო კომპანიის, მაკენზის კვლევის მიხედვით კი, ლიდერებისა და მენეჯერებისთვის, დისტანციურად მუშაობის რთულ გამოწვევად თანამშრომლის შეფასება მოიაზრება, მაგრამ საინტერესო შესაძლებლობად გვევლინება ახალი სტილის ლიდერობის განვითარება, რომელიც აქცენტს აკეთებს ხედვის გაზიარებით მართვაზე.
Gallup კვლევის მიხედვით, დასაქმებული ადამიანების 67 % -ს ურჩევნია და აქვს სურვილი, თვითონ გადაწყვიტოს, სად იქნება მისი სამუშაო ადგილი, ოფისში თუ რომელიმე კაფეტერიიდან. დასავლურ ბიზნეს სამყაროში მუშაობის მაღალი სურვილი გაკვირვებას არ იწვევს- ამ ბაზარზე, დისტანციურად მუშაობის გამოცდილება 90 იანი წლებიდან არსებობს.
საინტერესოა, ისეთი ქვეყნების „გამოცდილება“, სადაც ოფისში მიუსვლელად მუშაობა, მინიმუმ ფსიქოლოგიურ ბარიერს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ, მცირე კვლევა წამოვიწყეთ, რომლის შედეგები ჯერ დასაფიქრებელია და შემდეგ კი საინტერესო.
ონლაინ გამოკითხვაში, მონაწილეობა მიიღო 875-მა ადამიანმა, საიდანაც, მხოლოდ 18.9 % ს ჰქონდა სახლიდან მუშაობის გამოცდილება, პანდემიამდე. კარანტინის პერიოდში, გამოკითხულთა 69.3% სახლიდან მუშაობდა, 18.7 % კი მუშაობდა ხან სახლიდან, ხანაც ოფისიდან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევის მონაწილეეების 6.6 %-ის საქმიანობა პანდემიის დროს სრულად შეჩერდა (13,8 %- საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენელი ; 12,1 % - კვების პროდუქტებით ვაჭრობის საცალო ქსელი, 15,5 % - სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის სფერო).
სახლიდან მუშაობის პერიოდი გამოირჩეოდა საინტერესო მოსაზრებებითა და უხვი რჩევებით, თუ როგორ შეგვეძლო გვესარგებლა სახლში ყოფნით და გვესწავლა ახალი თემები, გაგვეკეთებინა ჩვენთვის საინტერესო საქმეები და აღმოგვეჩინა ჩვენი ფარული ნიჭი. შესაბამისად, დაგვაინტერესა, რადენმა ადამიანმა მოახერხეა ამ შესაძლებლობით სარგებლობა. კვლევის მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 34,1%-მა შეძლო მისთვის საინტერესო თემის შესწავლა, 18,1 % -მა ახალი ჰობი აღმოაჩინა, 5,1 % - მა კი ახალი ხელობა შეისწავლა.
როგორც ჩანს, სახლში ყოფნა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა საფიქრალად ნამდვილად გამოგვიყენებია, რადგან კარანტინში ყოფნის დროს, გამოკითხულთა 16,1%-მა პროფესიული ცვლილებები დაგეგმა, ხოლო 23,8 % მოემზადა კარიერაში ცვლილებების შესატანად. თუმცა, 34.5% ამბობს, ვერ მოახერხა სიახლეების ათვისება გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.
875 გამოკითხულიდან, 41,4 %-თვის სახლიდან მუშაობა კომფორტული აღმოჩნდა. ამ რესპოდენტების 77,1 % მდედრობითო სქესის წარმომადგენელია, საიდანაც 37,6 % დასაოჯახებელია, 61,3 % კი დაოჯახებული. საინტერესოა ისიც, რომ
სახლიდან მუშაობა კომფორტული აღმოჩნდა საბანკო, საკონსულტაციო და ვაჭრობა-დისტრიბუციაში დასაქმებული ადამიანებისთვის.
საინტერესოა, რომ სახლიდან მუშაობა გაუჭირდა უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, საიდანაც 67.7 % დაოჯახებულია გამოკითხვისას გაზიარებული კომენტარებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საოჯახო საქმიანობისა და სამუშაოს შეთავსება რთული, მაგრამ დაძლევადი აღმოჩნდა.
ჩვენი მცირე კვლევის მიხედვით, სახლიდან მუშაობამ რესპოდენტების 32,2 % -ზე პოზიტიურად იმოქმედა (80,1% - მდედრობითი სქესი, 19,9 % - მამრობითი), ხოლო 24,5% ფიქრობს, რომ სახლიდან მუშაობა ნეგატიური მოვლენაა და შესაბამისად, მათი მოტივაცია დაქვეითდა.
საინტერესოა, რამ გამოიწვია სახლიდან მუშაობისას დაბალი მოტივაცია. როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, სახლიდან მუშაობის ძირითად სირთულეს წარმოადგენს სამუშო და არასამუშაო დროის გამიჯვნა, რასაც ადასტურებს გამოკითხულთა 52.6%. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად სამუშო და არასამუშაო დროის გამიჯვნის სირთულისა, ჩვენი რესპოდენტების 78,5 %-ს სურვილი აქვს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლეობლობა და სურვილისამებრ, იმუშავოს როგორც სახლიდან, ასევე ოფისიდან. საინტერესოა, რომ ამ არჩევანის მსურველებიდან უმეტესობა მდედრობითი სქესისაა ( 78,2 %); და უმეტესობა დაოჯახებული( 56,6 % ) .
მენეჯერებისთვის, დისტანციურად მუშაობის ერთერთი გამოწვევა თანამშრომლების პროდუქტიულობის შეფასება და მართვაა, დისტანციურად მუშაობა მენეჯერებს არ აძლევს საშუალებას დააკვირდნენ სამუშაო პროცესს, დააკვირდნენ, როგორ მუშაობს გუნდი და ჰქონდეთ პროცესის მართვის განცდა. მიუხედავად ამისა, დასავლური ბიზნეს გამოცემები გვიზიარებენ ინფორმაციას, რომ ბევრი კომპანია, სახლიდან მუშაობის პირობებში, თანამშრომლების გაზრდილ პროდუქტიულობაზე საუბრობს.
ჩვენი გამოკითხვაც, თითქმის, იზიარებს ამ გამოცდილებას და რესპოდენტების
33,5 პროცენტისთვის სამუშაო ადგილს მის პროდუქტიულობაზე გავლენა არ აქვს, ხოლო 21,4%-ის აზრით, სახლიდან მუშაობამ გაზარდა მათი პროდუქტიულობა.
პანდემიით შექმნილი შეზღუდვები, მსოფლიოს მასშტაბით, შემსუბქუდა და კომპანიებმაც დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ მოერგონ ახალ რეალობას, როგორ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს ისე, რომ არ შეიქმნას ჯანმრთელობის რისკები და არ შეფერხდეს სამუშაო პროცესი. როგორც ცნობილია, წამყვანმა კორპორაციებმა, როგორიცაა მაიკროსოფტი, მორგან სტენლი, უნილევერი, ამაზონი, ფეისბუქი, გუგლი, ლინქდინი და ა.შ, თანამშრომლებს მისცეს საშუალება და რეკომენდაციაც, წლის ბოლომდე იმუშავონ სახლიდან. კომპანიები გეგმავენ, თუ რომელი პროფესიის წარმომადგენლები უნდა დაბრუნდნენ ოფისში და რა არის ის პროფესიები, რომლებსაც შეეძლებათ იმუშავონ „საიდანც უნდათ“. ახალ რეალობაში მუშაობის გადაწყვეტილებით გამორჩეულია ფეისბუქი, რომელმაც განაცხადა, რომ 2021ში აპირებს 1500 თანამშრომლის დაქირავებას, რომლებიც იმუშავებენ ნებისმიერი ადგილიდან და არა ოფისიდან.
საინტერესოა, როგორია დასაქმებული ადამიანების განწყობა ოფისში დაბრუნებაზე, და ზოგადად, ახალ სამუშაო გარემოსთან შეგუებაზე. ჩვენი კვლევის მონაწილეების 45,3 % -ს ოფისში დაბრუნებისას აფიქრებს, იქნება თუ არა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, ხოლო 47,8%-ს ფიქრობს, რამდენად შეძლებს ახალ სამუშაო გარემოსთან შეგუებას, პირბადით მუშაობას და 2 მეტრის დისტანციით კოლეგებთან თანამშრომლობას.
ვინაიდან ახალი რეალობის მთავარი გამოწვევა სამუშაო პროცესის სრულად ტექნოლოგიურ პლათფორმებზე გადატანა აღმოჩნდა, საინტერესოა დასაქმებულების სენტიმენტებიც კომუნიკაციის ვირტუალურ ხასიათზეც. გამოკითხულთა 37,1% ფიქრობს, რომ ონლაინ შეხვედრები ეფექტურია, 16,6%-ის აზრით კი ონლაინ შეხვედრები ნაკლებად ეფექტურია. მოვახერხეთ თუ არა ვირტუალურ კომუნიკაციასთან შეგუება ამის გასარკვევად კიდევ ერთი კითხვა დავუსვით რესპოდენტებს, კომფორტული იყო თუ არა მათთვის ონლაინ კომუნიკაცია. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 35,5%-თვის ონლაინ შეხვედრები კომფორტულია, ხომო 54,5 %-ს პირდაპირი კომუნიკაცია ურჩევნია.
ბიზნესისა და მენეჯმენტის ექსპერტები ხშირად და ხაზგასმით საუბრობენ (და უკვე, რჩევებსაც გვიზიარებენ), რომ ახალ რეალობაში მენეჯერებსა და ლიდერებს მოუწევთ შეცვალონ თანამშორმლების კონტროლი და მონიტორინგი, მოუწევთ შეამცირონ მიკრომენეჯმენტი, რადგან დისტანციურად მუშაობა ამ მიდგომით, შეუძლებელია.
ფაქტია, რომ, სწორედ დისტანციაზე მართვის ახალი მოცემულობა გახდება ლიდერობისა და მენეჯმენტის არსებულ მიდგომებში გარდატეხის წერტილი, რომელიც ლიდერებში გააჩენს და გაზრდის თანამშრომლების მიმართ ნდობას,
გააჩენს საჭიროებას შეთანმხდნენ შედეგზე და არა პროცესზე, შეაფასონ შედეგები და არა პროცესი.
დისტანციურად მუშაობა დასაქმებულებშიც გააჩენს ახალი ქცევისა თუ უნარების განვითარების აუცილებლობას, რადგან დისტანციურად მუშაობა მოითხოვს უფრო მეტად საკუთარი გადაწყვეტილებებით ქმედებას, საკუთარი სამუშო დღის შექმნასა და მართვას, უფრო მეტ დაფიქრებას და უფრო მეტ თავისუფლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როგორც მაკენზის 2020 წლის მაისის კვლევა ადასტურებს, ახალ რეალობაში დასაქმებულებს სჭირდებათ იყვნენ ენტრეპრენერები; ადამიანებს აუცილებლად დასჭირდებათ თვითორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის გაანალიზება, საჭირო და დამატებითი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება და დამოუკიდებლად ქმედებაც.
შესაძლოა, ახალი რეალობაში მომავალი და ახალი მენეჯმენტის კონუტრებმა განაპირობა, ის რომ ჩვენი გამოკითხულების თითქმის ნახევარს (54.4%) შეუმცირდა კოლეგებთან და მენეჯერებთან კომუნიკაცია, მეორე ნახევარმა კი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტექნოლოგიებში სრულად გადაიტანა სამუშაო პროცესი.
დღეს ძალიან ძნელია, ვისუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს დისტანციური სამუშაო გარემო, რომელია სწორი მიდგომა თანამშრომლებთან კომუნიკაციის პროცესში. თუმცა, ჩვენი და დანარჩენი მსოფლიოს სტატისტიკა, საინტერესო მესიჯებს შეიცავს: ადამიანებს აქვთ სურვილი, უფრო ხშირად იმუშვონ დამოკიდებლად, სახლიდან, საკუთარი დღის წესრიგისა და საკუთარი უნარების მიხედვით.
პანდემიის პერიოდში ხშირად გვესმოდა პროგნოზი- „ყველაფერი შეიცვლება, აღარ იქნება ისე, როგორც ადრე“. ჩვენი აზრით და ჩვენი მცირე სტატისტიკის მიხედვით, უნდა ვეცადოთ რომ შეიცვალოს „ ძველი ხედვა“, რომელიც პროცესებს უფრო მართავდა და არა ადამიანებს. არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს დასაქმებულების უმეტესობა, ძირითად მოტივატორად, საკუთარი უნარების სრულად გამოყნებას ასახელებს. დისტანციურად მუშაობა ამის შესაძლებლობას ქმნის ლიდერებისთვისაც და ლიდერის გუნდის წევრებისთვისაც.