2018 წლის იანვარი-აპრილის დასაქმების ბაზრის ანალიზი

დასავლური მედია ხშირად საუბრობს, თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიების კომპანიასა და თანამშრომლის შორის ურთიერთობებზე.

ანალიზი და პროგნოზი კეთდება თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ექსპერტების მოსაზრებების გაზიარების, დასაქმების ბაზრის ანალიზის, უნივერსიტეტების კვლევითი ცენტრების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით.

აუდიტორული კომპანია “დელოიტის” 2017 წლის ტალანტების ბაზრის კვლევის მიხედვით, 2020-2030 წლები რადიკალური ცვლილებების პერიოდია ხალხის მართვაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი თითქმის ჩაანაცვლებს ინტელექტუალურ სამუშაოს, შეიცვლება სამუშაო სისტემები და გარემო, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესიც კი ავტომატიზირბეული გახდება.

დასაქმების ტექნოლოგიების გავლენის ერთერთ საინტერესო გამოწვევად მიიჩნევა გაზრდილი მოთხოვნა ხელობებზე სხვადასხვა ბიზნეს სფეროებში. World Economic Forum ის მიხედვით, მზარდი იქნება მოთხოვნა AI ტექნოლოგიების ცოდნაზე, გაზიარებულ ცოდნაზე და თანამშორმლობაზე (GIG economy & GIGsters), ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის მართვაზე (coach, wellness trainer, mindfulness trainer), ხელოვნების და ზოგადად, ჰუმანიტარული დარგების მიმართ.

განვითარებული ქვეყნების დასაქმების ბაზარი ნელნელა ირეკლავს ტექნოლოგიების გავლენას და ხშირადმოთხოვნადი პროფესიების თუ სამუშაოების სტატისიკა ადასტურებს, რომ მომავალი ბაზარი ესაა - მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიები და ჯანდაცვა.

დასაქმების ბაზრის ცვლილებაზე საუბარი ჩვენთანაც გახშირდა. თვალშისაცემად გაიზარდა და იზრდება მოთხოვნები ისეთ პროფესიებზე, რაც წლების წინ, ნაკლებად თუ ქმნიდა დასაქმების პერსპექტივას საქართველოში. 2012 წლიდან 2014 მდე, ინსორსის ანალიტიკის მიხედვით (დასაქმების ბაზრის კვლევა/მოთხოვნადი პროფესიები), ყოველ წელს თითქმის ორმაგდებოდა მოთხოვნა გაყიდვებისა და მომსახურების სფეროს სპეციალისტებზე. 2014 წლიდან მოთხოვნა ამ პროფესიებზე თითმის გასამმაგდა და 2017 წლის მონაცემების მიხედვით, მოთხოვნად პროფესიად ჩამოყალიბდა გაყიდვების მენეჯერი (სულ 2610 მოთხოვნა/ვაკანსია), სასტუმროებისა და რესტორნის მომსახურე პერსონალი (1610 ვაკანსია) და ცხადია გაყიდვების პერსონალი (საკრედიტო ექსპერტი, გაყიდვების მენეჯერი, კონუსლტანტი და სხვ.) საბანკო სფეროდან.

დასაქმების ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები, ცხადია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით განისაზღვრება და პირდაპირ გავლენას ახდენს მოთხოვნადი პროფესიების სტრუქტურაზეც. წელსაც გამორჩეულად მაღალია მოთხოვნა მომსახურების სფეროს სპეციალისტებზე, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებზე, სხვადასხვა ტიპის ხელოსნობასა და ცხადია, გაყიდვების სპეციალისტებზე.

მიმდინარე წლის დასაქმების ბაზრის ანალიზი, კვლავ ვაკანსიების განთავსების ვებგვერდების მონაცემებითა და გამოკითხვით წარიმართა.

2018 წლის იანვარიდან 30 აპრილამდე სულ დაფიქსირდა 6468 ვაკანსია. უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქთან ერთად, ნელნელა ვითარდება რეგიონების დასაქმების ბაზარიც, რასაც მცირე სტატისტიკაც ადასტურებს:

დაფიქსირებული 6468 მოთხოვნიდან, 1097 განაცხადი მიეკუთვნება ბათუმს; 250 განაცხადი - რუსთავს; 267 - ქუთაისს; 248 - თელავს; 137- ზუგდიდს; 135- გორს და 134 - მარნეულს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, დასაქმების ბაზრის 34% დღეს რეგიონები ქმნიან.

სტაბილურად მაღალია მოთხოვნა გაყიდვების სფეროში დასაქმების მსურველებზე და დღემდე 3381 ვაკანსია დაფიქსირდა (ვებგვერდის მონაცემები, “ინსორსის” გამოკითხვა). გაყიდვების სფეროში დასაქმების მსურველებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა შექმნა საცალო ქსელმა (გამოცხადებული ვაკანსიების 45%) და სადისტრიბუციო კომპანიებმა (34%). უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონებში მაღალია მოთხოვნა დისტრიბუციის სფეროს სპეციალისტებზე და 1132 ვაკანსიიდან 72% რეგიონს მიეკუთვნება.

ვინაიდან ეკონომიკური განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართუელბა ტურიზმია, თვალშისაცემად მზარდია მოთხოვნა ე.წ Ho-Re-Ca (სასტუმრო/რესტორანი/კაფეტერია) სფეროს სპეციალისტებზე: 224 მოთხოვნა დაფიქსირდა მიმტანზე; 123 მოთხოვნა - მზარეულზე, ხოლო 161 მოთხოვნა -ბარმენზე. 2018 წლის იანვარი-აპრილის განმავლობაში, სფეროში სულ დაფიქსირდა 705 ვაკანსია, საიდანაც 42% კვლავ რეგიონს მიეკუთვნება.

 

საინტერესოდ ვითარდება მომსახურების სფეროც. დასაქმების ბაზარზე ჩნდება მცირე და საშაუალო ზომის, ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციით შექმნილი კომპანიები ისეთ მიმართულებებში როგორიცაა, ქოლცენტრი, ტაქსით მომსახურება, სარემონტო სერვისი, ადგილზე მიტანის სერვისი, დასუფთავების, თავის მოვლის, გასართობი და სხვ. მომსახურებები.

მომსახურების სფეროს ჯერჯერობით არამკაფიო სტრუქტურის მიუხედავად, იზრდება მოთხოვნა სხვადასხვა ე.წ. ხელობებზე, როგორიცაა სტილისტი, მკერავი, ხელოსანი, კურიერი და სხვ.

მომსახურების სფეროში სულ 720 ვაკანსია დაფიქსირდა და უმეტესობა (75%) მიეკუთვნება დედაქალაქს. მაღალია მოთხოვნა სტილისტზე (51 პოზიცია), დიასახლისზე (89) და ხელოსანზე (52).

მშენებლობა და ენერგეტიკის სფეროც კვლავ აქტიურობს, 283 ვაკანსიიდან 211 მოთხოვნაა მუშაზე, შემდეგ კი ელექტრიკოსზე.

ინფორმაციული ტექნოლოგიები, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი სწრაფი ტემპით ვითარდება. კვლავ მწვავე დეფიციტია პროგრამირებაზე და მზარდია მოთხოვნა იტ მხარდაჭერაზე. იტ-ში სულ გამოცხადდა 138 ვაკანსია, სადაც 41 მოთხოვნა დაფიქსირდა დეველოპერზე, 22 - ტექნიკურ მხარდაჭერაზე, 12 - იტ ანალიტიკოსზე.

 

საბანკო სფერო და ზოგადად, ფინანსური სერვისები კვლავ ინარჩუნებენ ერთერთი “საუკეთესო დამსაქმებლის” სტატუსს. ამ სფეროში ვაკანსიების რაოდენობა მზარდია რეგიონების მიმართულებით და საშუალო ზომის ბანკების მხრიდან. ჯამურად, საბანკო სფერომ და ფინანსურმა სერვისებმა 289 ვაკანსია დააფიქსირა, საიდანაც ვაკანსიების 81% რეგიონებზე მოდის.

საინტერესოა ჯანდაცვის სფეროს გააქტიურებაც დასაქმების ბაზარზე. 2018 წლის იანვარი-აპრილის განმავლობაში, კლინიკებმა და ამბულატორიებმა 141 ვაკანსია შექმნეს და აქედან, 67% რეგიონებში. მაღალია მოთხოვნა სხვადასხვა პროფილის ექიმზე (47 ვაკანსია), ფარმაცევტსა (21 ვაკანსია) და სამედიცინო წარმომადგენელზე (23 ვაკანსია).

შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების გააქტიურებამ (საცალო ქსელი, საერთაშორისო წარმომადგენლობები, მარკეტინგული და პრ მომსახურების სააგენტოები, სარეკლამო სააგენტოები, ელექტრონული კომერცია და სხვ.) გაზარდა მოთხოვნა ე.წ. “პროფესიონალებზე” (სამუშაო ოჯახის სტანდარტული დასახელება), სადაც ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სამეული ასე გამოიყურება: 1). ფინანსისტი (ფინანსური მენეჯერი, ფინანსური ანალიტიკოსი) – 28 ვაკანსია; 2) საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი - 16 ვაკანსია; 3) აუდიტორი - 15 ვაკანსია (აუდიტორზე განსაკუთრებით მაღალი იყო მოთხოვნა მარტი- აპრილის განმავლობაში, საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე).

გასული და მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, დასაქმების ადგილობრივი ბაზარი ცალსახად განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს. მოთხვონა სხვადასხვა ხელობებზე და განსხვავებულ ცოდნებზე (მაგ: გაყიდვების ცოდნა, მოლაპარაკების ცოდნა, SEO-ს ცოდნა და სხვ.) გარკვეულ დისბალანსს ქმნის სამსახურის მაძიებლებსა და დამსაქმებელს შორის, რადგან მაღალია ვაკანსიების რაოდენობა და პარალელურად, მზარდია დასაქმების მსურველების რაოდენობაც. უდავოა, რომ დღეს არსებული ცოდნა და უნარჩვევები ახალ დამსაქმებლებს (რომელთა რაოდენობა მზარდია) ნაკლებად სჭირდება, ამ დისბალანსს კი ერთადერთი გამოსავალი აქვს - სხვადასხვა ხელობების შემსწავლელი დაწესებულებების ან პროგრამების შექმნა, პოპულარიზაცია და სწავლის ხელშეწყობა. თუ დავაკვირდებით, დღევანდელი ჩვენი “ტრენინგების ბაზარიც” ერთგვარია და ძირითადად, ისეთი უნარების განვითარებაზეა მიმართული, როგორიცაა მენეჯმენტი, HR მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაციები, ეფექტური გაყიდვები და სხვ. ვვარაუდობთ, რომ სწორედ ამ დისბალანსის გამო, გააქტიურდა სტაჟიორად დასაქმების შეთავაზებაც, რომლის დროსაც სტაჟიორი სწავლობს საქმის შესრულების პროცესს და სამუშაოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - დასაქმების ბაზრის ცვლილებების ცოდნა მნიშვნელოვანია. ხშირია ღელავა, თითქოს იკლო სამუშაოებმა. სამწუხაროდ, იკლო მოთხოვნამ წლების განმავლობაში დასაქმების ლიდერებისაგან, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ჩვენც ნელნელა მივდევთ ფეხდაფეხ.

 

 

2020 წლის ივნისის თვის დასაქმების ბაზრის ანალიზი
HRM სფეროს კვლევა (2020 წლის დეკემბრის შედეგები)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა (2020 წლის სექტებრისა და ოქტრომბრის მონაცემები)
ახალი რეალობის დასაქმების ბაზარი (2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვის ანალიზი)
IT სფეროს ტალანტების ბაზრის კვლევა
კვლევა: როგორ იმოქმედა Covid -19-მა ჩვენს სამუშაო განწყობასა და მოტივაციაზე
2017 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები (პირველი 3 კვარტლის მონაცემებით)
HR მენეჯერების რჩეული კითხვები გასაუბრების ჩასატარებლად
სამსახურში დაგვიანების მიზეზები
ინტერვიუზე ხშირად დასმული კითხვები
რას ფიქრობს ხალხი განვითარებაზე?
2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
რა შემთხვევაში შეიცვლიდით სამსახურს? (გამოკითხვის შედეგები)
რა მუსიკას უსმენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
სამუშაო გარემოსა და ოფისის კულტურის კვლევის შედეგები
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები (2016)
2015 წლის IV კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
საშუალო რგოლის მენეჯერების ჩართულობის ანალიზი
რატომ მიდიან თანამშრომლები მენეჯერისგან?
2015 წლის III კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
მოტივაციის შესაფასებელი გამოკითხვის შედეგები
2015 წლის I კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
2015 წლის II კვარტლის დასაქმების ბაზრის ანალიზი
სამსახურის მაძიებელთა გამოკითხვის შედეგები
ინტერვიუს კითხვების გამოკითხვის შედეგები