კრიზისის დროს ეფექტური მართვა მოთმინებას მოითხოვს. თუ მენეჯერი სირთულეებსა და იმედგაცრუებებს ვერ უძლებს, სიმშვიდის შენარჩუნებაში ვერც სხვა თანამშრომლებს დაეხმარება. ჩვეულებრივ, ახალი გამოწვევების გადაჭრის გზების პრაქტიკაში დასანერგად გარკვეული დროა საჭირო. თუმცა, მენეჯერების სწავლების პროცესმა გამოავლინა, რომ მათ უმრავლესობას მოთმინების უნარი არ აქვს და არციცის როგორ გამოიმუშავოს. მათ პრობლემების სწრაფად გადაჭრა სურთ და სტრატეგიული მოქმედებისშედეგებს არ ელოდებიან, ამასკი სწრაფად ცვალებადი ციფრული სამყაროც უწყობს ხელს.
HBR-ის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა იმის დასადგენად, თუ რა გავლენა აქვს მენეჯერის მოთმინებას მის უშუალო დაქვემდებარებულებზე. მათ Covid-19-ის კარანტინის დროს, სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებული 578 თანამშრომელი გამოკითხეს. კვლევის ობიექტების საშუალო ასაკი 39 წელს შეადგენდა, უმრავლესობას უმაღლესი განათლება ჰქონდა, ხოლო ნახევარზე მეტი მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. HBR-ის მკვლევარებმა კვლევის ობიექტებს სთხოვეს შეეფასებინათ მათი მენეჯერების მოთმინება და ქმედებები. შემდეგ კი სთხოვეს დაეხასიათებინათ საკუთარი თავი კრეატიულობის, პროდუქტიულობისა და კოლაბორაციის უნარების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა 13%-ით, ხოლო კრეატიულობა და კოლაბორაციის უნარი 16%-ით იზრდება მაშინ, როდესაც მენეჯერის მოთმინების დონე მაღალია.
აკადემიური კვლევები მენეჯერულ ქცევებს 2 ძირითად ჯგუფად ყოფენ: ა)დავალებაზე და ბ) ურთიერთობებზე ორიენტირებული ქცევები. HBR-ის მკვლევარები პირველი ტიპის ქცევას - ფუტურისტულს, ხოლო მეორეს - ფასილიტატორულს უწოდებენ. ფუტურისტები ქმნიან ძლიერ ხედვას, რომელიც გაზომვად შედეგებს ქმნის. ფასილიტატორები კი პრობლემის გადაჭრისას თანამშრომლებს კოლაბორაციისა და გუნდურობისკენ მოუწოდებენ. რა თქმა უნდა, ეს ქცევები ერთმანეთს არ გამორიცხავს, პირიქით, კარგ მენეჯერს ორივე ტიპის ქცევა ახასიათებს. საინტერესოა, თუ რა გავლენას ახდენს მოთმინების მაჩვენებელი ორივე ტიპის ქცევაზე.
როგორც აღმოჩნდა, მოთმინება ორივე ტიპის ქცევას უფრო ეფექტიანს ხდის. აღსანიშნავია, რომ მოთმინების მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში, კოლაბორაციისა და კრეატიულობის უნარი ფუტურისტული ქცევისას 6%-ით უფრო იზრდება, ვიდრე ფასილიტატორული ქცევის შემთხვევაში. ფუტურისტული ქცევისას მოთმინება საჭიროა მაშინ, როდესაც მენეჯერი გუნდს საკუთარ ხედვას უხსნის - გუნდი კი სწრაფად ვერ რწმუნდება ხედვის მართებულობაში და ახსნას საჭიროებს. ფასილიტატორული ქმედების დროს მოთმინება საჭიროა მაშინ, როდესაც თანამშრომლებს გუნდურად მუშობა უჭირთ და უფრო დიდი დრო სჭირდებათ პრობლემის გადაჭრის გზის მოსაძიებლად.
როგორ უნდა გამოიმუშავოს მენეჯერმა მოთმინების უნარი?
მოთმინების უნარის გამომუშავებისათვის მენეჯერმა უნდა იცოდს, თუ როდის შეიძლება დასჭირდეს პირადად მს ეს უნარი. შესაბამისად, ამ დროს სიმშვიდის შენარჩუნებას კიდევ უფრო მეტად ეცდება. მოთმინებით გამოწვეული სტრესის შემცირების საუკეთესო გზა დროის აღქმის ცვლილებაა. HBR-ის მკვლევარები მოთმინების უნარის გამოსამუშავებლად რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვიზიარებენ:
სიჩქარის მნიშვნელობის განსაზღვრა - აშშ-ს საზღვაო ფლოტის ცნობილი გამონათქვამია: „ნელი ნიშნავს ფრთხილს. ხოლო ფრთხილი - სწრაფს“. ფლოტის სწრაფი იერიშის სპეციალური ქვედანაყოფი დროში შეზღუდული მისიების დაგეგმვისა და შესრულებისას, პარადოქსულად მომთმენია. კრიტიკულ სიტუაციებში მუშაობის 60 წლიანი გამოცდილების შემდეგ, ფლოტის წევრებმა იციან, რომ ნელი და ფრთხილი მოქმედება შეცდომების ალბათობას ამცირებს.შესაბამისად, აღარ არსებობს მათი გამოსწორების საჭიროება და საბოლოოდ, მისიაც უფრო სწრაფად და ეფექტიანად სრულდება. ფლოტის წევრებმა იციან, რომ მენეჯერს ერთმანეთში საოპერაციო (სწრაფი ქმედება) და სტრატეგიული(ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის საჭირო დრო) სიჩქარე არ უნდა აერიოს. ამიტომაც ,მენეჯერებმა თავიდანვე მკაცრად უნდა განსაზღვრონ, თუ რას ნიშნავს ღირებულებების შექმნა.
მადლობა მოთმინებისთვის - მადლიერების გრძნობა ადამიანის დამოკიდებულებებსა და ქმედებებზე დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, თუ ადამიანი „მადლიერების დღიურს“ აწარმოებს, სადაც ყოველდღიურად წერს თუ რისთვის არის მადლიერი, მისი კეთილგანწყობა იზრდება, ხოლო სტრესი მცირდება. ექსპერიმენტული ფსიქოლოოგიის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ როდესაც ადამიანი მადლიერია, მისი მოთმინების მაჩვენებელი იზრდება.
რთულია, ადამიანი კრიზისის დროს მადლიერი იყოს. თუმცა, ეს გრძნობა გამომუშავებადია. მაშინ, როდესაც ადამიანის მოთმინების უნარი გამოცდის წინაშე დგას, მან სულიერი სიმშვიდე და ის გრძნობა უნდა იპოვოს, რომლითაც კრიზისის პერიოდში შეძენილ ცოდნასა და გაუმჯობესებულ უნარებს დაინახავს.
მენეჯერის სამუშაო უფრო ეფექტიანი ხდება მაშინ, როდესაც ის მომთმენია. მენეჯერები მოთმინების უნარის გამომუშავების შედეგად, შეძლებენ გაზარდონ გუნდის კრეატიულობა, პროდუქტიულობა და კოლაბორაციის უნარები. სამწუხაროდ, სიჩქარე წარმატების საწინდარი სულაც არ არის.