Undercover Recruiter-ის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი შემდეგი 10 წლის განმავლობაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არსებული სამსახურების 16%-ს ჩაანაცვლებს. ეს მოლოდინები აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ რეკრუტერები სამსახურის გარეშე დარჩებიან, თუმცა იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით მოახერხებთ რუტინული საქმე ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთოს, თქვენ კი უფრო მეტი თავისუფალი დრო დაგრჩებათ პროფესიული განვითარებითვის. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელია რეკრუტინგის პროცესის გამარტივება, გაუმჯობესება და დაჩქარება.
Forbes გვიზიარებს Forbes Coach Council-ის მოლოდინებს, თუ რა შეიცვლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შედეგად რეკრუტინგის და კანდიდატების შერჩევის პროცესში:
1. საუკეთესო კანდიდატის შერჩევის გარანტორი;
ხელოვნურ ინტელექტს შესაძლებლობა ექნება შეაფასოს არა მხოლოდ კანდიდატის რეზიუმე, არამედ მისი ონლაინ პროფილი, პორტფოლიო და განსაზღვროს მისი შესაბამისობა თქვენს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან. მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება სამსახურის მაძიებლებს პერსონალიზირებული პროფილის შექმნაში, რომელიც სწორად და ზუსტად ასახავს მათ ღირებულებებს, მიზნებს და კარიერულ მისწრაფებებს.
2. ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტირების უნარის დახვეწა;
სამსახურის მაძიებლებს დასჭირდებათ ახალი უნარების განვითარება და ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტირება იმისთვის, რომ შეავსონ განაცხადი დასაქმების პლატფორმებზე და გაიარონ გასაუბრება ხელოვნური ინტელექტის მიერ მოდელირებულ გასაუბრებაზე. ვიდეო ინტერვიუების პლატფორმა კანდიდატების შესაფასებლად გამოიყენებს როგორც ბიომეტრიულ და ფსიქომეტულ ანალიზს, ასევე გაანალიზებს მის ხმას, საუბრის ტემპს, სახის გამომეტყველებას, სხეულის ენას და სხვა.
3. გაიზრდება რეზიუმეების და აპლიკაციების ხარისხი;
ხელოვნური ინტელექტი ათასობით აპლიკაციის გადასარჩევად და საუკეთესო კანდიდატის შესარჩევად გამოიყენებს შესაბამის პოზიციასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს ე.წ. keyword-ებს. ამ მეთოდის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ თავად კანდიდატებიც მიმართავენ ხელოვნურ ინტელექტს, იმისთვის, რომ შეადგინონ უფრო ეფექტური რეზიუმე, აპლიკაცია და გაზარდონ მათი დასაქმების შესაძლებლობა.
4. შერჩევის საწყისი ეტაპის დაჩქარება;
კანდიდატის შერჩევის პროცესში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი რეზიუმეების გადარჩევის პერიოდია. რეკრუტერს ერთ პოზიციაზე ასეულობით აპლიკაციის განხილვა უწევს. თანამედროვე სამყაროში ერთადერთი შეუცვლელი რესურსი დროა. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წამებში გააანალიზოს ათასეულობით რეზიუმე, იპოვოს შესაბამისი კანდიდატები, დაეკონტაქტოს მათ, ჩაატაროს პირველადი გადარჩევის ეტაპი და ინტერვიუსთვის წარმოგიდგინოთ საუკეთესო კანდიდატი.
5. ხელმისაწვდომობა უფრო შესაფერის კანდიდატებზე;
ხელოვნური ინტელექტი უკვე ახდენს რევოლუციას რეკრუტინგის პროცესში, რადგან რეკრუტერებს აძლევს შესაძლებლობას უფრო მარტივად იპოვონ უფრო მეტად კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ზუსტად შეესაბამება მათ საჭიროებებს.
ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გაძლევთ მოძებნოთ კანდიდატები ბევრი სხვადასხვა საძიებო სიტყვის გამოყენებით, მაგალითად, პოზიციის დასახელება, ინდუსტრია, ლოკაცია, შემოსავალი, ხელფასი, განათლება, ასაკი და სხვა.
6. კანდიდატის შესაბამისობის შემოწმება;
დისტანციურად დასაქმებული თანამშომლების დაქირავებისას საფრთხეების შესაფასებლად, ზოგიერთო ორგანიზაცია უკვე იყენებს ხელოვნრ ინტელექტს. მისი ჩართულობით კომპანიას შეუძლია უფრო გულდასმით შეამოწმოს კანდიდატის შესაბამისობა, წინასწარ შეაფასოს იქნება თუ არა დასაქმებული გულახდილი, ეთიკური და როგორ წარმოაჩენს კომპანიას დაქირავების შემდეგ. ეს ფუნქცია განსაკუთრებით დაეხმარებათ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ბევრი დისტანციურად მომუშავე დასაქმებული ჰყავთ, მაგალითად lyft, Uber, Airbnb.
7. თანაბარი მიდგომა კანდიდატების შერჩევისას;
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მრავალმხრივ შეიძლება დამუშავდეს კანდიდატების რეზიუმეების ბაზა და უზრუნველყოფილი იქნეს კანდიდატების მიმართ თანაბარი მიდგომა. დასაქმებულებს დასჭირდებათ უფრო მეტი ჩართულობა და ნეთვორქინგი იმისთვის, რომ გამოირჩეოდნენ სხვებისგან, რადგან საკმარისი აღარ იქნება მხოლოდ ჭკვიანური სიტყვებით დაწერილი რეზიუმე.
8. კანდიდატების მოძიებისთვის ეფექტური წყაროები და კონტაქტების მარტივად დამყარების შესაძლებლობა;
ხელოვნური ინტელექტი შეცვლის კანდიდატების დაქირავების პროცესს, რადგან ექნება შესაძლებლობა კანდიდატების მრავალათასიანი ბაზის მონაცემები დაამუშავოს მოკლე ვადაში. რეფერალები და პირადი რეკომენდაციები დღეს დასაქმების პირველ წყაროდ ითვლება და ასეც დარჩება, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება პრაქტიკული მაგალითებით. თუმცა, ხელოვნურ ინტელექტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შეაგროვოს ათასეულობით კანდიდატის საჭირო მონაცემები, გაანალიზოს ინფორმაცია თქვენთვის სასურველი კრიტერიუმების გათვალისწინებით და იპოვოს ყველაზე შესაფერისი კანდიდატი, დაეკონტაქტოს მას და დაიწყოს გასაუბრების პირველადი ეტაპი.
9. ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩატარებული გასაუბრებები;
კომპანიები ნელ-ნელა იწყებენ გასაუბრების ეტაპზე ხელოვნური ინტელექტის ჩართვას. მაგალითად, არსებობს ონლაინ გასაუბრებები, როდესაც კითხვებს ხელოვნური ინტელექტი სვამს. გასაუბრების ამგვარი ფორმატი ახალი ტიპის გამოწვევებს ქმნის კანდიდატებისთვის. გასაუბრებაზე სოციალური კავშირების დამყარებაზე მნიშვნელოვანი და უფრო კრიტიკული შეიძლება გახდეს მომზადება და კონკრეტულ საკითხებზე ცოდნის გამოვლენა.
10. მონაცემთა ბაზების დამუშავების ავტომატიზირება;
ხელოვნური ინტელექტი შრომითი ურთიერთობის ორივე მხარეს მდგომ პირებს დაეხმარება და გაუმარტივებს შესაბამისი კანდიდატის თუ კომპანიის ძებნის პროცესს. დღეს, სამსახურის მაძიებელი რეზიუმეს აგზავნის აპლიკაციების უძირო ზღვაში, მეორე მხარეს კი რეკრუტერს უწევს გადაამუშავოს დიდი მოცულობის მონაცემები. ორივე ეძებს საკუთარ თავზე მორგებულ და შესაფერს სამსახურს ან დასაქმებულს. ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა პროცესს უფრო ავტომატიზირებულს გახდის, დაიხვეწება მონაცემთა ბაზების გადამუშავების და ანალიტიკური საშუალებები. ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება ერთმანეთთან დააკავშიროს კანდიდატისა და დამსაქმებლის ყველაზე შესაბამისი წყვილები.
წყარო - 10 Ways Artificial Intelligence Will Change Recruitment Practices (forbes.com)