„სამსახურში გადაწვის“ მიზეზით ბევრი თანამშრომელი უარს ამბობს მუშაობაზე და თავს ანებებს სამსახურს. ამ ტენდენციით შეშფოთებულები არიან დამსაქმებლები. FastCompany-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ დასაქმებულები სამსახურს თავს ანებებენ არა იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ უკეთესი მიზნები, უფრო მაღალი ანაზღაურება ან სწრაფი დაწინაურება, არამედ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ თავი აარიდონ სამსახურში გადაწვას და იპოვონ მოტივაცია.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული იქნა სხვადასხვა დონეზე დასაქმებული 700 ადამიანი. მათ უპასუხეს ორ შეკითხვას:
1. რა არის სამსახურში გადაწვის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები?
2. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი სამსახურში გადაწვას?
კვლევის შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ სამსახურში გადაწვის მთავარი მიზეზი არის სამუშაო დროის არასწორი განაწილება. გამოკითხულთა 63%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ გამოყოფილი სამუშაო დრო არ არის საკმარისი დავალების შესასრულებლად. სამსახურში გადაწვის განმაპირობებელ მიზეზებში ასევე სახელდება შეტყობინებებით გადაღლა, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსის დარღვევა, შეხვედრების სიჭარბე და სამუშაო დროის ხანგრძლივობა. გამოკითხულთა 23.2%-მა მიუთითა კომპანიის კულტურა, ხოლო, 22.1.% -მა ანაზღაურების ოდენობა.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი სამსახურში გადაწვას, გამოკითხულთა უმრავლესობამ ერთნაირად უპასუხა: 69.1% მიიჩნევს, რომ შესასრულებელი სამუშაოსთვის მეტი დროის გამოყოფა მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს. გარდა ამისა, სასურველია სამსახურის დროის და პირადი ცხოვრების ბალანსის შენარჩუნება, სამუშაო დღის ხანგრძლივობის და შეხვედრების რაოდენობის შემცირება. გამოკითხულთა მხოლოდ 24.5% თვლის, რომ მათ დაეხმარებათ კომპანიის კულტურის გაუმჯობესება, ხოლო 30.5% უთითებს ხელფასის ზრდაზე.
კვლევამ ცხადად აჩვენა, რომ თანამშრომლები სამსახურს თავს ანებებენ იმიტომ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მოქნილი განრიგი, რომელიც საშუალებას მისცემს უფრო მეტად იყვნენ კონცენტრირებული შესასრულებელ დავალებაზე. ამისთვის სჭირდებათ ნაკლები შეხვედრები და ნაკლები ქაოსი.
საბედნიეროდ, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება. თუმცა, დამსაქმებელებს მოუწევთ მთელი რიგი ცვლილებების გატარება. ამ საკითხზე მუშაობისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ 5 სტრატეგია, რომელიც ეფექტურად დაგეგმავს დასაქმებულების სამუშაო კვირას, დააბალანსებს მათ სამსახურს და პირად ცხოვრებას და თავიდან აგარიდებთ სამსახურში გადაწვას:
1. შეხვედრები ჩაატარეთ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო დროში
სამუშაო დღის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრეთ დრო შეხვედრებისთვის და შეხვედრები მხოლოდ ამ პერიოდში ჩაატარეთ. ეს შეამცირებს შეხვედრების ხანგრძლივობას და საბოლოოდ, თავად შეხვედრების რაოდენობასაც. მაგალითად, შეგიძლიათ განსაზღვროთ 4-დან 6 საათამდე შუალედი, როდესაც შეიძლება შეხვედრის დანიშვნა. სამუშაო დღის დანარჩენი დროის განმავლობაში კი თანამშრომლებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეადგინონ საკუთარი განრიგები, გადაანაწილონ სამუშაო დრო და იმუშავონ პრიორიტეტულ დავალებებზე.
2. მიუთითეთ თქვენი სტატუსი ელექტრონული კომუნიკაციისას
ელექტრონული კომუნიკაციის დროს, შესაძლებელია თანამშრომლებს არასამუშაო დროს ან ისეთ დროს ეკონტაქტებოდეთ, როდესაც ისინი არ არიან ხელმისაწვდომი. მოუწოდეთ დასაქმებულებს მიუთითონ როდის არიან ხელმისაწვდომი და როდის არა, არასამუშაო საათებში კი დააყენონ Do not disturb სტატუსი.
3. გამოყავით დრო რუტინული და ერთჯერადი დავალებებისთვის
სამსახურში გადაწვის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია შეხვედრებისთვის დროის განსაზღვრასთან ერთად, ცალკე გამოყოთ დრო რუტინული დავალებებისთვის. თანამშრომლები არ უნდა ფიქრობდნენ, რომ სამსახურში შესასრულებელი დავალებები მათი „ვალია“, რომელიც კვირის ბოლომდე უნდა „გაისტუმრონ“ და მხოლოდ ამის შემდეგ, დასვენების დღეებში ან საღამოს შეუძლიათ დაკავდნენ „ნამდვილი ცხოვრებით“. სამუშაო დღის განმავლობაში გამოყავით 2-3 საათიანი პერიოდი, ერთჯერადი დავალებების და რუტინული სამუშოს შესასრულებლად.
4. სამუშაო დროის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ დასაქმებულთა პირადი საჭიროებები
ხშირად დასაქმებულები ორი კალენდრით ხელმძღვანელობენ, ერთი მათგანი სამსახურს ეკუთვნის და მოიცავს სამსახურთან დაკავშირებულ პროფესიულ გეგმებს, ხოლო მეორე - ოჯახურ ვალდებულებებს, ექიმთან ვიზიტებს და ა.შ. თქვენი გუნდის სამუშაო დროის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ მათი პირადი საჭიროებები. ამ პირობის დაცვა აუცილებელია რათა უზრუნველყოთ თანამშრომლების სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი.
5. სამუშაო გეგმა უნდა ასახავდეს ნამდვილ პრიორიტეტებს
სამუშაო გეგმაში ასახეთ კომპანიისთვის პრიორიტეტული დავალებები. დასაქმებულებისთვის შეთავაზებული სამუშაო განრიგი არ უნდა იყოს ერთმანეთთან დაუკავშირებელი შეხვედრები. სამუშაო გეგმა უნდა იყოს გზამკვლევი, რომელიც ცხადად აჩვენებს რა გზას უნდა მიჰყვეს თანამშრომელი სამსახურში და სამსახურს გარეთ. სამუშაო გეგმამ უნდა ასახოს დასაქმებულის პირადი და პროფესიული საჭიროებები.
წყარო - Unspoken factors that lead to burnout (fastcompany.com)