გასულ ათწლეულებში, დასაქმებულების მოტივაციისთვის მხოლოდ ფინანსური ბენეფიტები გამოიყენებოდა, მაგალითად, ანაზღაურების მატება, დაწინაურება, ბონუსები და სხვა. თანამედროვე მიდგომები განსხვავდება, დღეს დამსაქმებლებმა იციან, რომ სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებით შეიძლება ჩართულობის გაზრდა, ასევე განსხვავებულია ამ ბენეფიტების გავლენა თანამშრომლის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
Forbes გვიზიარებს ფორბსის ქოუჩების 10 რჩევას, თუ რა გზებით შეიძლება თანამშრომლების წახალისება:
1. კორპორატიული კულტურა;
თანამშრომლებისთვის გრძელვადიანი მოტივაციისთვის ერთჯერადი ბენეფიტი საკმარისი არ არის. დასაქმებული მუდმივად ჩართულია სამუშაო პროცესში, როდესაც კომპანიის კორპორატიული კულტურა მას სთავაზობს ნდობას, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემას. ამ სამი კომპონენტის გაერთიანებით მიიღებთ გარემოს, სადაც ფინანსური ბენეფიტი დამატებითი ბონუსი იქნება უკვე ჩართული და აქტიური დასაქმებულისთვის.
2. აღიარება ბონუსებზე მნიშვნელოვანია;
ტრადიციულად, ბენეფიტზე ფიქრისას მხოლოდ ფინანსურ ბონუსებზე ვფიქრობთ. ბენეფიტების განსაზღვრისას დაფიქრდით რა აძლევს დასაქმებულებს საქმის კეთების მოტივაციას. დასაქმებულის წახალისების ყველაზე მდგრადი და ეკონიმიური გზა პოზიტიური აღიარებაა. დასაქმებულისთვის ხშირად ბონუსზე არანაკლებ მნიშვნელოვანიადაფასების შეგრძნება.
3. პერსონალიზირებული დამოკიდებულება;
ხშირად, ადამიანები, რომლებიც დიდ კომპანიებში მუშაობენ სამსახურისგან ელოდებიან სტაბილურობას, ბენეფიტებს და სტატუსს. დამატებითი წამახალისებელი ბენეფიტები მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ადამიანები ანაზღაურებით კმაყოფილები არიან. თუ დასაქმებული ყურადღებას სტატუსს აქცევს, წამახალისებელი აქტივობები მოარგეთ მის სურვილებს.
4. მნიშვნელოვან საქმეებზე მუშაობა;
ადამიანის მუშაობის განწყობის შესაქმნელად საუკეთესო წახალისება, მნიშვნელოვანი საქმის კეთებაა. ყოველთვის განსაზღვრეთ შესასრულებელი საქმის მისია და ვალდებულებები. ბენეფიტები დაუკავშირეთ შესასრულებელ საქმეს და სასურველ შედეგებს, შეიმუშავეთ დასაქმებულების წახალისების იმგვარი გზები, რომლებიც რთულ პერიოდში დაეხმარებათ განწყობის შენარჩუნებაში.
5. გუნდზე მორგებული ბენეფიტები;
ბენეფიტი ნებისმიერ კომპანიაში თანამშრომლების მოტივირების საუკეთესო გზაა. მთავარია, რომელი ტიპის ბენეფიტს იყენებს კომპანია. ჩაატარეთ კვლევა თანამშრომლებს შორის და განსაზღვრეთ რისი მიღება სურთ დასაქმებულებს კომპანიისგან. კვლევის შედეგების შესაბამისად შერჩეული ბენეფიტის შეთავაზება გაზრდის დასაქმებულების კმაყოფილებას.
6. ბენეფიტები პრობლემის მოკლე ვადიანი გადაწყვეტაა;
წახალისება თანამშრომლებს დადებით განწყობაზე აყენებს, თუმცა, პრობლემა ისაა, რომ გრძნობები მილევადია. ბენეფიტი, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურთან, არ აქვს გავლენა კომპანიაზე, როგორც წესი პრობლემის მხოლოდ მოკლე ვადიანი გადაწყვეტაა. დასაქმებულების ჩართულობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია გესმოდეთ თითოეული მათგანის მოტივაცია და ამ მოტივაციის შესაბამისად შესთავაზოთ განსხვავებული ბენეფიტები.
7. ბენეფიტი უნდა იყოს მიღწევების აღიარება;
ეფექტურად მუშაობისთვის ბენეფიტების გაცემის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, დასაქმებულებმა უნდა იცოდეს რომელი კონკრეტული ქმედებისთვის, გეგმის შესრულებისთვის შეიძლება მიიღონ კომპანიისგან წამახალისებელი ბენეფიტი. დასაქმებულებისთვის ტრენინგების და სხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება კარგი გზაა იმისთვის, რომ მისცეთ ყოველდღიური რუტინისგან მოწყვეტის შესაძლებლობა და ამავდროულად, დაეხმაროთ მათი ცოდნის გაუმჯობესებაში, მისცეთ საშუალება უფრო ღირებული გახდნენ კომპანიისთვის.
8. ბენეფიტი დაუკავშირეთ დასაქმებულის მიზნებს;
წამახალისებელი აქტივობა პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს დასაქმებულის მიზანს. მიეცით მათ მეტი შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი თავი, მიეცით მეტი დრო და რესურსი დანერგონ სასურველი ცვლილებები. ამ პიროვნული კავშირის არსებობის გარეშე ბენეფიტი მხოლოდ ფულია, რომელიც ნაკლებად გარდაიქმნება სასურველ შედეგებში.
9. საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ბენეფიტები;
კომპანიაში განსაზღვრეთ საერთო ღირებულებები და ახალი ტალანტების დაქირავებისას, შეარჩიეთ კანდიდატები, რომლებიც იზიარებენ ამ ღირებულებებს. ცხადია, ვერ გექნებათ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მორგებული და საერთო ღირებულებები, თუმცა, ადამიანების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია ოჯახი, მოქნილი დრო, აღიარება და ა.შ. შექმენით ბენეფიტები, რომლებიც ამ ღირებულებებს წაახალისებს.
10. განსაზღვრეთ ბენეფიტების ემოციური გავლენა;
ფინანსური ბენეფიტები განსაკუთრებით პოპულარული იყო ინდუსტრიულ ხანაში. სოციალურ ხანაში, ადამიანებისთვის არანაკლებ მნიშნელოვანია კომპანიის მიზნებთან და ღირებულებებთან თავსებადობა, შეგრძნება, რომ მათ მიერ შესრულებული საქმე საზოგადოებრივ კეთილდღეობას ემსახურება. ბენეფიტების დაგეგმვისას გაითვალისწინეთ სწორედ ეს ემოციური დამოკიდებულება.
წყარო - https://www.forbes.com/sites/forbescoachescouncil/2017/03/01/10-tips-for-an-incentive-program-that-goes-beyond-compensation/?sh=58bfbb387c58&fbclid=IwAR3QGPL15DJzFI_aENkZrjeZoEplV6h2TP1xEF8w_Gtcab2HDRvPoAtNQVU