თუ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ თანამშრომლები ოფისში დააბრუნოთ და მათ დასარწმუნებლად ეძებთ ოფისიდან მუშაობის უპირატესობის არგუმენტებს, შეგიძლიათ თანამშრომლებს გაუზიაროთ პიქსარის 4 მილიარდიანი ლანჩის მაგალითი.
ანიმაციური ფილმის, Wall-e-ის, რეჟისორი ენდრიუ სტენტონი იხსენებს ერთ-ერთ ლანჩს მის კოლეგებთან, რომელიც 1994 წლის ზაფხულში მოხდა. ამ პერიოდისთვის უკვე სრულდებოდა Toy Story (სათამაშოების ისტორია) და პიქსარს სჭირდებოდა ახალი წარმატებული პროექტი. ლანჩზე შეკრებილმა რეჟისორებმა სხვადასხვა იდეები განიხილეს და საბოლოოდ ახალი მულტფილმების იდეებზე შეთანხმდნენ. ეს მულტფილმები იყო A Bugs Life (მწერის ცხოვრება), Monsters Inc. (მონსტრების კორპორაცია), Finding Nemo (ნემოს ძიებაში) და Wall-e (ვოლლ-ი).
ლანჩის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა:
- A Bugs Life (მწერის ცხოვრება) ეკრანებზე გამოვიდა 1998 წელს და შემოსავალმა შეადგინა 363 მილიონი დოლარი;
- Monsters Inc. (მონსტრების კორპორაცია) ეკრანებზე გამოვიდა 2001 წელს და შემოსავალმა შეადგინა 529 მილიონი დოლარი;
- Finding Nemo (ნემოს ძიებაში) ეკრანებზე გამოვიდა 2001 წელს და შემოსავალმა შეადგინა 871 მილიონი დოლარი;
- Wall-e (ვოლლ-ი) ეკრანებზე გამოვიდა 2008 წელს და შემოსავალმა შეადგინა 521 მილიონი დოლარი;
მართალია, ეს ლანჩი ადგილობრივ რესტორანში გაიმართა და არა პიქსარის ოფისში, თუმცა, პიქსარის საოფისე სივრცე ცნობილია სტივ ჯობსის მიერ დანერგილი ინოვაციური მიდგომებით. ჯობსის ინიციატივით პიქსარმა ოფისი გადააკეთა საერთო სამუშაო სივრცედ, სადაც ანიმატორები, რედაქტორები და აღმასრულებელი დირექტორები სხვადასხვა შენობების ნაცვლად ერთ ჭერქვეშ მუშაობდნენ. ჯობსი ამგვარი განაწილებით იმედოვნებდა, რომ სხვადასხვა პოზიციის მქონე თანამშრომლების შემთხვევითი შეხვედრები დიადი იდეების დასაწყისი გახდებოდა. შესაძლოა ასე მოხდა კიდეც.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით დაადგინდა, რომ როდესაც ადამიანები ტრადიციული ოფისებიდან ღია სივრცის ოფისებში გადადიან, ისინი არ ატარებენ ერთად უფრო მეტ დროს. ამგვარ შემთხვევაში, პირისპირ შეხვედრებზე მეტად თანამშრომლები უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ ფოსტას და კომუნიკაციის სხვა ვირტუალურ საშუალებებს.
თანამშრომლების წარმატებული გუნდური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია არა მათი შეხვედრების სიხშირე, არამედ შეხვედრების დატვირთულობა. Academy of Management-ის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტური გუნდები ერთმანეთთან გამუდმებით არ ურთიერთობენ. ამის ნაცვლად ისინი საათებს და შეიძლება დღეებსაც კი ატარებენ საკუთარი დავალებების შესრულებაში და დროდადრო, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების შესაბამისად ურთიერთობენ ერთმანეთთან. ზუსტად ისე, როგორც ეს პიქსარის გუნდის რეჟისორებმა გააკეთეს ზაფხულის ლანჩზე.
საუკეთესო შემთხვევაში, აჯობებს თანამშრომლებმა იმუშავონ იმ ადგილიდან, საიდანაც ყველაზე კარგად მუშაობენ, თუმცა, თუ მათ ოფისში დასაბრუნებლად მყარი არგუმენტი გჭირდებათ, გახსოვდეთ პიქსარი და 4 მილიარდიანი ლანჩი.
წყარო: https://www.inc.com/jeff-haden/remote-work-return-to-office.html