დამატებითი სამუშაო, ორი ან მეტი სამსახური, ბევრი ადამიანის გამოცდილებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ორ და მეტ სამსახურში მუშობის პრაქტიკა პანდემიის პერიოდში ძალიან გავრცელდა, ამ პრაქტიკის არსებობის მიზეზი პანდემია არ არის და აი, რატომ: დამატებითი სამუშაო, ინგლისურად hustle job, 2017 წლიდან გაჩნდა ისეთ ქვეყნებში სადაც მისი გაჩენის ობიექტური საჭიროება არსებობდა:დამატებითი შემოსავლის მიღება ან გამომუშავება.
2011 წლიდან, ბიზნეს გამოცემები და გავლენიანი საკონსულტაციო ორგანიზაციები წერდნენ, რომ დაიწყო სამუშაოების „უბერიზაცია“ , რომელსაც მოგვიანებით კიდევ ერთი საინტერესო ტერმინი წამოეწია ‘გიგ ვორკერი“ (gig worker), რომელიც მუშაობს მაშინ, როდესაც აპლიკაციაზე გააქტიურებს მუშაობის სურვილის ღილაკს. ასეთ სამუშოებად მოიაზრება საკურიერო და მიტანის ბიზნესები, ავტომანქანის გაზიარების ბიზნესი („ბოლტი“, „უბერი“). 2017 წლიდან, სამუშაოების „უბერიზაცია“ მართლაც გავრცელდა და მიტანის გარდა, დამატებით სამუშაოს შესრულება შესაძლებელი გახდა ოფისიდან, სახლიდან, კაფიდან და რაც მთავარია, საკუთარი კომპიუტერიდან.
2018 წელს, დამატებითი სამუშაო ჰქონდა შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ინდოეთის, პორტუგალიის მილენიალების უმეტესობას (35-44%). 2019 წლიდან კი მილენიალებს Gen Z-ც შეუერთდა და დელოიტის 2023 წლის კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მილენიალების 39% და Gen Z -ის 49% დამატებითი სამუშო აქვს. იმავე კვლევის მიხედვით, დამატებით სამუშაოზე უფრო მეტი კაცი მუშობს (52%) ვიდრე ქალი; 2022-2023 წლებში, დამატებითი სამუშაოს შესრულების მთავარ მიზეზებად სახელდება ინფლაცია და ცხოვრების გაზრდილი ხარჯები.
‘ფრილენსერად მუშობა’ ჩვენთან გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც ზუსტად შეესაბამება ინგლისურ hustle job-ს, იგივე დამატებით სამუშაოს შესრულებას. თუმცა, ფრილენსერი შინაარსით მაინც განსხვავდება, უფრო მეტად გულისხმობს თვითადასაქმებულობას და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ფრილენსერს ორი ან სამი მიმდინარე სამუშაოც ჰქონდეს. ყველა ის ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ერთ ორგანიზაციაში და საკუთარი სურვილით დამატებით სამუშაოსაც ასრულებს, საკუთარ თავს ‘ფრილენსერად“ მოიაზრებს.
2022 წლიდან, პროფესიულ ქსელში,LinkedIn, ბევრი ფრილენსერი გამოჩნდა. 2021 წლიდან, თვითონ LinkedIn -ზე გაჩნდა შესაძლებლობა მომხარებელს საკუთარ პროფილზე მიეთითებინა “freelancer” და მოენიშნა, რომ მას მხოლოდ „ფრილენსერად“ მუშაობა სურს. 2022 წელს, LinkedIn ის მონაცემებით, პლატფორმაზე 2.4 მლნ ფრილენსერი იყო დარეგისტრირებული. ვივარაუდოთ, დღეს ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნება, რადგან უამრავი მომხმარებელია, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, თუმცა იქვე მითითებულიც აქვს, რომ ფრილენსერია. ასეთი „ჰიბრიდული“ მომხარებელი ძალიან გახშირდა რეკრუტინგის, HR, PR, პროექტების მართვის, ტექნოლოგიების, ციფრული მარკეტინგის, ფინანსების, კონტენტ მენეჯმენტის და სხვ მიმართულებებით. თუმცა, პირველი პროფესიები, რომლებიც ორ და მეტ სამსახურში მუშაობდნენ, ჩვენი ქვეყნისთვის შემდეგია: 1) ციფრული მარკეტინგის პროფესიები; 2) იტ და ტექნოლოგიები; 3) ბუღალტერია; 4) იურიდიული მომსახურება.
რატომ გაჩნდა და იზრდება ორ და მეტ სამსახურში მუშაობის სურვილი კვლევებისა და დაკვირვების ობიექტია. როგორც ვახსენეთ, უბერიზაცია დაწყებულია, საკუთარი ავტომობილის გაზიარების გარდა, მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებს ორ და მეტ კომპანიას. თუმცა, დამატებითი სამსახურის მიზეზები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.
ვინაიდან დამატებითი სამუშაოს თუ ფრილენსერობის სურვილი ადგილობრივ ტალანტების ბაზარზეც მზარდია, ჩვენი კვლევა დაგვეხმარა მოგვეძებნა პასუხები, რატომ იზრდება ორ და მეტ სამსახურში მუშაობის სურვილი.ჩვენი კვლევის დახმარებით, გამოვკითხეთ 452 ადამიანი, საიდანაც 322 ადამიანს ახლაც აქვს დამატებითი სამუშო და თანც, დასაქმებულია სრული განაკვეთით.
დამატებითი სამუშაო უფრო მეტად აქვთ 35-44 წ ასაკობრივ (43%) და 25-34 წ. ასაკობრივ ჯგუფებს (40%). ჩვენი რესპოდენტების მიხედვით, მილენიალებისა და Gen Z ის გარდა, „იქსენიალებიც“ მუშაობენ დამატებით სამუშაოებზე. საინტერესო კი გენდერული განაწილებაა და დელოიტის კვლევისგან განსხვავებით, დამატებით სამუშოებს უფრო მეტად ქალები ასრულებენ (76%).
დამატებითი სამუშაოს შემსრულებლების გენდერული დისბალანსის მიზეზად შეგვიძლია მოვიაზროთ ქალების შედარებით ნაკლები ანაზღაურება, რაც მსოფლიოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს და საქსტატის 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ქალების ანაზღაურება, საშუალოდ, 711 ლარით ჩამორჩება კაცების ანაზღაურებას. ამას გარდა, ქალების მიერ დამატებითი სამუშოს შესრულების მოტივაციაზე მოქმედებს მოწყვლადობის მაღალი მაჩვენებელიც განვითარების, სწავლის, ან თუნდაც მუდმივი შემოსავლის შენარჩუნების თვალსაზრისით.
მოცემული კვლევის მონაცემებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალებს უფრო მეტი რესურსიც აქვთ შეასრულონ დამატებითი სამუშაო, რადგან „შუშის ჭერის“ გავლენით, ქალები უფრო ნაკლებად მონაწილეობენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ვიდრე კაცები.
დამატებითი სამუშოს შესრულებით მიღებული ანაზღაურებით კმაყოფილია რესპოდენტების 33%, ხოლო 38% აფიქსირებს, რომ დამატებითი სამუშაოს ანაზღაურება საშუალოა, მაგრამ კმაყოფილია; რესპოდენტების მხოლოდ 11.7 % აფიქსირებს, რომ ასეთი სამუშაოთი მიღებული ანაზღაურებით ძალიან კმაყოფილია.
ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუნდაც სასურველი ანაზღაურების მიღების მიზნით და კომპანიების მხრიდან კი „ბიუჯეტური“ დაქირავების მიზნით, ‘ფრილენსერად“ დაქირავებისა და დასაქმების პრაქტიკა კიდევ უფრო გავრცელდება და არა მხოლოდ ანაზღაურების გამო. როგორც ჩვენი რესპოდენტების პასუხები მიუთითებს, ახალი ცოდნისა თუ უნარების განვითარება, საინტერესო სამუშოების შესრულება, დამატებითი სამუშაოს ერთ-ერთი მძლავრი მოტივატორია. ეს მოტივაცია გაცილებით ხელსაყრელია კომპანიებისთვის, რადგან შესაძლებლობას ქმნის, დაიქირავოს მრავალმხრივი უნარების თანამშრომელი შედარებით ნაკლებ ანაზღაურებად და კონკრეტული ვადით.
როგორც რესპოდენტების პასუხები მიუთითებს, ისინი დამატებითი სამუშაოს შესასრილებლად პირად დროს იყენებენ, მუშაობენ ძირითადი სამუშაოს დასრულების შემდეგ და/ან უქმეებზე. 452 რესპოდენტიდან 39 % კვირის განმავლობაში 5-10 სთ ხარჯავს დამატებითი სამუშაოს შესრულებაში, ხოლო 35% ს კი 5 საათზე ნაკლებიც კი სჭირდება. დროის ფაქტორი ერთადერთი მნიშვნელოვანი ნეგატიური კომპონენტია დამატებითი სამუშაოს შემსრულებლებისთვის, რადგან ეს მათი პირადი დროის ხარჯზე ხდება, მაგრამ სამუშაოს შემსრულებლის მიერ სრულად რეგულირებადი და მართვადია, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს სძენს „ფრილენსერობის“ ასეთ პრატიკას- სურვილისა და საჭიროების მიხედვით მუშაობა, გარდა ძირითადი დასაქმებისა.
კვლევის რესპოდენტების უმეტესობას დამატებითი სამუშაო აქვს პროექტების მართვაში (41%), ციფრულ მარკეტინგში (20%), ფინანსებისა (16%) და HR სფეროში (15%).
ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, „ფრილენსერად“ მუშაობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. სიახლეს კი HR სფერო წარმოადგენს, სადაც ცალკე მიმართულებად და საქმიანობად გამოიკვეთა რეკრუტერობა. ამის მიზეზი კი სამუშო ძალის დეფიციტი და დაქირავების სირთულეა.
ძალიან გაიზარდა მოთხოვნა რეკრუტერებზე; გაიზარდა მოთხოვნა HR მენეჯერებზეც კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამოც (დასწრების აღრიცხვა, სახელშეკრულებო ურთიერთობები, შრომის უსაფრთხოება). ამას გარდა, გაიზარდა საერთაშორისო და დისტანციური დასაქმებაც იგივე რეკრუტინგისა და HR მიმართულებით, რამაც დამატებითი სამუშაოს შესრულების მოტივაცია კიდევ უფრო წაახალისა ამ სფეროში.
გაიზრდება თუ არა ორი და მეტ სამსახურში მუშაობის სურვილი? რესპოდენტების პასუხების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებლად გაიზრდება, რადგან მათი გამოცდილება უფრო მეტად პოზიტიურია და რესპოდენტების 91 % კვლავ გეგმავს ასეთი ფორმატით მუშაობას.
კვლევის მონაცემების მიხედვით, დამატებითი სამუშაოს შესრულების მზარდ ტენდენციას საინტერესო გამოწვევების შექმნა შუძლია ორგანიზაციებისა და დასაქმების ტრადიციული ფორმატისთვის. ამ გამოწვევების დინამიკა კი ნელნელა უფრო მკაფიოდ ჩნდება- ერთ ორგანიზაციაში და სრულ განაკვეთზე დასაქმება ბევრი ადამიანისთვის უფრო და უფრო ნაკლებად საინტერესო ხდება, მილენიალი იქნება თუ Gen Z. ეს გამოწვევა კი შესაძლებლობად ისევ ორგანიზაციებმა აქციეს და ამაზე მიუთითებს კვლევის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც 392 ადამიანი სრულ განაკვეთზეა დასაქმებული და აქედან, 92 %-ს ახლაც აქვს დამატებითი სამუშაო. გადაღლა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი, ჩართულობის შემცირება, ტალანტების შენარჩუნება, ლიდერების განვითარება- ეს ის მიმართულებებია, სადაც „ფრილენსერად“ მუშობა შექნის გამოწვევებს, რომელიც ორგანიზაციებისგან მოითხოვს თანამშრომლების გამოცდილების შესწავლას, უფრო მეტ ანალიტიკას და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი თანამშრომლობის ფორმაზე დაფიქრებას.