გასულ წელს ბევრმა დასაქმებულმა დატოვა სამსახური, თუმცა, დღეს ისინი მზად არიან დაბრუნდნენ ძველ კომპანიაში და პოზიციაზე. LinkedIn-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბუმერანგი თანამშრომლების რაოდენობა 2010 წლის შემდეგ გაორმაგდა.
კომპანია iCIMS-მ ახალი კვლევის ფარგლებში გამოკითხა ამერიკელი და ბრიტანელი დასაქმებულები, რომლებიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში წავიდნენ სამსახურიდან, თუმცა, გამოთქვამენ უკან დაბრუნების სურვილს. ბუმერანგის ტრენდის გათვალისწინებით, iCIMS გვიზიარებს სამ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც მენეჯერებმა უნდა გაითვალისწინონ ძველი თანამშრომლის კომპანიაში დაბრუნებამდე:
1. გაარკვიეთ სამსახურიდან წასვლის თავდაპირველი მიზეზი;
გაარკვიეთ, რატომ წავიდა დასაქმებული კომპანიიდან და რატომ უნდა მას სამსახურში დაბრუნება. ამ მიზეზების გარკვევა დაგეხმარებათ მათი სამომავლო მიზნების იდენტიფიცირებაში. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ კომპანიის ბიზნეს გეგმები და მათი სამომავლო მიზნები ერთმანეთთან შესაბამისობაშია.
გასულ წელს თანამშრომლების შესანარჩუნებლად კომპანიებს დიდი და მნიშვნელოვანი დაპირებების გაცემა მოუწიათ. დღეს კომპანიების ზრდის ტემპი შენელებულია და ორგანიზაციებმა უფრო ფრთხილად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. თანამშრომლის დაბრუნება კარგია, თუმცა, კანდიდატის დაქირავებისას აუცილებლად უნდა შეაფასოთ რამდენად სწორია იმ თანამშრომლის დაქირავება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ მისთვის კარგად ნაცნობ, კომფორტულ გარემოს და პოზიციას ეძებს.
კანდიდატს ესაუბრეთ ღიად და გულახდილად, მოისმინეთ მათი კარიერული მოლოდინები. ამგვარი გასაუბრება დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ მათი როლი თქვენს კომპანიაში და იყოთ კარგი დამსაქმებელი.
კომპანია მრავალფეროვანი გუნდების ერთობლიობაა. გაიაზრეთ ცალკეული გუნდების, მისი წევრების ადგილი, რა ამოძრავებთ და აწუხებთ მათ, რატომ ირჩევენ კონკრეტული გუნდის წევრები მათი კარიერული ზრდისთვის თქვენს კომპანიას, რატომ მიდიან ისინი კომპანიიდან, რა მიზნები და გეგმები აქვთ. ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, დაგეხმარებათ ბუმერანგი თანამშრომლების დაქირავების პროცესში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
2. გაარკვიეთ რა გამოცდილება შეიძინა კანდიდატმა თქვენი კომპანიიდან წასვლის შემდეგ;
კანდიდატთან გასაუბრების პროცესში აუცილებლად გამოიკითხეთ რა გამოცდილება შეიძინა კანდიდატმა თქვენი კომპანიიდან წასვლის შემდეგ. ეს ცოდნა დაგეხმარებათ განსაზღვროთ აქვს თუ არა კანდიდატს კომპანიაში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარები.
ბუმერანგი თანამშრომლის კომპანიაში დაბრუნება მომგებიანი უნდა იყოს როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის. სამსახურის მაძიებლები, რომლებიც მუდმივად იზრდებიან პროფესიულად, სწავლობენ და განაგრძობენ განვითარებას, თავს გამოიჩენენ კომპანიაში დაბრუნების შემდეგაც. თუ ბუმერანგი კანდიდატი კარიერულად გაიზარდა კომპანიიდან წასვლის შემდეგ, ნიშნავს, რომ ეს ადამიანი შრომისმოყვარეა, მუდამ სიახლეებს ეძებს და ის აქტიურად ჩაებმება სამუშაო პროცესში უკან დაბრუნებისთანავე.
3. დარწმუნდით, რომ კომპანიის და ბუმერანგი კანდიდატის მიზნები შეესაბამება ერთმანეთს;
არ აქვს მნიშვნელობა ბუმერანგი კანდიდატი უკვე დიდი ხანია წასულია, თუ სულ რამდენიმე თვე გავიდა მისი წასვლიდან. მისი წასვლის შემდეგ, შესაძლოა კომპანიაში შეიცვალა მიდგომები და კორპორატიული კულტურა. მენეჯერმა გასაუბრებისას უნდა აუხსნას კანდიდატს კომპანიაში განხორციელებული ცვლილებები, უნდა დარწმუნდეს, რომ კომპანიის სამომავლო გეგმები და კანდიდატის მიზნები თანხვედრაშია ერთმანეთთან.
პანდემიის შემდგომ მსოფლიოში განსაკუთრებით რთული ბიზნეს გარემო ჩამოყალიბდა. ორგანიზაციებს სჭირდებათ დრო ახალი, დროზე მორგებული სტრუქტურული მიდგომების შესამუშვებლად. კომპანიებმა თავიდან, ახლებურად უნდა განსაზღვრონ პოლიტიკა და უზრუნველყონ, რომ დასაქმებულებმა იცოდნენ, თუ რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები. თანამშრომლების აქტიურობა და ჩართულობა მცირდება იმ კომპანიებში, რომლებიც ცხადად არ წარუდგენენ დასაქმებულებს კომპანიის მოთხოვნებს, მიზნების, გეგმებს და მოლოდინებს.
ბუმერანგ თანამშრომლებს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილების შეთავაზება შეუძლიათ კომპანიისთვის. მთავარია გახსოვდეთ, რომ თქვენი ბიზნესის სამომავლო ზრდა და კანდიდატის გეგმების შესაბამისობა კრიტიკულად მნიშნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
წყარო - 3 Things to Seriously Consider Before Hiring Back a 'Boomerang' Employee | Inc.com