რეალობა ამგვარია - ასაკის მატებასთან ერთად, რთული ხდება ახალი მეგობრების შეძენა. ეს ბუნებრივი პროცესია სამსახურში თუ სამსახურს გარეთ. გაზრდასთან ერთად იზრდება დაკისრებული პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, დროს სხვადასხვა მიზნებისთვის ვიყენებთ და შესაბამისად, უფრო ნაკლები დრო გვრჩება ირგვლივ მყოფი ადამიანების ახლოს გასაცნობად.
ახალ ადამიანებთან დამეგობრებას და შემდეგ მეგობრობის შენარჩუნებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. კვლევებით დასტურდება, რომ სამსახურში მეგობრის ყოლა აუმჯობესებს გუნდური მუშაობის უნარს, ადამიანები ხდებიან უფრო კრეატიულები, პროდუქტიულები და უფრო მეტად ბედნიერები სამსახურში.
ადამიანები დროის უდიდეს ნაწილს ყოველდღიურად სამსახურში ვატარებთ. ცხადია, უფრო სასიამოვნოა მუშაობა, როდესაც სამსახურში გყავს ადამიანი, ვისან ერთად მუშაობაც სახალისო და სასიამოვნოა. როგორ შეიძლება სამსახურში ან პროფესიულ ინდუსტრიაში ნამდვილი მეგობრების პოვნა და მჭიდრო კავშირების დამყარება?
დამეგობრების ფორმულა შეიძლება ზედმეტად მარტივად ჩანდეს, თუმცა მეგობრების შეძენა დიდწილად თქვენს მზაობაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული. არ დაელოდოთ ვინმეს, რომ ის გადმოდგამს პირველ ნაბიჯს. გამოიჩინეთ ინიციატივა, დაურეკეთ თანამშრომელს, მოიკითხეთ, შესთავაზეთ ერთად ლანჩზე გასვლა, დაგეგმეთ მათთან ერთად დროის გატარება. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ერთმანეთს მარტივად გაუგებთ, მეგობრობის შემდეგი ეტაპები თავისით მოვა.
შეიძლება ყველა თანამშრომელს უცებ ვერ დაუმეგობრდეთ, მთავარია მცდელობა კვლავ გაიმეოროთ, იპოვოთ საერთო ინტერესები თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან და აუცილებლად იპოვით საუკეთესო მეგობარს სამსახურში.