კომპანიისთვის საუკეთესო ტალანტის შესარჩევად ბევრი განსხვავებული მიდგომა არსებობს. შეგიძლიათ დაიწყოთ სამუშაო აღწერილობითდა მაქსიმალურად დეტალურად განსაზღვროთ პირობები, მიმართოთ დახმარებისთვის რეკრუტერს, წინასწარ შეიმუშავოთ კითხვები გასაუბრებისთვის, რაც დაგეხმარებათ გასაუბრებაზე მაქსიმალურად გამოავლინოთ კანდიდატის ყველა სისუსტე და ძლიერი მხარე. ამ ტექნიკების გარდა არსებობს კიდევ ერთი „საიდუმლო“ კრიტერიუმი, რომელსაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ შერჩევისას, თუმცა სწორედ ეს კრიტერიუმი დაგეხმარებათ ყოველთვის სწორი და გუნდისთვის საჭირო კანდიდატის შერჩევაში. ეს კრიტერიუმია - ადამიანის ხასიათი, მისი პიროვნული თვისებები.
პიროვნულ თვისებებზე საუბრისას, არ იგულისხმება, რომ ყველა ვაკანტურ პოზიციაზე უნდა აიყვანოთ ერთი ტიპის, ექსტროვერტი ადამიანი, რომელიც მარტივად იქცევს ყურადღებას და შეუძლია გაამხიარულოს მსმენელები. პირიქით, ამგვარი კადრების ერთ გუნდში თავმოყრამ შეიძლება პროდუქტიულობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ადამიანის პიროვნული თვისებები უნდა შეუსაბამოთ მის პროფესიას და გუნდს. მაგალითად, თუ ვაკანტურია ბუღალტრის ან პროგრამისტის პოზიცია, არის აუცილებელი, რომ კანდიდატს უყვარდეს ბევრი ლაპარაკი, რადგან დიდი ალბათობით სამუშაოს შესრულებისას არ მოუწევთ კლიენტებთან ან მომხმარებლებთან საუბარი. არ არის აუცილებელი გუნდში ყველა ქარიზმატული ლიდერი იყოს. ეფექტური რეკრუტმენტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ კანდიდატის პიროვნული მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს გუნდს. გუნდისთვის შესაფერისი თანამშრომლის პოვნას შეუძლია ფუნდამენტური ცვლილებების გამოწვევა. ამგვარი არჩევნით თქვენ გაზრდით პროდუქტიულობას და კმაყოფილების შეგრძნებას.
როგორ უნდა განსაზღვროთ შეესაბამება თუ არა კანდიდატის პიროვნული თვისებების კომპანიას და გუნდს? შეგიძლიათ გასაუბრებას დაასწროთ ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს გუნდის და კომპანიის დინამიკას. მაგალითად, მენეჯერი, რომელიც დიდი ხანია კომპანიაში მუშაობს, იცის გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორი ადამიანი შეეწყობა არსებულ გუნდს და ვის გაუჭირდება თავის დამკვიდრება. ამგვარი ადამიანის გასაუბრებაზე ყოფნა დაგეხმარებათ შერჩევის საწყის ეტაპზევე შეაფასოთ კანდიდატის შესაბამისობა გუნდთან.
მნიშვნელოვანია, პირველ რიგში შეაფასოთ თქვენი გუნდი, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ შესაბამისი უნარების და სტილის მქონე თანამშრომლის ძიება.
წარმატების ფორმულა შემდეგია - იპოვეთ კანდიდატი, რომელსაც აქვს სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები, რომლითაც მარტივად შეეწყვება გუნდს.
წყარო - The Secret Weapon to Hiring the Right Person Every Single Time | Inc.com