მუშაობისას ყურადღების გაფანტვა ბევრ სხვადასხვა ფაქტორს შეუძლია, იქნება ეს იმეილები, უსარგებლო შეხვედრები თუ ჭორაობის მოყვარული თანამშრომლები. Unily-ის ჩატარებული კვლევის თანახმად, დასაქმებულების ნახევარს მაინც სამუშაო დღის განმავლობაში 30 წუთით ეფანტება ყურადღება. გამოკითხულთა მესამედზე მეტმა მიუთითა, რომ ყურადღება ეფანტებათ ყოველ 15 წუთში ერთხელ.
მუშაობისას ყურადღების გაფანტვით ყველაზე მეტად პროდუქტიულობა ზიანდება. Udemy-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 50% მნიშვნელოვნად ნაკლებად პროდუქტიულები არიან სამსახურში სხვადასხვა მიზეზის გამო ყურადღების გაფანტვით. ეს გასაოცარი სულაც არ არის, რადგან ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანს ყურადღების მოსაკრებად და კონცენტრირებისთვის 23 წუთი და 15 წამი სჭირდება. მუდმივი ხელშეშლა ემოციურადაც ახდენს გავლენას. იმავე კვლევის მონაწილეთა 34%-მა აღიარა, რომ ხელის შემშლელი გარემობების გამო ნაკლებად მოსწონთ საკუთარი სამსახური.
Forbes გვიზიარებს 7 რჩევას, თუ როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება მუშაობისას და თავი ავარიდოთ უსარგებლო ჩვევებს:
1. თავი აარიდეთ მულტიტასკინგს;
ბევრი ადამიანისთვის მულტიტასკინგი პროდუქტიულობასთან ასოცირდება, თუმცა ჩვენი ტვინი ამგვარად სულაც არ არის მოწყობილი. კვლევებით დასტურდება, რომ დავალებების ხშირი ცვლილება, განსაკუთრებით, თუ ეს დავალებები მოითხოვს გონებრივ სამუშაოს, საერთო პროდუქტიულობას 40%-ით ამცირებს. სანაცვლოდ, დავალებებზე იმუშავეთ ცალ-ცალკე, მთელი ყურადღება დაუთმეთ იმ ერთ დავალებას, რომელსაც ასრულებთ. ამ გზით, უკეთ შეინარჩუნებთ პროდუქტიულობას.
2. დაგეგმეთ შესვენებები;
წინასწარ დაგეგმილი შესვენებები დაგეხმარებათ პროდუქტიულობის შენარჩუნებაში. კომპიუტერს ცოტა ხნით თუ მოშორდებით, უფრო ენერგიული და მოტივირებული დაბრუნდებით უკან. შესვენება დაგეხმარებათ გადატვირთოთ გონება და მოახერხოთ ყურადღების კონცენტრირება მუშაობის დაწყებისას.
3. შეამცირეთ ხელის შემშლელი გარემობები დისტანციურად მუშაობისას;
სახლიდან მუშაობა ხელის შემშლელი გარემოებებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. წინასწარ განსაზღვრეთ სამუშაო ადგილი, სამუშაო მაგიდა. გააფრთხილეთ თქვენი ოჯახის წევრები, რომ სამუშაო საათების დროს არ შეგაწუხონ, ოთხფეხა მეგობრებისთვისაც მოიფიქრეთ სხვადასხვა გზა, როგორ არ შეგიშალონ ხელი ქოლების დროს. თუ სახლიდან მუშაობა თქვენთვის მაინც შეუძლებელია, შეგიძლიათ იმუშავოთ საერთო სივრცეებიდან.
4. სამუშაო დრო დაყავით ბლოკებად;
დროის ბლოკებად დაყოფის მეთოდით სამუშაო დღის ყოველი დრო შეუსაბამეთ კონკრეტულ დავალებას. დროის მართვის ეს ფორმა ეფექტურია, რადგან გეხმარებათ დავალებების და თქვენი რესურსების სწორად განაწილებაში. დავალებების ბლოკებად განაწილებამდე, განსაზღვრეთ მათი პრიორიტეტულობა და ამის შესაბამისად მიანიჭეთ ადგილი. მაგალითად, დილის პერიოდი შეგიძლიათ მონიშნოთ შეხვედრებისთვის და გვიანი შუადღე ადმინისტრაციული დავალებებისთვის და მეილების შემოწმებისთვის. ამ მიდგომით, თქვენი სამუშაო დღე წინასწარ უკვე დაგეგმილია და მასში ნაკლებად რჩება ადგილი ყურადღების გაფანტვისთვის.
5. შეამცირეთ უსარგებლო შეხვედრები;
კვლევებით დასტურდება, რომ უსარგებლო შეხვედრები კომპანიებს ყოველწლიურად 100 მილიონი დოლარი უჯდებათ. თუ ბევრი უსარგებლო შეხვედრის გამო მუშაობაში ხელი გეშლებათ, დასვით შემდეგი კითხვები:
- აქვს თუ არა შეხვედრებს გეგმა?
- შეიძლება თუ არა შეხვედრის ნაცვლად მეილის გაგზავნა?
- შეხვედრაზე დამსწრეების უმრავლესობა უბრალოდ უსმენს შეხვედრას თუ მონაწილეობას იღებს მასში?
ამ კითხვებზე პასუხების გაცემა დაგეხმარებათ შეამციროთ უსარგებლო შეხვედრების რაოდენობა. კალენდარში მონიშნეთ პერიოდი, როდესაც არ ხართ მზად შეხვედრებისთვის. ეს მიდგომაც დაგეხმარებათ დროის უკეთ მართვაში.
6. გამორთეთ შეტყობინებები;
ყველა მეილზე, წერილზე და მესიჯზე პასუხის რეალურ დროში გაცემა ძალიან მაცდურია. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მიდგომა პროდუქტიულობის სერიოზულ შემცირებას გამოიწვევს. გამორთეთ შეტყობინებები ყველა პლატფორმაზე. ამ შეზღუდვის მიზანია შეტყობინებები მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პერიოდში შეამოწმოთ. ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, საშუალოდ ადამიანი 144-ჯერ ამოწმებს ტელეფონში შეტყობინებებს, რაც დღეში 4 საათია. პროდუქტიულობის გასაზრდელად, შეინახეთ ტელეფონი, როდესაც მას არ იყენებთ.
7. დააწესეთ კომუნიკაციის საზღვრები კოლეგებისთვის;
იმ თანამშრომელთან კომუნიკაცია, რომელსაც მუდმივად საუბარი უნდა, უარყოფითად აისახება თქვენს პროდუქტიულობაზე. დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები. აუხსენით მას, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვთ სალაპარაკოდ, როცა ეს დრო ამოიწურება, შეახსენეთ, რომ თავისუფალი დრო აღარ გაქვთ. მნიშვნელოვანია, რომ თავადვე დაიცვათ საკუთარი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დარღვევა სხვებსაც არ გაუჭირდებათ.
წყარო - https://www.forbes.com/sites/carolinecastrillon/2024/07/28/how-to-reduce-distractions-at-work/