რამდენ მენეჯერს შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ მისი გუნდის წევრები მასთან ერთად დატოვებენ კომპანიას, თუ დამსაქმებელი მოულოდნელად შეწყვეტს თანამშრომლობას მენეჯერთან?
სწორედ ამგვარი მხარდაჭერა მიიღო 700-ზე მეტი თანამშრომლისგან სემ ალტმანმა, როდესაც ის გაათავისუფლეს Open AI-დან. თანამშრომლების ერთობლივი განცხადების შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭომ მალევე აღადგინა სემი პოზიციაზე.
ერთგულების ცნება ასოცირდება მორალურად სწორ საქციელთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უკავშირდება ოჯახს, მეგობრებს და რომანტიულ პარტნიორებს. ერთგულების ცნება სამსახურში, ტრადიციული განმარტებისგან შეიძლება განსხვავდებოდეს. სამსახურის მიმართ ერთგულებას შეიძლება განაპირობებდეს ემოციური (ვთვლი, რომ ჩემ მიერ შესრულებული საქმე დაფასებულია, ჩემს აზრებს ითვალისწინებენ, მონაწილეობას ვიღებ კომპანიის მომავლის შექმნაში), რაციონალური (მაქვს დამაკმაყოფილებელი ანაზღაურება, თავს არ ვგრძნობ გადატვირთულად) ან ორივე მიზეზი.
დამსაქმებლის ერთგული დასაქმებულები უფრო მეტ დროს და ძალისხმევას უთმობენ სამსახურს, რის შედეგადაც კომპანიაში ყალიბდება ჩართული და ეფექტური სამუშაო გარემო. იდეალურ შემთხვევაში, ისინი ერთგულების სანაცვლოდ იღებენ დაწინაურებას და ანაზღაურების ზრდას. თუმცა, ყველაფერი ასეთი იდეალური არ არის.
2021 წლის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ერთგულები არიან საკუთარი სამსახურის მიმართ, უფრო მეტი ალბათობით ჩაიდენენ არაეთიკურ საქციელს მის შესანარჩუნებლად და დამსაქმებლის დასაცავად. ნაკლებად ერთგული თანამშრომელი, შედარებით უფრო ფხიზლად დააკვირდება შეუსაბამობებს და მაგალითად, კანონდარღვევის შემთხვევაში, უფრო თამამად განაცხადებს მის შესახებ.
დამსაქმებელმა შეიძლება ერთგულება ბოროტად გამოიყენოს ცუდი საქციელის გასამართლებლად. ხშირად, კომპანიები და მმართველი მენეჯერები სარგებლობენ დასაქმებულების ერთგულებით მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
Duke University’s Fuqua School of Business-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მენეჯერები შესაძლებლობის შემთხვევაში, ბოროტად ისარგებლებენ დასაქმებულის ერთგულებით.
აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას იღებდა 1400-მდე მენეჯერი. მათ უნდა შეეფასებინათ სხვადასხვა სცენარი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 29 წლის დასაქმებული ჯონი. ჯონი სხვადასხვა სცენარში იყო დახასიათებული როგორც ერთგული, გულწრფელი ან სამართლიანი თანამშრომელი. მენეჯერების დავალება იყო, კომპანიაში ხარჯების შემცირების მიზნით, შეეთავაზებინათ დასაქმებულისთვის უფრო ხანგრძლივი სამუშაო საათები დამატებითი ანაზღაურების გადახდის გარეშე. კვლევაში მონაწილე მენეჯერები უფრო მაღალი ალბათობით ერთგულ თანამშრომელს თხოვდნენ ანაზღაურების მატების გარეშე მეტ მუშაობას. დამსაქმებლები სარგებლობენ ერთგული თანამშრომლებით, რადგან თვლიან, რომ მათთვის მთავარი ჯილდო - მუშაობაა.
დღევანდელ შრომით ბაზარზე რთულია დასაქმებულის შენარჩუნება. Gallup-ის მასშტაბური კვლევის (მონაწილეთა რაოდენობა 122’416-ს შეადგენდა) მონაწილეთა ნახევარმა მიუთითა, რომ ისინი ახალ სამსახურს ეძებდნენ. ეს დაკვირვება განსაკუთრებით შეესაბამება ახალგაზრდა თაობის ქცევას. ისინი წინა თაობისგან განსხვავებულად ფიქრობენ, არ თვლიან რომ ერთ კომპანიაში დიდხანს უნდა იმუშავონ, ისინი ნაკლებად ენდობიან მენეჯერებს და ნაკლებად ინარჩუნებენ მოთმინებას, როდესაც საქმე მათ კარიერულ განვითარებას ეხება, მათ არ სურთ გაჩუმება, თუ შედეგებს სწრაფად ვერ აღწევენ ან რამით უკმაყოფილონი არიან.
ყველა კომპანიას არ შეუძლია დასაქმებულებს შესანარჩუნებლად ფინანსური ჯილდოები შესთავაზოს. თუმცა, არსებობს არამატერიალური საშუალებები იმისთვის, რომ კომპანიამ დასაქმებულებში ერთგულების გრძნობა გააღვივოს. მაგალითად, მაგალითად, კარგად შესრულებული საქმის აღიარება, თანამშრომლების მხარდაჭერა და გაძლიერება, ტოქსიკურობის წინააღმდეგ ბრძოლა, ნათელი და მარტივი კომუნიკაცია. ამგვარი მიდგომით დასაქმებულები თავს მეტად დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნობენ.
მნიშვნელოვანია დამსაქმებლებმა პირველ რიგში საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, რამდენად დაიმსახურეს მათ თანამშრომლების ერთგულება - რატომ უნდა იყოს დასაქმებული კომპანიის ერთგული? რას აკეთებს კომპანია იმისთვის, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ კომპანიაში მუშობის საუკეთესო გამოცდილება? დასაქმებულები ხშირად უფრო მეტად
მნიშვნელოვანია დამსაქმებლებმა საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა რამდენად დაიმსახურეს მათ თანამშრომლების ერთგულება - რატომ უნდა იყოს დასაქმებული კომპანიის ერთგული? რას აკეთებს კომპანია იმისთვის, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ კომპანიაში მუშაობის საუკეთესო გამოცდილება? დასაქმებულები უფრო მეტად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, თუ იმავეს იღებენ დამსაქმებლისგან.
წყარო - Why staff loyalty is not always a good thing (ft.com)