პულსის აჩქარება, დაბნევა, წაბორძიკება და სხვ. სამუშაოს მაძიებლის ან ყოფილი მაძიებლისთვის ნაცნობი გამოცდილებაა. როგორც კი კარს შევაღებთ, მივესალმებით და ჩვენთვის განკუთვნილი სავარძლისკენ გავეშურებით, მყისიერად ინტერვიუს “მდგომარეობაში” გადავდივართ გვეწყება ღელვა, და როგორც ვამბობთ “ვნერვიულობთ”. გარდა ფიზიკური გამოვლინებისა, ინტერვიუზე “ნერვიულობის” ყველაზე დიდი ზიანია კომუნიკაციის დეფექტი, როდესაც აზრის თავმოყრა გვიჭირს და ინტერვიუერის კითხვაზე ჩვენი პასუხები მოუწესრიგებელ ინფორმაციულ ნაკადს ემსგავსება. ეს კი ყველაზე მეტად მოქმედებს ჩვენს პერფორმანსსა (ანუ ინტერვიუზე ჩვენი ქცევა და პასუხები) და შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით საუკეთესო კანდიდატი ვართ ვაკანსიაზე, მაინც ვნერვიულობთ, ვღელავთ და ვაანალიზებთ რა და როგორ ვუპასუხეთ ინტერვიუერს, რა იყო ჩვენი რეაქცია და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ დავიჯეროთ “არ ვნერვიულობთ”, ხმის ტემბრი მაინც იცვლება და ჩვენთვის უჩვეულო და მოჭარბებულ ჟესტიკულაცისაც მივმართავთ.
რატომ ვნერვიულობთ, რატომ ვღელავთ ინტერვიუზე? მიზეზები ტრივიალურია, თუმცა ამ ტრივიას გააზრებაზე ხშირად დრო არ გვაქვს და ნერვიულობას ვაგრძელებთ. რატომ ვნერვიულობთ და ამიტომ:
1. რაც არ უნდა კომფორტული გარემო დაგვხვდეს და კომუნიკაციის ღია და არაფორმალური სტილი შემოგვთავაზონ, ინტერვიუ ყოველთვის სტრესულია და ზოგჯერ თვითონ ინტერვიუერიც ღელავს (გთხოვთ დააკვირდეთ, აუცილებლად დამეთანხმებით რომ ასეა..)
2. ინტერვიუზე ჩვენი კარიერული მიღწვები უნდა შეაფასონ- არავის მოსწონს საკუთარი კარიერული მიღწევების კრიტიკულად შეფასება(კრიტიკული ნეგატიურს არ ნიშნავს, აქ საუბარია ჩვენი კარიერის შეფასებაზე ვაკანსიასთან მიმართებაში). ყველას გვეამაყება ვინც ვართ და სადაც ვართ, მაგრამ ინტერვიუზე ჩვენი შედეგები თუ მიღწევები აუცილებლად კრიტიკულად შეფასდება (ამზეც გთხოვთ დაფიქრდეთ და დააკვირდეთ ინტერვიუერის კითხვებს). ეს ღელვას აუცილებლად იწვევს
3. როგორც პიროვნება უნდა შეგვაფასონ - ვართ თუ არა ჩვენი ღირებულებებით თუ ხასიათით კომპანიისთვის საინტერესო და სასურველი, ეს პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე და ვღელავთ- გვინდა რომ კარგად შეგვაფასონ, კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ.
4. ყველა შესაძლო კითხვაზე გვინდა რომ “კარგი პასუხი” გავცეთ- არ გვინდა, რომ ჩვენზე და ჩვენს გამოცდილებაზე ნეგატიური აზრი დავტოვოთ
5. არ ვიცით რა კითხვებს დასვამენ - თუმცა, სტანდარტული კითხვები ყველგან დაგხვდება : “მოგვიყევით თქვენს შესახებ”; “რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან”, “რატომ გინდათ ჩვენთან” და სხვ, რაც ძალიან არ მომწონს და მიმაჩნია, უფრო საინტერესო კითხვებით ჯობია ინტერვიუს წარმართვა
6. არ მოგვწონს საკუთარ თავზე საუბარი- ბევრჯერ მსმენია “მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი”, ეს დაუშვებელია! საკუთარ თავზე უნდა ვისაუბროთ ინტერვიუზე, ამიტომ მიგვიწვიეს, ესაა ინტერვიუს შინაარსი.
7. არ მოგვწონს, როდესაც გვიწევს საკუთარი თავის “მიყიდვა” კომპანიაზე , თუმცა ეს ინტერვიუს ერთერთი მიზანია და ხშირად მსმენია ინტერვიუერის შეფასებაც “ვერ გამოავლინა საკუთარი უნარები”..
8. ინტერვიუს უნარების მცირედ ფლობა - ხშირად მსმენია ‘არ მაქვს ინტერვიუს გამოცდილება და CVც კი არ გამიკეთებია”. ეს ჩვენს სიძლიერეზე ნაკლებად მიუთითებს, საკუთარი შესაძლებლობების ცუდად ცოდნაზე კი უფრო მეტად.. CV ც უნდა გვქონდეს და საკუთარი “ისტორიის” გადმოცემაც უნდა შეგვეძლოს თუ ინტერვიუზე მისვლას ვთანხმდებით. ინტერვიუსთვის უნდა მოვემზადოთ და რაც არ ვიცით, ვისწავლოთ. “არ ვიცი რა მოგიყვეთ” წამგებიანი მდგომარეობაა, ცხადია ღელვას გამოიწვევს და არც ასეთი კანდიდატი მოწონთ
9. ძალიან გვჭირდება სამუშაო- ესეც ერთერთი ძირითადი მიზეზია, რომელიც ზემოთ დასახელებულ მოუწესრიგებელ ინფორმაციულ ნაკადს იწვევს. როდესაც ძალიან გვინდა სამსახურის დაწყება, ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ, რამე არ გამოგვრჩეს და ინტერვიუერის პირველივე კითხვაზე, ერთი ამოსუნთქვით ვსაუბრობთ ყველაფერზე, სინამდვილეში კი არაფერზე- არ გავიაზრეთ, არ დავაკვირდით რა გვკითხეს..
10. კიდევ ერთი წარუმატებლობის შიში - ეს მიზეზიც ხშირად მსმენია “სადაც ვიყავი ყველგან დამიწუნეს”. ესეც გაუმართლებელი შიშია, რადგან თუ სადღაც “დაგვიწუნეს”, აუცილებლად “მოვეწონებით” სხვაგან. და თუ არ გვინდა რომ კიდევ “დაგვიწუნონ”, მაშინ დავფიქრდეთ რას ვაკეთებთ არასწორად.
11. შეუსაბამო ან მცირე გამოცდილების კომპლექსი- საკმაოდ გავრცელებული მიზეზი, როდესაც ინტერვიუმდე და შემდეგ ვღელავთ, მისაღებია თუ არა კომპანიისთვის ჩვენი მცირე გამოცდილება. ეს არასწორია, რადგან: თუ მიგვიწვიეს ინტერვიუზე, ესე იგი მისაღებია და მეორე, თუ მცირე გამოცდილება გვაქვს, მაშინ უდნა დავფიქრდეთ, ჩვენი რა ცოდნა ან უნარები დაგვეხმარება მცირე გამოცდილების “ხარვეზის” გადაფარვაში.
12. მოლოდინი, რომ “ერთი შეხვედრით და შეხედვით “ შეიძლება დაგვიწუნონ”-ინტერვიუს გავრცელებული ხარვეზია ე.წ. “სწრაფი შეფასების” (snap judgment) ჩვევა, როდესაც ინტერვიუერი, შესაძლებელია, ჩვენი თუნდაც მისალმების მანერით მოიხიბლოს. სწრაფი შეფასების მართვა ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია, თუმცა ცოდნა, რომ ყველა ჩვენი ქცევა და ქმედება შთაბეჭდილებას ქმნის ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ და არა სანერვიულოდ.
აი ესაა ის მიზეზები, რომლებიც ხმის ტემბრის ცვილებასაც კი იწვევს. თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ ჩამონათვალს, დავრწმუნდებით რომ ყველა მიზეზის მართვა შეგვიძლია და ნერვიულობაც აღარ მოგვიწევს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინტერვიუ ეს არის პერფორმანსი ბიზნეს გარემოში, სადაც ორივე მხარე ცდილობს საკუთარი როლის საუკეთესოდ შესრულებას. როლის კარგად შესრულებას კი რეპეტიცია სჭირდება. თუ ვეძებთ სამსახურს, ძალიან გვინდა სამსახური და ძალიან გვინდა, რომ კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ. ინტერვიუსთვის მომზადება წესად უნდა ვაქციოთ (ინტერვიუზე მოსამზადებლად, გირჩევთ გადახედოთ ჩვენს წინა სტატიებს “10 დან 9” და “მოგვიყევით თქვენს შესახებ”) და ასე მოვიქცეთ:
1. კარგად გავიაზროთ რა სამუშაოებს ვასრულებთ (ან ვასრულდებდით ) და მოკლე, ინფორმატიული წინადადებები ავაგოთ
2. კარგად დავფიქრდეთ, “რატომ გვინდა მათთან”- ამ კითხვას ვერ გავექცევით ალბათ ისევ დიდი ხანი
3. კარგად დავფიქრდეთ “რატომ წამოვედით” ან მოვვიდართ სამსახურიდან- ანუ გადავამოწმოთ ჩვენი მოტივაცია
4. კარგად დავფიქრდეთ რა უნარები გვაქვს ძლიერი და გამორჩეული- ვაკანსიასთან შესაბამისი და არა ზოგადი თვისებები
5. კარგად დავფიქრდეთ, რატომ ვართ ვაკანსიისთვის შესაფერისი- დაგვიბარეს სასაუბროდ, ანუ ვართ
6. კარგად დავფიქრდეთ რა არის ის საქმე ან შედეგი, რაც ძალიან კარგად გამოგვივიდა
7. გავაკეთოთ სტრუქტურა, ჩვენზე ინფორმაციას როგორ გადავცმეთ, ანუ გავაკეთოთ სავარაუდო გეგმა, რადგან არ ვიცით რა კითხვებს დაგვისვამენ
და ყველაზე ეფექტური მეთოდი- თუ გვინდა რომ ინტერვიუზე თავი კარგად წარმოვაჩინოთ, თუ გვინდა რომ ინტერვიუ ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს, ავიღოთ ჩვენი “სმარტ” ტელეფონი, ჩავრთოთ კამერა და ჩავიწეროთ ჩვენი პასუხები ან საუბარი. ჩაწერის შემდეგ, ვნახოთ ჩვენივე პერფორმანსი და რაც არ მოგვეწონება, მოვინიშნეთ და გადავიღოთ მეორე ვიდეო. უამრავ დეტალს ვიპოვით, რაც თურმე არ მოგვწონდა და არ ვიცოდით..
საკუთარი პასუხების თუ რეპეტიციის ვიდეოგადაღება “უებარი” მეთოდია, რომელიც მე პირადად მიცდია (თუმცა არა ინტერვიუსთვის) და ძალიან დამეხმარა, რადგან როდესაც საკუთარ ხმას ვუსმენთ და გამოსახულებას ვუყურებთ, ძალიან კარგად ჩანს როდის და რატომ ვღელავთ და როდის ვართ დამაჯერებელები. ჩემი აზრით, “ვინერვიულე” ეს არის “არ ვიყავი დამაჯერებელი” ს სინონიმი და ნერვიულობასაც სწორედ ეს იწვევს...
მეორე ეფექტური მეთოდიც არსებობს - ცოტა ადრე მივიდეთ გასაუბრებაზე, მოვძებნოთ დასაჯდომი ადგილი და ე.წ ადაპტაცია გავიაროთ, მოვემზადოთ უცხო გარემოში სასაუბროდ
და კიდევ ერთ საინტერესო რჩევასაც გაგიზიარებთ- თუ არ იცით როგორ მოიქცეთ ინტერვიუზე (რა უპასუხოთ, როგორ მიესალმოთ, რა იკითხოთ და სხვ) ჰკითხეთ თქვენს HR მენეჯერს ან მოგვწერეთ “ინსორსის” ფეისბუქის გვერდზე- არ დაგზარდებით და დაგეხმარებით.
გისურვებთ წარმატებებს და უფრო მეტ დამაჯერებლობას!