ადამიანი საშუალოდ, ცხოვრების მესამედზე მეტ დროს სამსახურში ატარებს. სამსახურში შექმნილი გარემო, პროფესია ხშირად საკუთარი იდენტობის და თვითრწმენის ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. დამსაქმებელი დასაქმებულებს სამსახურში უნდა უქმნიდეს ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შეგრძნებას.
სამსახურში არსებული კულტურა არის დამსაქმებლის მიერ კომპანიაში თანამშრომლებისთვის შექმნილი გარემო. კულტურას განსაზღვრავს თუ როგორც გრძნობს თავს თანამშრომელი კომპანიაში, არის თუ არა კმაყოფილი მისი კარიერული წინსვლით, თანამშრომლებთან ურთიერთობით და განვითარების შესაძლებლობებით. კომპანიის კულტურას ქმნის მისი მმართველი გუნდის, ღირებულებების და დამოკიდებულებების ერთიანობა. კომპანიის კულტურა შიდა წესებია, რომლებიც სამუშაო ადგილზე არეგულირებენ ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის.
ტოქსიკური სამუშაო კულტურის აღწერა 6 ქმედებით შეიძლება. ესენია - პასიური აგრესია, სხვების შერცხვენა, გულგრილობა, გუნდის მიღწევებისთვის ხელის შეშლა, ნეგატიურობა და შესაძლებლობების ბოროტად გამოყენება.
თუ კომპანიაში დასაქმებულის მიმართ იჩენენ პასიურად აგრესიულ დამოკიდებულებას, არცხვენენ მას და გულგრილად ექცევიან, დასაქმებული ჩათვლის, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი თანამშრომელი, მას არ ითვალისწინებენ და ყურადღებას არ აქცევენ მის სურვილებს. ბევრი ადამიანი, რომელსაც ლიდერული პოზიცია უჭირავს კომპანიაში, თვლის რომ ამ პოზიციაზე ყოფნისას კონტროლი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით უნდა შეინარჩუნოს. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ნაკარნახევია უნდობლობით, პარანოიით, სისასტიკით, უსამართლობით, არათანაბარი მიდგომით, წნეხით, შურით, სიხარბით, არაჯანსაღი ამბიციით და უპატივცემულობით, რაც ცხადია, ნეგატიურად მოქმედებს ირგვლივ მყოფ ყველა ადამიანზე. ტოქსიკურ გარემოში დამსაქმებელი ყურადღებას არ აქცევს დასაქმებულების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.
ადამიანის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა შეიძლება 6 მთავარი კომპონენტით აღიწეროს - ავტონომია, გარემოს მართვის შესაძლებლობა, პირადი ზრდა, პოზიტიური ურთიერთობები, სამომავლო გეგმების ქონა და საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობა.
თანამშრომელი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური კეთილდღეობა დიდხანს არ დარჩება კომპანიაში, სადაც ტოქსიკური კულტურა ყალიბდება. ამგვარ კომპანიაში დარჩებიან მხოლოდ ის დასაქმებულები, რომლებიც არ გრძნობენ თავს კომფორტულად სამსახურში და კიდევ უფრო პასიურები გახდებიან.
Fastcompany-ის მიერ მითითებული კვლევის თანახმად, დასაქმებულთა 80%-ში ტოქსიკური კულტურის საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია. ამ კომპანიებში დასაქმებულთა 40% პასიურად არის ჩართული სამუშაო პროცესებში, 33% აქტიურად უშლის ხელს სამუშაო პროცესს და 27% აქტიურად ეძებს ახალ სამსახურს. ამ შედეგების ანალიზით, ცხადია, რომ კომპანიის მთავარი მიზანი უნდა იყოს ტოქსიკურობის შემცირება სამუშაო ადგილზე. ადამიანური რესურსების გაუფასურება კომპანიაში იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას და საბოლოოდ, ბიზნესის წარუმატებელ შედეგებს.
ლიდერების მართვის სტილი, თუ როგორ უმკლავდებიან და მართავენ სამსახურში თანამშრომლებს პირდაპირ არის დაკავშირებული თანამშრომლების ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მართვასთან. თუ გუნდის წევრებს აქვთ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შეგრძნება, მათ შეუძლიათ თავისუფლად წამოჭრან სხვადასხვა საკითხი განსახილველად, გამოთქვან უკმაყოფილება, აღიარონ შეცდომები, ითხოვონ დახმარება, გააზიარონ იდეები და გამოწვევები. ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს გუნდის სხვა წევრების ან ლიდერების იდეები დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ. ამგვარ კულტურაში მიღებულია და ფასდება გულწრფელობა.
სამსახური, რომელიც დასაქმებულებს ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას სთავაზობს, ამცირებს რისკებს. თანამშრომლები უფრო აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, ქმნიან ახალ იდეებს და ახორციელებენ მათ. დასაქმებულებისთვის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნით გაიზრდება მათი პროდუქტიულობა და კომპანიისთვის სასურველი შედეგები.
წყარო - https://www.fastcompany.com/90898413/80-of-workplaces-are-toxic-is-yours