თანამედროვე სამყარო მუდმივად ცვალებადი და დინამიურია. გარდა სამსახურში დაკისრებული ყოველდღიური ვალდებულებებისა, ყოველდღიურად გვიწევს დამატებითი დროის გამონახვა სწავლისთვის, სამსახურს გარეთ საქმეებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ჰობისთვის და სხვა ინტერესებისთვის.
Entrepreneur გვიზიარებს 6 რჩევას, როგორ უნდა გავანაწილოთ დრო სწორად იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ დაგროვებულ საქმეებს:
1. სამუშაო დრო;
იდეალურ სამყაროში, ყველა ადამიანი ერთსა და იმავე დროს გაიღვიძებდა, 15 წუთიანი მედიტირების შემდეგ კი მზად იქნებოდა გადაბმულად 5 საათი მუშაობისთვის, 30 წუთით შეისვენებდა და კვლავ განაგრძობდა პროდუქტიულ დღეს. ამ რეჟიმით არავინ მუშაობს.
ყველა ადამიანს პროდუქტიულად მუშაობის განსხვავებული საათები აქვს. მაგალითად, ზოგისთვის ეს დრო შეიძლება იყოს დილის 8 საათიდან 11 საათამდე, ზოგისთვის შუადღის მონაკვეთი ან საღამო.
მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის განსაზღვრეთ რომელია თქვენზე მორგებული სამუშაო საათები, როდის გრძნობთ თავს ყველაზე ენერგიულად. შესაბამისად დაგროვებული დავალებები და ყოველდღიური რუტინა მოარგეთ ამ საათებს.
2. დღის გეგმის განსაზღვრა;
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური დავალებების რაოდენობა შეიძლება ათეულობით იყოს, განსაზღვრეთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება, რომელიც აუცილებლად კონკრეტულ დღეს უნდა დასრულდეს და შემდეგ დღეს აღარ გადაგყვეთ. ამ ერთი დავალების შესრულება კმაყოფილების გრძნობას გაგიჩენთ, რაც დაგეხმარებათ დანარჩენი დავალებების შესრულებაშიც.
3. 2 წუთის წესი;
დავიდ ალლენის ახალ მეთოდს მისი სიმარტივის გამო უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისას. ამ წესის თანახმად, დავალებები, რომელთა შესრულებას 2 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, მაშინვე უნდა შეასრულოთ, როცა გაგახსენდებათ. მაგალითად, ზომის შეხვედრის ჩანიშვნა, ხელშეკრულების ხელმოწერა და დაბრუნება, დოკუმენტის გაგზავნა და ა.შ.
4. დავალებების დაჯგუფება;
დაჯგუფება გულისხმობს მსგავსი სტილის დავალებების ერთად თავმოყრას. მაგალითად, დავალებები, რომლებიც შინაარსობრივად უკავშირდება ერთმანეთს ან მათ შესასრულებლად საჭიროა ერთი და იმავე ტექნიკური საშუალებების, აპლიკაციების გამოყენება.
მაგალითად, თუ უნდა უპასუხოთ რომელიმე კლიენტის მეილს, გამოყავით დრო და უპასუხეთ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მეილს, არამედ ყველა მსგავს მოთხოვნას.
5. შფოთვა შეუსრულებელი დავალებების გამო;
დღის ბოლოს მოგიწევთ აღიაროთ, რომ სამუშაო დღე დასრულდა, შეიძლება ყველაფერი ვერ შეასრულეთ, რისი გაკეთებაც გქონდათ დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, გამორთეთ ლეპტოპი და ტელეფონი. ეს დანებებას არ ნიშნავს, უბრალოდ, რეალობას თვალი გაუსწორეთ და ახალი დღე დაგეგმეთ. საკუთრ თავზე და პირად ცხოვრებაზე ზრუნვა მეილებზე პასუხის გაცემაზე არანაკლებ მნიშნელოვანია.
6. დროის მართვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება;
დაყავით თქვენი დღე ბლოკებად და განსაზღვრეთ კონკრეტულ ბლოკში რომელ დავალებაზე იმუშავებთ, განსაზღვრეთ დრო შესვენებისთვის, შეხვედრებისთვის და მარტო სამუშაოდ. მაგალითად, შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ ორშაბათს და პარასკევს გააკეთებთ შიდა საორგანიზაციო დავალებებს, ოთხშაბათობით მეილებს უპასუხებთ და ხუთშაბათს შეხვედრების დღე გექნებათ. იგივე მეთოდით შეგიძლიათ სამუშაო დღის გამოყოფაც, მაგალითად, განსაზღვროთ, რომ ყოველ დღე დილის საათებში გექნებათ შეხვედრები, დღის მეორე ნაწილს კი დავალებებზე მუშაობას დაუთმობთ.
სამუშაო გეგმა და განრიგი მორგებული უნდა იყოს თქვენს პიროვნებაზე, შესასრულებელ სამუშაოზე და ცხოვრების სტილზე. სცადეთ სხვადასხვა ვარიანტი და იპოვეთ თქვენზე მორგებული საუკეთესო გრაფიკი.
წყარო - https://www.entrepreneur.com/leadership/6-ways-to-handle-an-overwhelming-workload/468526