კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა ყველას აჩვენა, რომ ზოგიერთი ლიდერი სხვა ლიდერებზე უკეთესად მუშაობს. ისლაინდია, ტაივანი, გერმანია, ფინეთი, დანია და ახალი ზელანდია მსოფლიო ლიდერები არიან ვირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის მიხედვით. Forbes-ის თქმით, ამ ქვეყნის მმართველები უკეთესი შედეგების მისაღწევად რამდენიმე მნიშვნელოვან მეთოდს იყენებენ.
მეთოდები, რომლებსაც მსოფლიო ლიდერები არსებული კრიზისის დასაძლევად იყენებენ, ბიზნესისთვისაც საინტერესო და გამოსადეგია. ეს მეთოდები კომპანიებს დაეხმარება ახალ რეალობასთან ადაპტირებასა და ბაზრის იმ წილის დასაკავებლად, რომლებიც შედარებით სუსტმა კონკურენტებმა გაათავისუფლეს.
1) რეალური ფაქტების მიღება
ლიდერებს ხშირად უკეთესი მომავლის იმედი რეალობის სწორად აღქმის უნარს უკარგავს. ეს ბუნებრივია, თუმცა მსგავსი კრიზისის პირობებში ეს მიდგომა კომპანიებისთვის მეტად სარისკოა.
Forbes წერს, რომ ბიზნეს ლიდერებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ საკუთარ თავში ისეთ გრძნობებს, როგორიცაა, ბრაზი, რალობის უარყოფა და არარაციონალურობა.
Covid 19-ის პანდემიის პირობებში საუკეთესო სტრატეგია რეალობის აღიარება და თვალის გასწორებაა. სწორედ ასე მოიქცა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, რომელმაც ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თვალი სწორად აღექვათ და მიეღოთ არასასურველი რეალობა. მან მასობრივი ტესტირებები დაიწყო და 16 აპრილს, 1 თვიანი კარანტინის შემდგომ ეტაპობრივად დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება.
ანგელა მერკელის ქმედებებიდან ნათლად ჩანს გაკვეთილი ბიზნეს ლიდერებისთვის: ისინი არ უნდა გაექცნენ სიმართლეს და რაციონალურად შეაფასონ ის რეალობა, რომლის წინაშეც კომპანია დგას.
2) სწრაფი გადაწყვეტილებები და მათი აღსრულება
რეალობის გაანალიზების შემდეგ აუცილებელია სტრატეგიის ჩამოყალიბება და მისი დაუყოვნებლივ აღსრულება. რაც უფრო სწრაფად ვაფიქსირებთ შეცდომას, მით უფრო სწრაფად შეგვიძლია მისი უარყოფითი შედეგების გამოსწორება.
სწორედ ასე მოიქცა ტაივანის მმართველი ცაი ინგ ვენი მაშინ, როდესაც იანვარში ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. Forbes-ის მიხედვით, ტაივანის მმართველმა დაუყოვნებლივ მიიღო 124 გადაწყვეტილება, რომელსაც ვირუსის შეფერხება შეეძლო. ზომები, რომელიც ქვეყანამ მიიღო, იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ტაივანს კარანტინი არ გამოუცხადებია.
შესაბამისად, ბიზნეს ლიდერებმაც უნდა მიბაძონ ტაივანის მმართველს, რათა კომპანიამ ეკონომიკური კრიზისის დასრულების შემდგობ სწრაფად შეძლოს წარმატებისაკენ სვლის გაგრძელება.
3) ემპათია და მზრუნველობა
კრიზისის დროს ადამიანებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ მენეჯერი მათ ემოციებს იზიარებს. ამის მისაღწევად ეფექტური გზა პირდაპირი კომუნიკაციაა: ისინი სვამენ კითხვებს, მენეჯერი კი პასუხობს.
ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, ერნა სოლვერგმა მარტში პრესკომფერენცია გამართა, სადაც მხოლოდ ბავშვების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა. ამ საქციელით, ნორვეგიის ლიდერმა ნორვეგიელი ბავშვების მიმართ ემპათია და მზრუნველობა გამოხატა. მან ბავშვების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა და აუხსნა, თუ რატომ იყო მათი შიშები ბუნებრივი.
კარგი იქნება თუ ბიზნესის მმართველებიც გაითვალისწინებენ სოლვერგის მაგალითს. ამ კრიზისულ პერიოდში მენეჯერებს თანამშრომლების მიმართ უფრო მეტი მზუნველობისა და ემპათიის გამოხატვა მართებთ, თუმცა დისტანციური მუშაობის პირობებში ეს კიდევ უფრო რთული ხდება. ასეთ სიტუაციაში მენეჯერებს შეუძლიათ თანამშრომელთა პატარა ჯგუფებთან შეხვედრები გამართონ, მოუყვნენ მათ თავიანთი გრძნობების შესახებ და გაიზიარონ დასაქმებულების ემოციებიც.
ეს სამი მეთოდი გვაჩვენებს, რომ თანამშრომლები, მომხმარებლები თუ პარტნიორები მენეჯერებისგან კრიზისის დროს განსაკუთრებულ ხელმძღვანელობას ელიან.
ამ პასუხისმგებლობის შესრულების მიზნით, მენეჯერებმა კრიზისების მართვის გუნდთან ერთად უნდა გადახედონ Covid 19-ის მიერ მიყენებულ ზარალს, მიიღონ რთული გადაწყვეტილებები - მათ შორის თანამშრომელთა შემცირებასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, შეინარჩუნონ ემოციური კავშირი თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან.