ყველა ადამიანს ჰქონია ცუდი დღე. დღე, როდესაც გვიან გაიღვიძეთ, გაგვიანდებათ შეხვედრაზე, ამ დროს ფეხი დაგიცურდებათ და ტანსაცმელზე ყავას გადაისხამთ. ტანსაცმლის გამოცვლისას, შეტყობინება მოგივათ, რომ შეკვეთასთან დაკავშირებით პრობლემებია და კლიენტს დაუყოვნებლივ უნდა თქვენთან საუბარი, ამ დროს კი ჯერ დილის 8 საათიც კი არ არის.
ასეთ დღეებში, ყველას უჩნდება პრობლემებისგან გაქცევის და დამალვის სურვილი. Inc.com და სოციალური ფსიქოლოგი შანნა ტიაიონი გვიზიარებს რჩევებს, როგორ დავივიწყოთ ცუდი დღე და ვაქციოთ ის კარგ დღედ:
1. სცადეთ ნეგატიური განწყობები ჩაანაცვლოთ პოზიტიურით;
ცუდ დღეს ცუდად ჩვენი მის მიმართ დამოკიდებულება აქცევს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმგვარ დღეებს, როდესაც ობიექტურად ცუდი რამ ხდება, მაგალითად, როდესაც მომხმარებელი გირეკავთ და გეუბნებათ, რომ დაპირებულზე ნაკლები ანაზღაურება უნდა გადაგიხადოთ, რაიმე ცუდი შეემთხვა თქვენს ოჯახის წევრს ან მეგობარს, გაქვთ ფინანსური ან სამსახურებრივი სხვა პრობლემები. ასეთ დროს ბუნებრივია, რომ თავს გაბრაზებულად და უბედურად გრძნობდეთ.
თუმცა, ცუდი დღეები, როგორც წესი, იმგვარი პატარა იმედგაცრუებებისგან შედგება, რომლებიც ექვსი თვის შემდეგ არც კი გაგახსენდებათ. მათთან გასამკლავებლად საუკეთესო იარაღი განწყობის ცვლილებაა.
ბედნიერების ჰორმონების გამოსაყოფად შეგიძლიათ ივარჯიშოთ. 30 წუთიანი მარტივი ვარჯიშიც კი აგიმაღლებთ განწყობას. გაისეირნეთ ფეხით ან ველოსიპედით, დახურეთ თქვენი ოფისის კარი, გაიკეთეთ ყურსასმენები და იცეკვეთ, ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს, შინაურ ცხოველს, ჩახუტებისას გამოიყოფა სეროტონინი და მცირდება სტრესის დონე.
2. თავიდან მოიშორეთ უმნიშვნელო საქმეები და დავალებები;
სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას, ადამიანური ცდუნებაა იფიქროს, რომ მიუხედავად გადატვირთულობისა, ყველაფერს გააკეთებს და ყველაფერს მოასწრებს. გადადგით ერთი ნაბიჯი უკან და შორიდან შეაფასეთ საქმეები. ასეთ დროს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სტრესული დავალებების და საქმეების შემდეგ დღემდე ან კვირამდე გადადება შეგიძლიათ.
შეაფასეთ გაქვთ თუ არა საქმეები, რომლებიც შეგიძლიათ სხვა დორისთვის გადადოთ ისე, რომ არაფერი დაზიანდეს? შეგიძლიათ საქმე სხვას გაუნაწილოთ? შეგიძლიათ ყოველდღიური დავალებების შესრულებაში დახმარება თხოვოთ ოჯახის წევრს ან მეგობარს? არ არის აუცილებელი ყველაფერი მარტომ აკეთოთ.
3. განაწყვეთ თავი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის;
სამწუხაროდ, თუ ცუდი დღე გაქვთ, თქვენი ტვინი გამუდმებით ეძებს ახალ პრობლემებს, ახალ საფრთხეებს. თუ ამ ემოციებს აყვებით, დიდია ალბათობა, რომ შემდეგი დღეებიც ცუდი და სტრესული იყოს.
დაფიქრდით რა გჭირდებათ ცუდი დღის გავლენებისგან გასათავისუფლებად. ფიზიკური, ემოციური, მენტალური დასვენება? სოციალური დასვენება - საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება თუ სამყაროსგან სრულად იზოლაცია? გაარკვიეთ ყველაზე მეტად, რომელი გზა დაგეხმარებათ და საკუთარ თავს აჩუქეთ ეს დასვენება.
ცოტა ხნით ცუდი დღისგან თავის განსაკურნებლად შესვენების აღება შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, თუმცა, საბოლოოდ ეს საუკეთესო გამოსავალია თქვენი ჯანმრთელობისთვის და პროდუქტიულობისთვის, კომპანიისთვის, დასაქმებულებისთვის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.