1965 წელს პოლიტიკის მეცნიერმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰერბერტ საიმონმა იწინასწარმეტყველა, რომ „20 წელიწადში მანქანებს შეეძლებათ ნებისმიერი საქმის გაკეთება, რასაც ადამიანები აკეთებენ“. დღეს, როდესაც კაცობრიობა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მიჯნაზე დგას, ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით ამავე ფრაზას ხშირად გაიგონებთ.
მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული მღელვარებისა, ფილიპ თორი, საინჟინრო მეცნიერების პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, თვლის, რომ რადგან ხელოვნური ინტელექტი იმართება არა ემოციებით, არამედ მონაცემებით და ალგორითმებით, სამსახურში ადამიანების არსებობა ყოველთვის აუცილებელი იქნება. წარსული გამოცდილების გათვალისწინებითაც, ინდუსტრიულ რევოლუციებს საბოლოო შედეგად უფრო მეტი სამუშაო ადგილი მოჰქონდა. დღესაც, ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენებით სახეს შეიცვლის სამუშაოს ტიპები და ეს შრომითი ბაზრის ბუნებრივი განვითარება იქნება.
ადამიანებს შეუძლიათ ჭკვიან ტექნოლოგიებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ტექნოლოგიური დარგის ბევრი ექსპერტი თვლის, რომ სწორი განათლებით და კანონმდებლობით სხვადასხვა საქმის ავტომატიზაციას სამუშაო პროცესებზე პოზიტიური გავლენა ექნება. The Guardians გვიზიარებს 5 ძირითად ინდუსტრიას და რა შეიძლება შეიცვალოს ამ სფეროებში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით:
1. ჯანდაცვა
ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტი აქტიურად გამოიყენება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის, რენტგენის და კიბოს იდენტიფიცირებისთვის. ხელოვნურ ინტელექტი შეიძლება გამოვიყენოთ სმარტფონის მეშვეობით სკლეროზის ადრეული ნიშნების აღმოსაჩენად. აპლიკაციას შეუძლია გაზომოს დრო, რასაც მომხმარებელი ანდომებს რუტინული დავალების შესრულებას, მაგალითად, კონტაქტის პოვნას. ამ მარტივი დავალების შესრულების დროის გაზრდა შეიძლება იყოს მეხსიერებაში ჩავარდნების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი.
ხელოვნური ინტელექტის დაზოგავს პაციენტების დროს. მაგალითად, საავადმყოფოში ვიზიტისას აუცილებლად გავსებინებენ კითხვარს, კითხვარის შევსების შემდეგ გადაინაცვლებთ ექიმთან, რომლებიც იმავე კითხვებს მეორედ გისვამენ. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კითხვარს შეავსებთ აპლიკაციაში, რომელიც ავტომატურად გაზიარდება შესაბამის ექიმებთან.
ალგორითმის მეშვეობით დაავადების დიაგნოსტირება ან ავტომატიზირებული ქირურგიული ოპერაცია შეიძლება დიდად პოპულარული არ იყოს პაციენტებს შორის. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აქტიურად შეიძლება ჯანდაცვის სფეროში ჯანმრთელობის მომსახურების დასაგეგმად.
2. განათლება
ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, თუმცა შეზღუდულად. რაც უფრო მეტად იქნება ჩართული ტექნოლოგია განათლებაში, უფრო გაიაფდება განათლების ღირებულება.
ხელოვნური ინტელექტის განათლების სფეროში ინტეგრირების საუკეთესო გზაა ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებლებისთვის სამუშაოს რაოდენობის შესამცირებლად. ჭკვიანმა ტექნოლოგიამ უნდა გაუმარტივოს მასწავლებელს საქმე და მეტი დრო მისცეს მას სტუდენტებთან, მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის. ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს სტუდენტსა და მასწავლებელს შორის არსებულ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების იმგვარად ინტეგრირება, რომ არ ჩაერიოს ამ კავშირების ჩამოყალიბებაში.
3. ქოლ ცენტრები;
თანამშრომლების გადინების გამო ითვლება, რომ ქოლცენტრები ერთერთი ყველაზე სტრესული სამუშაოა, სადაც სამუშაო დროის ნახევარს ატარებ გაბრაზებული მომხმარებლების დამშვიდებაში.
ქოლცენტრებში შეიძლება ე.წ. ემოციური ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ხმის ტემბრის ამომცნობი ტექნოლოგია მენეჯერებს მისცემს საშუალებას გაარკვიონ მომხმარებლის და თავად თანამშრომლების ემოციური მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ ქოლ ცენტრის ოპერატორებს შეეძლებათ უფრო უკეთ დაეხმარონ მომხმარებელს, ხოლო მენეჯერს ექნება თანამშრომელზე ზრუნვის მეტი შესაძლებლობა. თუმცა, ემოციური ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ის შეიძლება გამოყენებული იყოს თვალთვალისთვის. არასწორი მენეჯერის ხელში, ტექნოლოგიების მეშვეობით შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ დასაქმებულის საწინააღმდეგოდ, მის სამსახურიდან გასაშვებად.
4. სოფლის მეურნეობა;
სოფლის მეურნეობა ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია შეიცვალოს უახლოეს მომავალში. მართალია, ფერმერები უკვე სარგებლობენ ხელოვნური ინტელექტით, მაგალითად ამინდის პროგნოზის გაგებისას, თუმცა რეალური ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის, პირველ რიგში საჭირო იქნება რობოტიკის სფეროს მნიშვნელოვანი პროგრესი.
მარტივია ChatGPT-ს დააწერინო სტატია, თუმცა გაცილებით რთულია მარტივი ბრძანებით თხოვო რობოტს შევიდეს ოთახში, დაცალოს ნაგვის ურნა ან გააკეთოს ყავა. ამ მოქმედებების შესრულება მას არ შეუძლია.
რობოტების ამგვარი განვითარება და მისი ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობაში, დაკავშირებულია ძალიან დიდ რესურსთან და თანხებთან, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ჩაანაცვლებენ სოფლის მეურნეობის სფეროში უახლოეს მომავალში.
მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლება სხვა მიმართულებით. მაგალითად, საკვები პროდუქტები ხშირად კონტინენტიდან კონტინენტზე გადაიზიდება. ამ პროცესის ეფექტურად დაგეგმვა, ხარჯების და დროის შემცირება შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
5. სამხედრო საქმე;
დიდი ოდენობით ინვესტიციები იდება სამხედრო მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. დღეს უკვე არსებობენ ნახევრად ავტომატიზირებული დრონები, ტანკები და წყალქვეშა ნავები. პილოტის გარეშე ფრენა უფრო მსუბუქი და სწრაფია, ამგვარი საფრენი აპარატით შესაძლებელია უფრო მეტი და აქტიური მანევრირება. ტექნოლოგიებისთვის ბრძანების მიცემა შეიძლება დისტანციურად. ეს სრულად ცვლის სამხედრო კულტურას და ადამიანებს არიდებს პირდაპირ და აშკარა საფრთხის ზონებიდან. ხელოვნური ინტელექტის სამხედრო სფეროში გამოყენების და იარაღების ავტომატიზირებისასაც სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს ტექნოლოგიები არ გახდეს შემდგომ ადამიანების მიერ ახალი ომების წამოწყების მიზეზი.
წყარო - ‘Why would we employ people?’ Experts on five ways AI will change work | Employment | The Guardian