ჰარვარდის ფსიქოლოგი, დოქტორი დანიელ ჯილბერტი თავის TED Talk-ში „The Psychology of Your Future Self” ამბობს, რომ ადამიანების უმრავლესობის აზრით, ისინი მომავალშიც ისეთივე პიროვნული თვისებების მატარებელები იქნებიან, როგორიც აწმყოში.
ბევრი ადამიანი თვლის, რომ მათი ახლანდელი პიროვნული თვისებები სრულიად განსხვავდება მათი 10 წლის წინანდელი თვისებებისგან. მიუხედავად ამისა, ადამიანებს მომავალი ცვლილებების წარმოდგენაც კი ძალიან უჭირთ. ჯილბერტი და სხვა ფსიქოლოგები ამ ფენომენს „ისტორიის ილუზიის დასასრულს“ უწოდებენ.ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ მათ განვითარება შეწყვიტეს და „ახლანდელ მეს“ საკუთარ „საბოლოო“ და „ნამდვილ“ ვერსიად მიიჩნევენ. როგორც ჯილბერტი ამბობს, ადამიანები ის განვითარებადი ორგანიზმები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ განვითარება შეწყვიტეს.
დროთა განმავლობაში ადამიანების პიროვნული მახასიათებლები, უნარები, სიმპათიები და ანტიპათიები იცვლება. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, ადამიანების განვითარებას 60 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანების ინდივიდუალურმა თვისებებმა, კვლევის დაწყებიდან 60 წლის შემდეგ, ძირეული ცვლილებები განიცადა.
ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა ის შეიძლება ადამიანის კონტროლს ექვემდებარებოდეს. გთავაზობთ HBR-ის სამ სტრატეგიას, რომელიც მომავალში სასურველ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ:
ნაბიჯი 1: განასხვავეთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი „მე“ ერთმანეთისგან
როგორც წესი, ადამიანები თავის ახლანდელ „მე“ზე დიდ აქცენტს აკეთებენ. ისინი საკუთარ თავს სხვადასხვა იარლიყებს აკერებენ, მაგალითად: „მე ინტროვერტი ვარ“, „მე არ შემიძლია სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია“ და ა.შ. ეს იარლიყები ადამიანის მომავალი ცვლილებებისა და განვითარებისათვის ძალიან პატარა სივრცეს ტოვებენ. ამ ფენომენს ჰარვარდის ფსიქოლოგი დოქტორი ელენ ლანგერი „დამუხრუჭებას“ ეძახის.
იარლიყები ადამიანს ხელს უშლის საკუთარი თავის განსხვავებული ვერსიის დანახვაში. ლაგერი ამბობს, რომ თუ ადამიანი რამეს ჭეშმარიტებად აღიქვამს, აზროვნების სხვა, ალტერნატიულ გზებს აღარ განიხილავს. მაგალითად, როდესაც ადამიანი დეპრესიაშია, მას ჰგონია, რომ ის მთელი ცხოვრება ამ მდგომარეობაში იქნება. თუმცა, ცვლილებებზე დაკვირვების შედეგად, ლაგერი თამამად ამბობს, რომ ეს სულაც არ არის ჭეშმარიტება.
სიმართლე ისაა, რომ ადამიანის პიროვნება ცვალებადია, ის სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარსულში იყო: მას განსხვავებული ქმედებები და განსხვავებული სურვილები აქვს. ამიტომ, საკუთარი პიროვნების ჩარჩოებში მოქცევისა და ახლანდელ პიროვნებაზე ორიენტირების ნავლად, უმჯობესია ადამიანი დააკვირდეს, თუ რამდენად შეიცვალა ის წარსული „მე“-სგან.
ანტრეპრენერი ქოუჩის, დენ სალივანის აზრით, საკუთარი განვითარების გასაზომად, ადამიანმა საკუთარი ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველკვირეული წარამატება უნდა გაზომოს. თუ ადამიანი თავის თავს დაუსვამს კითხვას, თუ რა წარმატებას მიაღწია ბოლო 90 დღის განმავლობაში, ისწავლის თავისი ახლანდელი და წარსული პიროვნებების ერთმანეთისგან გარჩევას. ეს კი ადამიანს შესაძლებლობას მისცემს თავისი „მომავალი მე“ განსხვავებულად დაინახოს.
ნაბიჯი 2: წარმოიდგინეთ თქვენი სასურველი „მომავალი მე“
ადამიანმა დრო უნდა დაუთმოის იმაზე ფიქრს, თუ ვინ უნდა რომ მომავალში იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მხოლოდ ცხოვრება იზრუნებს. კვლევების მიხედვით, მომავლის ფორმირებას მიზანმიმათული ვარჯიში სჭირდება. ადამიანი „განვითარების მიმართულების“ გარეშე ვერ განვითარდება.
მოტივაცია და იმედი მკაფიო სურვილისა და წარმატების რწმენის კომბინაციისგან წარმოიქმნება. პოზიტიური ფსიქოლოგიის სფერომ უარყო მოძველებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ადამიანების ქმედებებს მხოლოდ წარსული განაპირობებს. ის ამბობს, რომ სინამდვილეში, ადამიანის ქმედებები მომავლის ხედვებისგან არის განპირობებული - ეს არის კონცეფცია, რომელსაც ფსიქოლოგები „პერსპექტივას“ უწოდებენ.
როგორია შენი „მომავალი მე“? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. დოქტორი ჯილბერტი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პირველი ნაბიჯი საკუთარი მომავლი „მე“-ს წარმოდგენაა. მომავალი „მე“ კი არის ის, ვისაც ადამიანი თავად გადაწყვეტს რომ იყოს და არა ის, რომელსაც დროდადრო აღმოაჩენს.
ამ წარმოსახვითი პროცესისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ყოველდღიური ქმედებაა. ადამიანმა ყოველ დღე უნდა აკეთეოს ის, რაც თავისი „მომავალი მეს“ შექმნაში დაეხმარება. რა თქმა უნდა, ეს ქმედებები ადამიანის კომფორტის ზონას გასცდება, რადგან კომფორტის ზონას „ახლანდელი მე“ განსაზღვრავს. თუმცა, თუ ადამიანი შეძლებს ამ დისკომფორტების დაძლევას, ფსიქოლოგიურად უფრო მოქნილი გახდება და დროთა განმავლობაში საკუთარი თავისგან შექმნის იმ ადამიანს, რომელიც ნამდვილად უნდა რომ იყოს.
ნაბიჯი 3: შეცვალე შენი იდენტობის ნარატივი
იდენტობა უფრო ძლიერი რამ არის ვიდრე პიროვნულობა. იდენტობა მართავს იმ ქცევებს, რომლებიც დროთა განმავლობაში პიროვნულობას ქმნიან. პიროვნულობა არის დამოკიდებულებებისა და ქცევების ნაზავი, რომელიც იდენტობის ქვეპროდუქტია.
იდენტობის ნარატივი არის ისტორია, რომელსაც ადამიანი საკუთარი თავის შესახებ ჰყვება: წარსული, აწმყო და მომავალი. თუ ადამიანის იდენტობა მხოლოდ წარსულსა და აწმყოზეა კონცენტრირებული, ადამიანის პიროვნება უცვლელი რჩება. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარი მომავალი პიროვნების ხედვას შეიძენს, იდენტობის ნარატივის შეცვლა შესაძლებელი გახდება.
აუცილებელია, ადამიანმა სხვებსაც გაუზიაროს, თუ როგორ ადამიანად ჩამოყალიბებას აპირებს მომავალში. ამ საუბარში ის გულწრფელი და თავმდაბალი უნდა იყოს - თქვას, რომ მისი „მომავალი მე“ სრულიად განსხვავდება „ახლანდელი მესგან“.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი სიმამაცეს მოითხოვს. უფრო მარტივია იმის თქმა - „მე ასეთი ვარ“ - ვიდრე საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ „მე ასეთი მინდა ვიყო“. თან, ეს განცხადება რისკის შემცველიცაა, რადგან ადამიანს არ აქვს იმის გარანტიები, რომ მისი გეგმა წარმატებით შესრულდება.
დოქტორი კეროლ დვერკი ამბობს, რომ ადამიანს ქმედებას არა წარსული, არამედ მომავალი უნდა განსაზღვრავდეს. სწორედ ასე ყალიბდება ადამიანის პიროვნება.
ადამიანის ქცევა მის იდენტობას და შესაბამისად პიროვნულობასაც ქმნს. ამიტომ, ყველა ადამიანმა საკუთარ თავს შემდეგი კითხვა უნდა დაუსვას - ვინ სურს რომ მომავალში იყოს? ამ კითხვაზე პასუხი კი ის სხვა ადამიანებსაც უნდა გაუზიაროს.
ადამიანი დღეს უნდა მოიქცეს ისე, როგორც მისი „მომავალი მე“ მოიქცეოდა. ამ გზაზე მას ბევრი მოულოდნელობა და ცვლილება შეხვდება, მოუწევს ბევრის სწავლა და ბევრი წარუმატებლობის განცდა. თუმცა, საკუთარ აწმყოს არასდროს უნდა მისცეს მისი მომავლის განსაზღვრის უფლება. ადამიანმა უნდა ივარჯიშოს, რომ დროთა განმავლობაში მის წარმოსახვით „მომავალ მეს“ ხორცი შეესხას; უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ შექმნას მისი მომავალი იდენტობის ნარატივი. სწორედ ასე შეძლებს გახდეს ის, ვინც მომავალაში უნდა რომ იყოს.