Gen Z თაობა 2025 წლისთვის სამუშაო ძალის მეოთხედზე მეტნი იქნება. რაც უფრო მეტი მათგანი უერთდება კორპორატიულ სამყაროს, უფრო ხშირად ისმევა კითხვები თუ როგორ შეიძლება მათი აკლიმატიზაცია მუდმივად ცვალებად შრომით ბაზარზე.
Fast Company-ის სტატიაში მითითებული კვლევის თანახმად, Gen Z თაობა პირველია, ვინც პრიორიტეტს ანიჭებს მენტალურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ვისაც ესმის მრავალფეროვნების, სამართლიანობის და ინკლუზიურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ისინი ზრუნავენ მდგრად განვითარებაზე და კლიმატის ცვლილებაზე. Gen Z იქნება პირველი თაობა, რომლებიც კოლეჯების აპლიკაციებს და სამოტივაციო წერილებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერენ.
სამწუხაროდ, ხშირად Gen Z-ის არ ესმით სამსახურში. მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს შემდეგია - Gen Z რთულად სამუშაო თაობაა, თუ უბრალოდ მენეჯერებს არ აქვთ მათთან მუშაობისთვის საჭირო კვალიფიკაცია?
პირველი რამ რაც Gen Z-ის შესახებ უნდა იცოდეთ ისაა, რომ ეს სოციალური მედიის ხანაში დაბადებული თაობაა. ეს გამოცდილება აქამდე დაბადებულ არც ერთ სხვა თაობას არ ჰქონია. Gen Z ინტერნეტის თაობაა. ისინი პირველები არიან, რომლებსაც პატარა ასაკიდანვე ჰქონდათ წვდომა ინტერნეტზე და შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა სოციალური მედია პლატფორმები საკუთარი აზრის გადმოსაცემად. მათგან განსხვავებით, მაგალითად, მილენიალებმა იგივე გამოცდილება მხოლოდ უნივერსიტეტში ყოფნისას ან უფრო მოგვიანებით შეიძინეს.
ამ გამოცდილების გამო, Gen Z მეტწილად უფრო მეტად კომფორტულად გრძნობს თავს საკუთარი აზრის გაჟღერებისას. როდესაც ისინი სამსახურში მოდიან, მათ აქვთ მოლოდინი, რომ მათი ხმა გაჟღერდება, მათ პოზიციას მოისმენენ და გაიზიარებენ. მენტალური ჯანმრთელობის და გადაწვის პრობლემები მუდმივად არსებობდა, თუმცა წინა თაობები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მათ, მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ტერმინოლოგია და არც პლატფორმები სადაც შეეძლოთ ამაზე საუბარი.
მეორე რამ, რაც Gen Z-ის შესახებ უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ ისინი პირველი Zoom-ერები არიან. Gen Z პირველი თაობაა, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლა დაამთავრდა და მუშაობა დაიწყო კოვიდ-19ის პანდემიის პირობებში. წინა თაობებს არ ჰქონიათ ონლაინ სწავლის და მუშაობის გამოცდილება. FastCompany გვიზიარებს 4 რჩევას მენეჯერებისთვის, იმისთვის რომ მეტად დაუჭირონ მხარი Gen Z დასაქმებულებს და შექმნან მათთვის მისაღები კორპორატიული კულტურა სამსახურში:
ონბორდინგის პროცესში მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და კოლაბორაცია - Gen Z ყველაზე სოციალური თაობაა, თუმცა პანდემიის გამო მათ არ ჰქონდათ პირისპირ ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. დაეხმარეთ მათ ონბორდინგის პროცესში, მიეცით სხვა ადამიანების გაცნობის და მათთან დაკავშირების შესაძლებლობა, პროცესში ჩართეთ გუნდის წევრები და შექმენით მათი დაახლოებისთვის სხვადასხვა პროგრამები.
სოციალური მედიის სწავლებისთვის გამოყენება - Gen Z თაობა შეპყრობილია სწავლის და მუდმივი თვითგანვითარების სურვილით. Gen Z თაობის 40% სოციალურ მედია პლატფორმებს იყენებს რჩევების მისაღებად. კარგი იქნება, თუ მენეჯერები ამ საშუალებას სწავლებისთვის გამოიყენებენ. ხანგრძლივი ვებინარების, ონლაინ კურსების და წელიწადში ერთხელ ლექციების ჩატარების ნაცვლად, დასაქმებულებს შესთავაზეთ მოკლე კურსები, რომელთა გავლა მუშაობის პარალელურად იქნება შესაძლებელი.
მენტალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის პრიორიტიზირება - Gen Z-თვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დანერგეთ კულტურა, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულებს მისცემთ შესაძლებლობას თავად აირჩიონ როგორ დაგეგმონ საკუთარი თავისუფალი დრო და შვებულება. ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზეზით შეგიძლიათ შესთავაზოთ დასაქმებულებს სხვა დამატებითი ბენეფიტებიც - მაგალითად, დამატებითი დასვენების დღე, გახანგრძლივებული დასვენება სადღესასწაულო დღეებში და სხვა.
მენტორობა - დანერგეთ ორმხრივი მენტორობის პროგრამა. გუნდის უფროსმა წევრებმა უნდა გაუზიარონ დანარჩენებს თავიანთი უნარები, დაეხმარონ ონბორდინგში, მისცენ რჩევები მათი გამოცდილების შესაბამისაც, თუმცა ამავდროულად, მათაც უნდა ისწავლონ ახალგაზრდა თაობისგან. კომპანიაში ამ მიდგომის დანერგვით მენეჯერებს უფრო მეტი ეცოდინებათ Gen Z-ის შესახებ და შეეძლებათ უფრო მარტივად დაუახლოვდნენ მათ.
ბევრი ლიდერი სვამს კითხვას, თუ როგორი იქნება სამუშაო ბაზრის მომავალი. მომავლის დაგეგმვა Gen Z -ის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. მოუსმინეთ მათ, გადაახალისეთ კომპანიაში არსებული მიდგომები, მიეცით Gen Z-ის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა და შეაყვარეთ მათ საკუთარი სამსახური.
წყარო - https://www.fastcompany.com/91109680/how-t