დინამიური და ეფექტური ლიდერობისთვის, მენეჯერებმა უნდა იცოდნენ რა იცვლება ინდუსტრიაში, ბაზარზე, რა ხდება რელევანტური და რომელი მიდგომები კარგავენ მნიშვნელობას.
ლიდერის მოვალეობაა გაეცნოს ახალ ტრენდებს და მომზადებული შეხვდეს ახალი წლის დასაწყისს. Forbes გვიზიარებს 5 მთავარ ტრენდს, რომლებიც განსაზღვრავენ ლიდერობას 2024 წელს:
1. მენტალურ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ლიდერობა;
გასულ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცეოდა დასაქმებულების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას. გლობალური პანდემიის, ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტების, საყოველთაო შემცირებების გათვალისწინებით, ეს საკითხები ყოველდღიურად უფრო და უფრო მნიშნელოვანი ხდება.
Gallup-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკელი და კანადელი დასაქმებულების 57% უთითებს, რომ ისინი რეგულარულად განიცდიან სტრესს. American Institute of Stress-ის თანახმად, კი ამერიკელების 83% იტანჯება სამსახურში სტრესით, რაც ქვეყნის ეკონომიკას 77 მილიარდი უჯდება.
შეუძლებელია ლიდერებმა და მმართველმა მენეჯერებმა ამ მონაცემებზე თვალი დახუჭონ თუ ისინი ზრუნავენ ხარჯების შემცირებაზე, პროდუქტიულობის გაზრდასა და თანამშრომლების ჩართულობაზე.
დასაქმებულების მენტალური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უნდა იყოს ლიდერების პრიორიტეტების სიაში მთავარი 2024 წელს, რისთვისაც უნდა შეიმუშავონ დასაქმებულებზე მორგებული პოლიტიკები და სტრატეგიები.
2. ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ლიდერობა;
ChatGPT-ის მიერ გამოწვეული გადატრიალების შემდეგ, ლიდერებს მოუწევთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან კიდევ უფრო დაახლოვება. მენეჯერებმა გუნდთან ერთად უნდა გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება, შეისწავლონ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხერხები. ამ გზით გაიზრდება დასაქმებულების პროდუქტიულობა და ჩართულობა.
3. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერი;
დასაქმებულებს სურთ მათი მენეჯერები იყვნენ უფრო ემპათიურები, მგრძნობიარეები, გამგები, ჰქონდეთ კომუნიკაციის უნარი და მიკრომენეჯმენტის ნაცვლად, აძლევდნენ მათ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Gen Z თაობისთვის, მით უმეტეს რომ ეს თაობა ნელ-ნელა ხდება რაოდენობრივად ყველაზე მეტად დასაქმებული თაობა, რამდენადაც ბეიბი ბუმერები პენსიაზე გადიან. ბევრი მენეჯერი წუხს, რომ Gen Z-ის არ აქვს სამუშაო ეთიკა, თუმცა ეს თაობა მალე გადაიბარებს ლიდერობის სადავეებს, ამიტომ შეიძლება დროული იყოს მათი სწორი მენტორობა და ახალგაზრდა პროფესიონალების სწორი ქოუჩინგი.
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერი მის ირგვლივ ქმნის პოზიტიურ გარემოს, იზიდავს პროფესიონალებს, რაც საბოლოოდ, კომპანიის შედეგებზე აისახება.
4. თანასწორობის და მრავალფეროვნების ხაზგასმა;
დასაქმებულების სრულად ჩართულობისთვის და მათი კეთილდღეობის მხარდასაჭერად, მნიშვნელოვანია ლიდერებმა კანდიდატების შერჩევისას მეტად გაამახვილონ ყურადღება თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე, მაგალითად, უფრო მეტად მისცენ შანსი ქალებს, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებსაც ნაკლებად უჭირავთ მენეჯერული პოზიციები კომპანიებში.
Gen Z უკვე ცვლის ამ მიმართულებით მიდგომებს და ლიდერებიც ვალდებულნი არიან შეცვალონ გარემო კომპანიებში, კარი ფართოდ გაუღონ მრავალფეროვან კულტურებს, თაობებს და უზრუნველყონ ყველა დასაქმებულის თანასწორობა.
5. ფრილანსერობასთან ადაპტირება;
2024 წელს გარდაუვალია დაპირისპირება ახალგაზრდა დასაქმებულებსა და მათ დამსაქმებლებს შორის. ამ დაპირისპირებაში ყველა დამარცხებული გამოვა, თუ მხარეები ვერ მოახერხებენ ჯანსაღი კომპრომისის პოვნას.
ცხოვრების ხარჯების ზრდასთან ერთად, იზრდება ფრილანსერად დასაქმებულების რაოდენობა. ფრილანსინგის ზრდა 15-ჯერ აღემატება ტრადიციული სამსახურის ყოველწლიურ ზრდას, ლიდერებს და მენეჯერებს მოუწევთ ამ მწარე რეალობასთან შეგუება. დასაქმებულები (განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა) არ იმუშავებს მხოლოდ თქვენთვის.
ლიდერებმა და მენეჯერებმა კომპანიის პოლიტიკები ამ ახალ ტრენდებს უნდა შეუსაბამონ და დასაქმებულებს მისცენ მეტად მოქნილი სამუშაო გარემო.
წყარო - 5 Leadership Trends That Will Shape 2024 (forbes.com)