სამსახურში გადაწვის სინდრომი ფართოდ გავრცელებული ფენომენია. პანდემიის პერიოდში მისი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. რეკრუტინგ კომპანია Indeed-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2021 წლის მარტის თვეში, გამოკითხული დასაქმებულების 67% უთითებდა, რომ კოვიდ-19-ის დროს გადაწვის მაჩვენებლები გაიზარდა. მართალია, პანდემია დასრულდა, თუმცა გადაწვის პრობლემა სამსახურში კვლავ აქტუალურია.
მოქნილი სამუშაო გარემო ნიშნავს სამსახურის და პირადი ცხოვრების ბალანსს, პროდუქტიულობას და დასაქმებულების კეთილდღეობას. დღესდღეობით გადაწვის სინდრომზე ბევრს საუბრობენ და კომპანიებიც მეტად ცდილობენ დასაქმებულებს გადაწვის შესამცირებლად შესთავაზონ სხვადასხვა ბენეფიტები, მაგალითად, სავარჯიშო დარბაზის წევრობა, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა და სხვა. მიუხედავად ამისა, გადაწვის მაჩვენებლები მაინც მზარდია.
გადაწვის პრობლემა დიდი ხანია არსებობს;
გადაწვა სამსახურში პანდემიამდეც არსებობდა. 2018 წელს, Gallup-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 7500 ამერიკელი დასაქმებული, გამოკითხულთა 67%-მა მიუთითა, რომ განიცდიდა გადაწვას სამსახურში. 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწვა დაამატა დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაში და განმარტა, როგორც სამსახურებრივი ფენომენი და არა როგორც სამედიცინო ჩვენება.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კულტურა მხარს უჭერს ზეგანაკვეთურად მუშაობას, გადაწვის პრობლემის სერიოზულობაზე უფრო მეტი კომპანია საუბრობს. 2021 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მილიონი ადამიანიდან სამი მეოთხედი კვდება ყოველწლიურად გულის დაავადებებით ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო.
გადაწვის გამომწვევი მიზეზებია დიდი მოცულობის სამუშაო, არანორმირებული სამუშაო საათები და ტოქსიკური კულტურა სამუშაო ადგილზე. ამგვარი პრაქტიკები ათწლეულობის განმავლობაში იყო გავრცელებული ბევრ ქვეყანაში. ბევრი დამსაქმებელი თვლიდა, რომ მათ ჰქონდათ უფლება თანამშრომლებისგან მოეთხოვათ მთელი დღის განმავლობაში მუშაობა, მაქსიმალურად გაეზარდათ მათი სამუშაო დრო საბოლოო შედეგების სწრაფად მისაღწევად.
რატომ იმატებს გადაწვის მაჩვენებლები?
პანდემიის დაწყების შემდეგ სამუშაო ადგილას არსებული პრობლემები, ყოველდღიური სტრესი და კარიერული შფოთვები კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან დაემატა გაურკვეველი რეალობის და მომავლის შიში.
დასაქმებულები განიცდიდნენ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს არა მხოლოდ იზოლაციის და გაურკვევლობის გამო, არამედ მათ ახალ პროფესიულ რეალობასთან მორგება მოუწიათ. ბევრ დასაქმებულს დღემდე უჭირს საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე ზრუნვასთან ერთად.
დისტანციურმა და ჰიბრიდულმა სამუშაომ დასაქმებულებს მისცა უფრო მეტი ავტონომიურობა და მოქნილობა თუმცა, გაიზარდა სამუშაო დღის ხანგრძლივობა. ADP-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (2022 წლის აპრილში გამოიკვლია 32924 დასაქმებული), დასაქმებულები ყოველკვირეულად ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურად მუშაობენ 8.5 საათს, პანდემიამდელ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი იყო 7.3 საათი.
დისტანციურად მუშაობის დროს ბევრი არაჯანსაღი ჩვევა გაჩნდა, მაგალითად, შეხვედრების ჩატარება მაშინაც კი, როცა შეიძლება იგივე საკითხის მეილით განხილვა. ეს დასაქმებულებს უტოვებს ნაკლებ დროს ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად, რის გამოც ისინი იძულებულები ხდებიან იმუშავონ მეტი, რომ დაეწიონ გეგმას.
ზოგიერთი დამსაქმებელი იაზრებს, რომ მეტად უნდა იზრუნონ დასაქმებულების კეთილდღეობაზე, თუმცა არ სურთ გამომწვევი მიზეზების შემცირება. ამის ნაცვლად ისინი დასაქმებულებს სთავაზობენ ბენეფიტებს, რომლებიც უბრალოდ ნიღბავენ სიმპტომებს. თანამშრომლებისთვის მედიტაციის და იოგას შეთავაზება ცუდი არ არის. მაგრამ ეს დროებითია, და არ აგვარებს ისეთ პრობლემებს როგორიცაა ზეგანაკვეთური საათებით მუშაობა, სამუშაოს დიდი მოცულობა.
როგორ შეიძლება გადაწვის პრობლემის მოგვარება?
დღევანდელი სამუშაო პრაქტიკები ნიშნავს რომ გადაწვა გარდაუვალია. ბევრ სამუშაო ადგილას, ბევრ ადამიანს უწევს აიტანოს გრძელი სამუშაო საათები, დიდი მოცულობის სამუშაო და გადაღლა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გადაწვის პრობლემა კარგა ხანს არ გაქრება. ადამიანებს სამსახურს გარეთაც უწევთ დიდი რაოდენობის სტრესთან გამკლავება, ინფლაცია უარესდება, იმატებს შემცირებების რაოდენობა და ამ ყველაფრის ფონზე სტაბილური ცხოვრების დაკარგვის შიში ჩნდება. გლობალური პრობლემების ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გადაწვის დონემ შეიძლება მოიმატოს.
იქამდე სანამ იარსებებენ დამსაქმებლები, რომლებიც მუდმივ სტრესში ამუშავებენ დასაქმებულებს გადაწვის პრობლემა არსად წავა. თუმცა, დღეს ბევრი ორგანიზაცია იაზრებს, რომ გადაწვის წინააღმდეგ ბრძოლა მათი პასუხისმგებლობაა.
ზოგიერთ შემთხვევაში, ცვლილება შეიძლება საკანონმდებლო რეგულაციების დონეზე მოვიდეს. მაგალითად, ავსტრალიაში ახალი კანონით გადაწვა დახასიათებულია როგორც სამსახურში ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხედ, მენეჯერები ვალდებულები არიან ამოიცნონ და შეამცირონ გადაწვის რისკები. თუმცა, ამგვარი მეთოდების გლობალურად დანერგვას დიდი დრო დასჭირდება, და არც გარანტია არსებობს რომ ყველა დამსაქმებელი შეცვლის თავიანთ სამუშაო პრაქტიკას.
დღევანდელი სამუშაო პრაქტიკების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მოხდეს გადაწვის ტერმინის თავიდან გადააზრება. ექსპერტთა მოსაზრებით, მიზანი უნდა იყოს გადაწვის აღმოფხვრა. შეიძლება მიზანი არარეალურად მოგეჩვენოთ, თუმცა, ამგვარი მიდგომით კომპანიები შეამცირებენ მის ყველაზე საზიანო ეფექტებს სამსახურში.
წყარო - Is it impossible to end burnout? - BBC Worklife