ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინის საფეხბურთო ნაკრების წარმატების მთავარი მიზეზი ფეხბურთელებს შორის არსებული მჭიდრო კავშირი იყო. არგენტინის ნაკრებმა ფინალამდე რთული გზა გაიარა, ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა ძლიერი კონკურენტები და მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია პლეი ოფშიც. მიუხედავად ამისა, ნაკრები ინარჩუნებდა ერთიანობას და სპორტსმენები ერთად მიიწევდნენ წინ საერთო მიზნისკენ - 36 წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო თასის უკან, არგენტინაში, დასაბრუნებლად.
მიუხედავად ფეხბურთელების განსხვავებული გამოცდილებების და სათამაშო კლუბებისა, მათ მოახერხეს განზე გადაედოთ თავიანთი პირადი მისწრაფებები, ეგო და ერთობლივად ემუშავათ საერთო მიზნისთვის. მათ აერთიანებდათ საერთო სურვილი სიამაყით წარმოედგინათ ქვეყანა და სიხარული მიენიჭებინათ გულშემატკივრებისთვის.
ერთიანობის შეგრძნება არეკლილი იყო არგენტინელ გულშემატკივრებშიც. არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა იმ წამიდან, როგორც კი ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. ათასობით ფანი იკრიბებოდა მოედნებზე ფეხბურთის საყურებლად და საგულშემატკივროდ. გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის პოპულარობა, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო, კიდევ უფრო გაიზარდა. მისი ფოტო, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონატის თასი უჭირავს, გახდა ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული პოსტი პლატფორმის არსებობის ისტორიაში. მილოცვის და აღფრთოვანების გამოსახატავად, ეს ფოტო 58 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა.
გუნდის მიმართ არსებული მხარდაჭერა და აღფრთოვანება საფეხბურთო ნაკრების თავდაუზოგავი და გუნდური მუშაობის შედეგია. ამ საოცარი სპორტული გამარჯვებით ნათელი გახდა საერთო მიზნის ძალა, ის, თუ როგორ შეუძლია საერთო მიზანს გააერთიანოს ადამიანები და შთააგონოს მათ დიადი საქმეები აკეთონ.
ბიზნეს სამყაროში, საერთო მიზნის ქონა კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა. გუნდური მუშაობა, როდესაც კომპანიაში ყველა საერთო მიზნის მისაღწევად მუშაობს, აუმჯობესებს პროდუქტიულობას, ქმნის ერთიანობის შეგრძნებას, ამცირებს გაურკვევლობას და კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობის ალბათობას. გუნდური მუშაობისას ყველა მოტივირებულია, რომ მიაღწიოს ერთსა და იმავე შედეგს. საერთო მიზანი კომპანიაში თანამშრომლებისთვის ქმნის ერთიანობის შეგრძნებას, მოტივაციას აძლევს დასაქმებულებს, აყალიბებს ძლიერ ურთიერთობებს რაც საბოლოოდ აისახება საუკეთესო შედეგებში.
არგენტინელი ფეხბურთელების გუნდურ მუშაობასთან ერთად, ნაკრების გამარჯვებაში უდიდესი ადგილი უჭირავს ლიონელ მესის. მესიმ, როგორც თავისი თანაგუნდელების ნამდვილმა ლიდერმა, წარმატებას მიაღწია თავმდაბლობით, დაბრკოლებების მიმართ ბრძოლისუნარიანობით და რაც ყველაზე მთავარია, გუნდურად მუშაობის სწორად გააზრებით და ამ დაუმარცხებელი ძალის სწორად წარმართვით. დღეს, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ლიდერისგან შეგიძლიათ შემდეგი გაკვეთილები ისწავლოთ:
- ლიდერებს მესისგან შეუძლიათ ისწავლონ სტრესულ სიტუაციაში მუშაობა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე წამებიდან მესი სამაგალითო ლიდერია. სასტარტო მატჩში მარცხის მიუხედავად, არგენტინას არც ერთ შემდგომ მატჩში არ გაუშვია გამარჯვების შანსი ხელიდან. მესი წინ უძღვებოდა გუნდს, მაშინ როდესაც მათი გამარჯვების შანსები იკლებდა.
სტრესულ გარემოში მუშაობა არასდროსაა მარტივი, მით უმეტეს, როდესაც შენს ყველა ნაბიჯს განსაკუთრებული კრიტიკით აკვირდებიან. ენდეთ საკუთარ თავს და გამოცდილებას. მესი იყო ლიდერი, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი გუნდს აძლევდა ბრძოლის გაგრძელების შეუპოვარ მაგალითს.
- იპოვეთ ძალა კონცენტრირებული იყოთ საბოლოო მიზანზე. ყოველი ახალი დღე, ახალი მატჩია, სადაც მნიშვნელობა აღარ აქვს წინა დღეებში ჩატარებული თამაშების შედეგებს. ყოველი ახალი დღე ახალი გამოწვევაა. მესიმ მოახერხა დისტანცირებული ყოფილიყო მედია გამოხმაურებებისგან და მაქსიმალური ძალისხმევა ჩაედო საბოლოო მიზანში - დახმარებოდა თავის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში.
- არ არსებობს მოკლე გზა წარმატების მისაღწევად, თუმცა ბევრ შრომას და თავდადებას ყოველთვის მოჰყვება შედეგი. ერთ-ერთ ინტერვიუში მესიმ თქვა „მე ყოველ დღე და ყოველ წელს დღეს ვიწყებ ადრე და ვასრულებ გვიან, მე დამჭირდა 17 წელი და 114 დღე რომ ერთ ღამეში წარმატებული გავმხდარიყავი“.
რეალობაში, არ არსებობს წარმატების მისაღწევად სწრაფი და მოკლე გზა. წარმატებისთვის უნდა იმუშავო ბევრი, ყოველ თვე და ყოველ დღე. ლიდერმა უნდა აპოვნინოს თანამშრომლებს კომფორტის ზონიდან გამოსვლის და თავდადებით მუშაობის მოტივაცია. საქმისთვის თავის დანებება გამოსავალი არ არის. პირიქით, ყოველ დღე უნდა მიიწევდეთ წინ სასურველი მიზნისკენ.
წყარო:How The Power Of Teamwork Brings The World Cup Back To Argentina (forbes.com)
Article: Messi's magic: Lessons from Argentina's World Cup Victory — People Matters