რეკრუტერები და დამსაქმებლები აღნიშნავენ, რომ რეზიუმეში უნარების მითითება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კომპანიების 40% LinkedIn-ზე კანდიდატების ძებნისას უნარებით ძებნის ფუნქციას იყენებს. ეს მაჩვენებელი გაიზრდება 2024 წელს. დამსაქმებლები მეტად გადაერთვებიან უნარებზე დაფუძნებულ შერჩევაზე.
Forbes და FlexJobs გვიზიარებენ 10 მნიშვნელოვან უნარს, რომელიც უნდა მიუთითოთ რეზიუმეში:
1. პრობლემების გადაჭრა - დამსაქმებლებს სჭირდებათ კანდიდატები, რომლებსაც შეუძლიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და პრობლემების მოგვარება. კრეატიული გადაწყვეტილებების მოფიქრება იმგვარი უნარია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტიც ნაკლებად ჩაანაცვლებს.
2. კრიტიკული აზროვნება - World Economic Forum Future of Jobs 2023 ანგარიშის თანახმად, კრიტიკული აზროვნების უნარი მოიცავს პრობლემის შეფასების, მისი გადაჭრის გზების ანალიზის უნარს, ასევე, ჩვეულებრივიი სამუშაო პროცესების განახლებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
3. მოქნილობა - რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეინარჩუნეთ მოქნილობა სამსახურში. დამსაქმებელთან ერთად შეიმუშავეთ თქვენთვის მისაღები და სამსახურზე მორგებული სამუშაო განრიგი.
4. კომუნიკაცია - კომუნიკაციის უნარის მნიშვნელობა გადაჭარბებული არასდროს არის. ეს უნარი აუცილებელია ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. კომუნიკაციის უნარის მითითებისას შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითები მიუთითოთ, მაგალითად პრეზენტაციის, კონფლიქტების მოგვარების, მოლაპარაკების უნარები და სხვა.
5. გუნდური მუშაობა - შეიძლება ბანალურად ჟღერდეს და არც ბევრ ადამიანთან მუშაობა მოგწონდეთ, თუმცა, აუცილებელია იცოდეთ გუნდში მუშაობის წესები და გესმოდეთ გუნდური მუშაობის განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც გუნდის წევრებს შორის, ასევე, სხვა დაკავშირებულ გუნდებთან.
6. ტექნიკური უნარები - რთულია კორპორატიულ სამყაროში ისეთი პოზიციის პოვნა, რომელზეც არ დაგჭირდებათ ტექნიკური უნარების გამოყენება, იქნება ეს კომპანიისთვის დაწერილ პროგრამაში მუშაობა თუ მაიკროსოფტ ოფისის გამოყენება. რეზიუმეში შეგიძლიათ მიუთითოთ ტექნიკური უნარები, რომლებსაც უკვე ფლობთ ან სწავლის პროცესში ხართ.
თუ თქვენი პროფესია გულისხმობს კონკრეტულ, განსხვავებულ ტექნიკურ უნარს, არ დაგავიწყდეთ რეზიუმეში მისი მითითება.
7. დიზაინი - ამ უნარში არ იგულისხმება, რომ ყველანი საუკეთესო დიზაინერები უნდა ვიყოთ. დიზაინის პრინციპების ცოდნა ყველა საქმეში დაგეხმარებათ, იქნება ეს ინჟინერია, სოციალური მედიის მართვა თუ ფაუერფოინთში პრეზენტაციების მომზადება.
8. მონაცემების ანალიზი - განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი უნარია, რომელსაც უშუალოდ მონაცემების მეცნიერების მიღმა პოზიციებზეც იყენებენ. მაგალითად, თუ თქვენ ანგარიშებს აფასებთ, მუშაობთ ექსელში ან სხვა ფორმატით ამუშავებთ ინფორმაციას გადაწყვეტილების მისაღებად, თქვენ მონაცემების ანალიზში ხართ ჩართული.
9. მოლაპარაკება - გაყიდვები, თანამშრომლობა, შეთანხმება - ყველაფერი საჭიროებს მოლაპარაკებების წარმოების უნარებს. დაამატეთ ეს უნარი რეზიუმეში და მიუთითეთ პრაქტიკული მაგალითებიც, როდესაც თქვენი მოლაპარაკებების უნარის დემონსტრირებას წარმატება მოჰყვა.
10. მათემატიკა - რეზიუმეში პირდაპირ სიტყვა „მათემატიკა“ არ გადაიტანოთ. თუმცა ფინანსური ანალიზის, არითმეტიკის უნარები შეგიძლიათ მიუთითოთ, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ფინანსური გათვლები, ხარჯების შემცირება, სტატისტიკის ანალიზი, ალბათობების გამოთვლა და ფინანსური მოდელირება.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2024/05/29/10-must-have-skills-to-put-on-your-resume-in-2024/