წარმოიდგინეთ სცენარი - სტრესული დავალება გაქვთ სამსახურში, რომელიც აუცილებლად დროულად უნდა ჩააბაროთ, ამ სამუშაოს შესრულების ნაცვლად თქვენ 15 წუთში მეხუთედ ამოწმებთ მეილს, ათვალიერებთ ინსტაგრამს და უყურებთ სხვადასხვა ვიდეოებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პროკრასტინაციის სამყაროში. ამგვარი სიტუაცია ყველა ადამიანს გამოუცდია და მასში ახალი არაფერია. ადამიანები ათასეულობით წლის განმავლობაში მიმართავდნენ პროკრასტინაციას. ანტიკურ ბერძენ ფილოსოფოსებს სოკრატეს და პლატონს პროკრასტინაციის აღსაწერად სხვა სიტყვა ჰქონდათ - აკრასია, თუმცა მისი მნიშვნელობა იგივე იყო.
პრორასტინაცია ნიშნავს აუცილებლად შესასრულებელი დავალების შეგნებულად გადადებას ან დაგვიანებას. მისგან გამოწვეული სშეეაბოლოო შედეგი ყოველთვის სინანული, დეპრესია ან საკუთარი თავის სიძულვილია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რატომ ვიქცევით მაინც ამგვარად?
პროკრასტინაცია არ არის გამოწვეული დროის არასწორი მენეჯმენტით, ის უფრო მეტად ემოციების მართვის პრობლემაა. ადამიანები პროკრასტინაციას მიმართავენ იმის გამო თუ როგორ გრძნობენ თავს დავალების შესრულებისას და არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ შესასრულებელი დავალებების გეგმის ჩამოწერა.
Entrepreneur-ის თანახმად, სხვადასხვა საქმის გადადების მიზეზი ძირითადად არის მოტივაციის ნაკლებობა, სურვილის ნაკლებობა და წარუმატებლობის შიში.
მოტივაციის ნაკლებობა
ბევრი ადამიანი სამსახურში მოტივაციის ნაკლებობას განიცდის. პოსტ პანდემიურ სამყაროში, გლობალური ეკონომიკური კრიზისების და პოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში რთულია სამყაროში, განსაკუთრებით კი სამსახურში შთაგონების პოვნა.
ადამიანები არ არიან მოტივირებულები სამსახურში, რადგან არ სჯერათ იმის, რაზეც მუშაობენ. სტრესისგან გაქცევის გზაა იმ საქმის კეთება, რასაც იცი, რომ არ უნდა აკეთებდე.
წარუმატებლობის შიში
ხშირად პროკრასტინაციის მიზეზი ირაციონალური შფოთვაა, რომ შესრულებული სამუშაო არ იქნება საკმარისად კარგი და ვერ მიაღწევს სასურველ შედეგებს. ადამიანებს იმდენად ეშინიათ მარცხის, რომ ერთმევათ ამ საქმის დაწყების უნარი.
სურვილის ნაკლებობა
ჭარბი მოცულობის სამუშაოსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაოების პარალელურად მცირდება სამუშაოს შესრულების სურვილი, ამის გამო, უფრო მეტად რთულია გაუძლო სოციალურ მედიას, ვიდეო თამაშებს და პროკრასტინაციის სხვადასხვა საშუალებებს.
როგორ ვებრძოლოთ პროკრასტინაციას
პროკრასტინაცია რეალურად უფრო დიდი პრობლემის მაჩვენებელია. შესაბამისად, პირველ რიგში ამ პრობლემის მოგვარებით უნდა დაიწყოთ. შეეცადეთ ჩაერთოთ იმგვარ აქტივობებში, რომელიც გულწრფელად გაბედნიერებთ და შეასრულოთ დავალებები, რომლებიც კმაყოფილების შეგრძნებას გიტოვებთ.
გამოყავით თქვენი ძლიერი მხარეები და შეეცადეთ ისინი ყოველდღიურად გამოიყენოთ სამსახურში. ამ პატარა ნაბიჯებით შეიძლება ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება და მოტივაციის გაზრდა.
სიამოვნება მიიღეთ გზით და არა საბოლოო დანიშნულებით
შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ გზაზე და არა დანიშნულების საბოლოო ადგილზე. პროცესზე ფიქრი პროკრასტინაციის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა, რამდენადაც სიამოვნებას იღებთ საქმის კეთების პროცესით და არ იფიქრებთ მისი შესრულების გადადების სხვადასხვა გზებს.
დიდი დავალებები დაყავით პატარა ნაწილებად
დიდი დავალებები დაყავით პატარა ნაწილებად, ამგვარად რთული საქმის შესრულება ნაკლებად სტრესული იქნება.
მიეცით საკუთარ თავს მოდუნების საშუალება
შემდეგ ჯერზე, როდესაც საკუთარ თავს პროკრასტინაციაში გამოიჭერთ, მიეცით თავს მოდუნების საშუალება. საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებლობა პროკრასტინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში კარგი სტრატეგიაა.
2009 წელს კარლტონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგების თანხმად, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 119 პირველკურსელი, დადგინდა, რომ სტუდენტები, რომლებიც საკუთარ თავს პატიობდნენ პროკრასტინაციას პირველი გამოცდის მომზადების ეტაპზე, უფრო ნაკლები ალბათობით გადადებდნენ მეცადინეობას მეორე გამოცდისათვის.
წყარო - How to Stop Procrastinating and Get Things Done | Entrepreneur