საჯარო საუბრის შიში, გავრცელებული შიშია, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებას. დიდი აუდიტორიის წინაშე დგომისას შეიძლება შეგიპყროთ შფოთვამ და ნერვიულობამ, თუმცა ამ შიშის დაძლევა შესაძლებელია სწორი სტრატეგიების დანერგვით. Forbes გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ საჯარო საუბრის შიშის დაძლევაში და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში:
1. მომზადება და ვარჯიში;
შიშის დაძლევის პირველი საფეხური მომზადებაა, წინასწარ მომზადებით შეამცირებთ შფოთვას და გაზრდით თვითდაჯერებულობას. დაიწყეთ სასაუბრო თემის სრულყოფილად შესწავლა, განსაზღრეთ პრეზენტაციის საკითხები, ჩამოაყალიბეთ სტრუქტურა.
- ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება - შეაგროვეთ სასურველ საკითხთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია. დაწერეთ პრეზენტაციის სტრუქტურა, როგორი უნდა იყოს მისალმება, დასაწყისი, ძირითადი ნაწილი და შეჯამება. ეს სტრუქტურა დაგეხმარებათ არ დაიბნეთ და არ გადაუხვიოთ მთავარ საკითხს საუბრის დროს.
- ვარჯიში - რამდენიმეჯერ ივარჯიშეთ საუბარში. ჩაიწერეთ თქცენი საუბარი, ივარჯიშეთ სარკის წინ ან თუ ეს შესაძლებელია, მეგობრების და ოჯახის წევრების წინაშე. დააკვირდით საუბრის ტემბრს, რიტმს და სხეულის ენას;
- ივარჯიშეთ რეალურ გარემოში - თუ ეს შესაძლებელია ივარჯიშეთ იმ გარემოში, სადაც საჯარო სიტყვით უნდა წარსდგეთ აუდიტორიის წინაშე. ეს ვარჯიში დაგეხმარებათ გაუშინაურდეთ გარემოს და ნაკლებად დაისტრესოთ საუბრის დროს.
2. დამშვიდების ტექნიკები;
შფოთვა ხშირად წამოიქმნება უარყოფითი ფიქრებისგან და ფიზიკური დაძაბულობისგან. დამშვიდების ტექნიკები დაგეხმარებათ დაწყნარებასა და ყურადღების შენარჩუნებაში.
- ღრმად სუნთქვა - ისუნთქეთ ღრმად და ნელა, ჩაისუნთქეთ ცხვირით, შეიკავეთ ჰაერი რამდენიმე წამით და ამოისუნთქეთ პირით. რამდენიმეჯერ გაიმეორეთ ეს მოქმედება.
- ვიზუალიზაცია - წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა პრეზენტაციამ საუკეთესოდ ჩაიარა. იფიქრეთ იმაზე, როგორი შეგრძნება იქნება პრეზენტაციის კარგად ჩატარება, როგორი რეაქცია ექნება აუდიტორიას. პოზიტიურ ვიზუალიზაციას შეუძლია კომფორტის და დაცულობის შეგრძნებების გამოწვევა.
- კუნთების მოდუნება - ეს ტექნიკა გულისხმობს სხვადასხვა კუნთების მოდუნებას - ტერფიდან თავამდე ყურადღება მიაქციეთ თითოეულ კუნთს და სცადეთ მოდუნება.
3. ყურადღება გაამახვილეთ მთავარ სათქმელზე და არა შიშზე;
ყურადღების კონცენტრირების ცენტრის შიშიდან მთავარ მესიჯზე გადატანით მნიშვნელოვანი ცვლილების გამოწვევა შეგიძლიათ. თქვენი მიზანია აუდიტორიას გაუზიაროთ საჭირო ინფორმაცია, თქვენი მიზანი არ არის სრულყოფილების მიღწევა.
- გაიცანით თქვენი აუდიტორია - გაარკვიეთ ვინ იქნება თქვენი მსმენელი და რა აინტერესებთ მათ. თქვენი პრეზენტაცია შეუსაბამეთ მათ მოთხოვნებს და ინტერესებს.
- აუდიტორიის ჩართულობა - საუბრისას გაიღიმეთ, ხალხს უყურეთ თვალებში, დასვით კითხვები და მიეცით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
- მიიღეთ არასრულყოფილება - შეუცდომელი არავინ არის, საჯარო საუბრისას ყველა უშვებს შეცდომებს. არ იფიქროთ იმაზე, რომ აუცილებლად იდეალური უნდა იყოთ, ყურადღება გაამახვილეთ საუბრის ფორმაზე და მთავარ სათქმელზე.
საჯარო საუბრის შიშის დაძლევა დიდი მოგზაურობაა, რომლისთვისაც საჭიროა მოთმინება, ვარჯიში და თვითდისციპლინა. წინასწარ მომზადებით, დამშვიდების ტექნიკების გამოყენებით და მთავარ სათქმელზე ფოკუსირებით, თქვენ მოახერხებთ აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებულად წარდგენას.
წყარო - https://www.forbes.com/sites/goldiechan/2024/07/10/overcome-public-speaking-fear-3-steps/