სტრესი, გადაწვა, მარტოობის შეგრძნება და შფოთვა მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემებია. გლობალური პანდემიის შემდეგ შრომით ბაზარზე შეიცვალა რეალობა და მენტალური ჯანმრთელობა დამსაქმებლების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა.
მენტალური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, შფოთვითი აშლილობა ამერიკაში ყველაზე გავრცელებული მენტალური დაავადებაა, რომელსაც განიცდის 40 მილიონამდე მოზრდილი, რაც მოსახლეობის თითქმის 18%-ია.
Inc გვიზიარებს რამდენიმე მეთოდს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შფოთვის წინააღმდეგ და მის სამართავად:
1. ეცადეთ დამშვიდდეთ;
შფოთვის სამართავად ყველაზე გავრცელებული მეთოდია ღრმად სუნთქვის ვარჯიშებით სცადოთ ნერვული სისტემის დამშვიდება. რამდენიმე წუთის განმავლობაში ღრმა სუნთქვის შემდეგ ტვინი ხვდება, რომ თქვენ არ ხართ საფრთხეში და შეუძლია ბრძოლის ნაცვლად ორგანიზმი მოსვენების რეჟიმში გადართოს. თუ თქვენი ტვინის, რომელიმე ნაწილი გრძნობს რომ საფრთხეში ხართ, თუმცა რეალობაში ასე არ არის, დაარწმუნეთ თქვენი თავი რომ შიში უსაფუძვლოა.
2. ნეგატიური ფიქრებიდან გადაერთეთ პოზიტიურ ფიქრებზე;
შფოთვის დროს, შეეცადეთ არ იფიქროთ იმ თემებზე, რაც გაწუხებთ. სცადეთ და გადით გარეთ, ისეირნეთ ფეხით და იფიქრეთ პოზიტიურ თემებზე, რომლებიც თავს უსაფრთხოდ და მშვიდად გაგრძნობინებთ.
3. ჩამოწერეთ თქვენი გრძნობები;
შიშების და შფოთვის მიზეზების ჩამოწერა დაგეხმარებათ გაიაზროთ რეალურად რას გრძნობთ და როგორ შეიძლება მათი მართვა. მნიშვნელოვანია ჩამოწეროთ ფიქრები, რომელსაც ფიქრობთ უშუალოდ შფოთვის დაწყებამდე ან მის დროს. რას ეუბნებით ასეთ დროს საკუთარ თავს? ეს ფიქრები სიმართლეა თუ ირაციონალური შიშია? როდესაც ნათელს მოჰფენთ ფაქტებს, შეგიძლიათ განსაზღვროთ შემდეგი ქმედებები მათთან გასამკლავებლად.
4. გათავისუფლდით ყველაფრის კონტროლის სურვილისგან;
ხშირად, ნერვიულობა სხვების, ადამიანების, სიტუაციების გაკონტროლების გამუდმებული სურვილის პირდაპირი შედეგია. სცადეთ გაიაზროთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ და ვერ გააკონტროლებთ ყველაფერს. ამ შეგრძნებისგან გათავისუფლება დაგეხმარებათ ემოციების უკეთესად მართვაში. კონცენტრირდით იმგვარ რამეებზე, რომელთა მართვაც მარტივად შეგიძლიათ, დამშვიდდით და გააკეთეთ ერთი საქმე ერთ ჯერზე. კონტროლის სურვილისგან გათავისუფლება დაგეხმარებათ შფოთვებისგან გათავისუფლებაშიც.
5. გამოუტყდით საკუთარ თავს შიშებში;
შიშის გამოაშკარავებით ის კარგავს თავის ძალას და კონტროლს. არ აქვს მნიშვნელობა რისი გეშინიათ, თუ გაიაზრებთ შიშის გამომწვევ ფაქტორებს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის გაქრება.
რისიც არ უნდა გეშინოდეთ გამოუტყდით საკუთარ თავს ამ შიშებში, სისუსტე გადააქციეთ სიძლიერედ. თქვენი შიშების აღმოჩენა და მათთვის სახელის დარქმევა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ წარმატების მისაღწევად.
6. შეწყვიტეთ გამუდმებული ზედმეტი ფიქრი;
ლიდერობა მოითხოვს გადაწყვეტილების მიღების სწრაფ უნარს. გადაწყვეტილების მიღებისას გამუდმებული ზედმეტი ფიქრი შედეგის მომტანი არ არის. ასეთ დროს თქვენ უმოქმედობის წრეში იკარგებით, რაც იწვევს ანალიზის უნარის პარალიზებას. შემდეგ ეტაპზე დაგეწყებათ შფოთვა და უფრო და უფრო რთული გახდება გადაწყვეტილების მიღება. გაითავისეთ, რომ ყველაფერი წინასწარ გარკვეული და ნათელი არ არის. გაურკვევლობა შეიძლება პოზიტიურ ფაქტორად გადააქციოთ, რადგან ასეთ დროს შეიძლება იპოვოთ პრობლემის მოგვარების ყველაზე კრეატიული გზები.
წყარო - 6 Brain Hacks That Will Give Your Mental Health a Big Boost | Inc.com