ხშირად დამსაქმებლები კანდიდატის დაქირავებამდე ამოწმებენ მის გამოცდილებას და პიროვნებას. კანდიდატებისთვის შეიძლება ბუნდოვანი იყოს რას მოიცავს კანდიდატის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. Forbes გვიზიარებს განმარტებებს, რაც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ შემოწმების რა პროცესს გადის კანდიდატი დასაქმებამდე.
კანდიდატის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებისას, დამსაქმებელი ამოწმებს მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს. ამგვარი შემოწმების მიზანია თავიდან აიცილონ იმგვარი ადამიანის დაქირავების რისკი, რომელიც არ შეეფერება გამოცხადებულ ვაკანსიას, შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაქმებულებს, იყოს შეუსაბამო დაკავებულ პოზიციასთან და სხვა. შემოწმება ადასტურებს, რომ თქვენ სწორედ ის პიროვნება ხართ, როგორადაც თავი წარმოაჩინეთ რეზიუმეში.
კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიების კომპონენტები შეიძლება სხვადასხვა იყოს და დამოკიდებულია დამსაქმებელზე, მის საქმიანობის სფეროზე და პოლიტიკაზე. მაგალითად, საჯარო სამსახურში დასასაქმებლად მოგიწევთ უფრო დატვირთული გადამოწმების გავლა, რომელიც შეიძლება რამდენი თვეც კი გაგრძელდეს.
ნებისმიერი ტიპის შემოწმების გასავლელად მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმეში თქვენს შესახებ სწორი ინფორმაცია მიუთითო. Forbes გვიზიარებს რამდენიმე მიმართულებას, რაც შეიძლება გადაამოწმოს მომავალმა დამსაქმებელმა:
1. ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ;
2. ინფორმაცია თქვენი განათლების შესახებ;
3. ინფორმაცია პროფესიული ლიცენზიების და სერტიფიკატების შესახებ. ამ მიზნით დამსაქმებელი შეიძლება დაუკავშირდეს შესაბამისი დოკუმენტის გამცემ ორგანიზაციებს და გადაამოწმოს ნამდვილად გაიარეთ თუ არა საკვალიფიკაციო კურსი;
4. სოციალური მედია - ფორბსის მითითებით კანდიდატების 54% იფილტრება სოციალურ მედიაში გადამოწმების შემდეგ. არ არსებობს კრიტერიუმები რითიც შეიძლება დამსაქმებელმა თქვენი სოციალური მედიის პროფილები გადაამოწმოს, თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, შეგიძლიათ თქვენს პროფილზე წვდომა შეზღუდოთ.
5. დასაქმების ისტორია - გამოცდილების გადამოწმებისას დამსაქმებელმა შეიძლება გადაამოწმოს თქვენი წინა დასაქმების ისტორია, თქვენი პოზიცია, დასაქმების თარიღები და სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი;
6. რეკომენდატორებთან დაკავშირება - დამსაქმებელი შესაძლოა დაუკავშირდეს თქვენს რეკომენდატორებს იმისთვის, რომ შეაგროვოს მეტი ინფორმაცია თქვენი უნარების, ხასიათის შესახებ. სწორად შეარჩიეთ და მიუთითეთ რეკომენდატორები, რომლებთაც შეუძლიათ თქვენი უნარების საუკეთესოდ წარმოჩენა;
7. ნარკოტიკზე დამოკიდებულების შემოწმება - დასაქმებულმა შეიძლება მოითხოვოს შემოწმება ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი რაიმე შეუსაბამობას აღმოაჩენს? ეს არ ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თქვენ სამსახურში აღარ აგიყვანენ. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება თქვენ მიერ მიწოდებული არაზუსტი ინფორმაციის შინაარსზე. ზოგიერთ დამსაქმებელს მკაცრი პოლიტიკა აქვს საკუთარი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე კონკრეტული დანაშაულის გამო მსჯავრდებულების დასაქმების შესახებ, თუმცა სხვა დამსაქმებლისთვის შეიძლება ნასამართლეობის სტატუსს მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონდეს. დამსაქმებელმა შეიძლება გაითვალისწინოს რა დროა გასული ნასამართლეობიდან, რა ტიპის დანაშაულისთვის დადგა ეს შედეგი და არის თუ არა ეს საკითხი შესასრულებელ სამუშაოსთან მიმართებით რელევანტური. ზოგიერთი პოზიციისთვის შეიძლება შეუსაბამო აღმოჩნდეს თქვენი სამუშაო გამოცდილება, გავლილი საკვალიფიკაციო კურსები, განათლება და სხვა.