Calsberg Group-ის CEO-ს, სიტ ჰარტს, სამუშაოს პირველ დღეს მისმა ასისტენტმა საშვი მისცა, ლიფტით მეოცე სართულზე გაუჩერებლად ასასვლელად. მეოცე სართულზე კი CEO -ს კეთილმოწყობილი კაბინეტი იყო, რომელიც კოპენჰაგენის ულამაზეს ხედს გადაჰყურებდა. სწორედ ეს კაბინეტი საუბრობდა ჰარტის ახალი პოზიციის შედეგად შეძენილ ძალაუფლებასა და კომპანიისთვის მის მნიშვნელობაზე.
სიტ ჰარტმა მომდევნო ორი თვე ახალ პასუხისმგებლობებთან შეგუებას დაუთმო. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში მიხვდა, რომ კომპანიის თანამშრომლებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა. მიზეზი კი ის ექსკლუზიური საშვი იყო, რომელიც ლიფტს სხვა არცერთ სართულზე არ აჩერებდა. ჰარტმა გადაწყვიტა, თავის კეთილმოწყობილ კაბინეტზე უარი ეთქვა და სამუშაო კუთხე უფრო დაბალ სართულზე, ღია სივრცეში მოეწყო.
როდესაც ჰარს მისი არაორდინალური გადაწყვეტილების მიზეზი ჰკითხეს, თქვა, რომ თუ კომპანიის თანამშრომლებს ვერ შეხვდებოდა, ვერ გაიგებდა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი და შესაბამისად, ჰარტი ვეღარ შეძლებდა კომპანიის ეფექტურად მართვას.
ჰარტის გამოცდილება კარგია მაგალითია იმისა, თუ როგორ აიცილია CEO-მ კომპანიის თანამშრომლებისგან იზოლაცია. იზოლაციისა და ჩაკეტილობის რისკი ყველა მაღალ პოზიციას თან ახლავს, ადამიანის ბუნება ასეთია: როცა მაღალ თანამდებობაზე დაწინაურდება, მაღალია რისკი, ეგო მის ქცევაზე მოქმედებს. ამ რისკის რეალიზებისას კი შესაძლოა, მენეჯერმა კლიენტებთან, კოლეგებთან და ორგანიზაციის კულტურასთან კავშირი დაკარგოს.
რაც უფრო მაღალია იერარქიაზე თანამდებობა, მით უფრო მეტად იზრდება ადამიანის ძალაუფლებაც. ძალაუფლებასთან ერთად ადამიანუს უჩნდება სურვილი, უფრო მეტად მოუსმინონ და ნაკლებად შეეწინააღმდეგონ. ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ნევროლოგი დავიდ ოუენი და დიუკის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ქცევითი მეცნიერების პროფესორი, ჯონათან დეივიდსონი ამას ადამიანის „განდიდების სინდრომს“ უწოდებენ და ასე განმარტავენ: ძალაუფლების მიღების შედეგად გამოწვეული აშლილობა, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებასთან ასოცირდება.
ჯენიფერ ვო, The Lane Crawford Joyce Group-ის CEO და ბორდის წევრი ამბობდა, რომ მენეჯერის ყველაზე დიდი გამოწვევა ეგოს დათრგუნვაა, რომელიც მას მეტი ძალაუფლებისა და გავლენის მოხვეჭისაკენ უბიძგებს. თუ ადამიანი საკუთარ ეგოს ვერ აკონტროლებს, ის შეიძლება საკუთარ ხედვებსა და ღირებულებებს აცდეს. ამასთან, მეტი ძალაუფლების სურვილს, ხშირად ადამიანი საკუთარ ემოციების მართვასა და კონტროლის დაკარგვამდე მიჰყავს. გადაჭარბებული ეგო ადამიანს მოწყვლადს ხდის, ავიწროებს ხედვას და ხშირად, საკუთარი ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისაკენ უბიძგებს.
უკონტროლო ეგო შესაძლოა სხვა ადამიანების სამიზნედაც იქცეს. როდესაც სხვები ხედავენ, რომ ადამიანის ეგო მაღალია, მარტივად ახერხებენ მასზე გავლენის მოხდენას- ქათინაურებით, შექებით და სხვ. ამასთან, მაღალი ეგოს მქონე ადამიანები ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც გარშემო მყოფ ადამიანებსა და ,ორგანიზაციასაც აზიანებს. უკონტროლო ეგოს მქონე ადამიანი ხშირად უფრო უხეში და ეგოისტია, აფერხებს სხვა ადამიანების განვითარებას შესაძლებლობებს. მაღალი ეგოს მქონე ადამიანის შეცვლა რთულია, რადგან ასეთ ადამიანს საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ შეუძლია, მისი ეგო შეცდომების აღიარებისგან თავდაცვის მექანიზმს აშენებს.
მაღალი ეგოს მქონე ადამიანს განსხვავებული ან კრიტიკურლი აზრის მოსმენა უჭირს, მას შეუძლია მიიღოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მის რწმენასა თუ ცოდნას შეესაბამება და ადასტურებს. თუ მენეჯერი მაღალი ეგოს პატრონია, მას უჭირს გუნდის მართვა, კონფლიქტურია და ხშირად, კომპანიის ღირებულებებთან კარგავს ბმას.
ეგოს კონტროლი სულაც არ არის მარტივი პროცესი, ის თავდაუზოგავ შრომასა და გამბედაობას მოითხოვს. არსებობს ეგოს კონტროლისა თუ მართვის რამდენიმე მეთოდი, რომლის შინაარსიც ასე გამოიყურება :
· მაღალ პოზიციას ახალი პრივილეგიები მოჰყვება. მათი ნაწილი მენეჯერს საქმის უკეთ გაკეთებაში ეხმარება, ხოლო ნაწილი უბრალოდ მის სტატუსსა და ძალაუფლებას უსვამს ხაზს. ეგოს კონტროლისათვის კარგი იქნება, თუ ადამიანი ამ პრივილეგიებიდან რომელიმეზე უარს იტყვის - მაგალითად, დათმობს პირადად მისთვის გამოყოფილი პარკინგის ადგილს.
· მენეჯერმა მხარი უნდა დაუჭიროს, განავითაროს და იმუშაოს ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მისი ეგოს გამოკვებაზე არ ფიქრობენ. მათ უნდა დაიქირაონ ისეთი ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის არ ერიდებათ და ხშირად, მენეჯერის მოსაზრებას ეწინააღდმეგებიან
· თავმდაბლობა და მადლიერება ეგოს კონტროლის აუცილებელი მექნიზმია. კარგი იქნება, თუ მენეჯერი კოლეგების კარგად შესრულებულ საქმეებზე ხშირად და ხმამაღლა ისაუბრებს, რადგან სწორედ ამ ადამიანების შრომა განაპირობებს მის წარმატებას. ასეთი ქმედება ადამიანს თავმდაბლობის ბუნებრივად გამომუშავებაში დაეხმარება.
მაღალ ხელფასს, ლამაზ კაბინეტსა და მაღალ პოზიციას ხშირად ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. ისინი ფიქრობენ, რომ უკვე კარგი მენეჯერობისა და ხალხის მართვის უნივერსალური გასაღები იპოვეს, თუმცა ისინი ცდებიან. ლიდერობა და მენეჯერობა ადამიანებთან ურთიერთობაზე მიმართულია, ადამიანები კი ყოველდღიურად იცვლებიან. თუ ადამიანი საკუთარ ეგოს საშუალებას მისცემს, ამოარჩიოს რა მოისმინოს, რა დაინახოს და რა დაიჯეროს - წარსულ წარმატებას მომავლის გაფუჭებისა და წარუმატებლობის საშუალებას მისცემს.