სოციალური მედიის დახმარებით მარტივად შეგვიძლია ვადევნოთ თვალი სხვების წარმატებებს და მიღწევებს. საკუთარი მიღწევების მეგობრების და კოლეგების წარმატებებთან შედარება შეიძლება მტივნეული იყოს თუ ცუდი პერიოდი გაქვთ და თავს კარგად არ გრძნობთ. ასეთ დროს უმჯობესია შეწყვიტოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება და ყურადღება გაამახვილოთ აქტივობებზე, რომლებიც გაბედნიერებთ. Harvard Business Review გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება კარგი განწყობის შენარჩუნება, როდესაც ძალიან გჭირდებათ გამარჯვების შეგრძნება:
- ყველაფერი დროებითია;
არაფერია სამუდამო. ყოველთვის იქნება აღმასვლის და დაღმასვლის პერიოდები. ზოგჯერ შეიძლება თავს წარმატების მწვერვალზე გრძნობდეთ, ზოგჯერ კი მარტივი დავალებების შესასრულებლადაც კი უდიდესი ძალისხმევა იყოს საჭირო. ცუდი პერიოდი დროებითია და სამუდამოდ არ გაგრძელდება. თუ ამის მოსმენა სხვა ადამიანებისგან გჭირდებათ, თხოვეთ დახმარება მენტორს, მეგობარს, მას, ვისაც შეუძლია განსხვავებული პერსპექტივიდან დაგანახოთ რეალობა.
- პატარა გამარჯვებების აღნიშვნა;
რა ხდება მაშინ როდესაც, საერთოდ ვერ აღიქვამთ, რომ რაიმე საქმეში წარმატებას მიაღწიეთ? წარმატებაზე ფიქრისას, როგორც წესი, წარმოვიდგენთ შეგრძნებას გრძელვადიანი მიზნის მიღწევის ან დიდი აღმოჩენების გაკეთების შეგრძნებეს. დიდი გამარჯვებები მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ნაკლები სიხშირით ხდება. თუ გიჭირთ ამოიცნოთ პატარა გამარჯვებები, სცადეთ კიდევ უფრო პატარა წარმატებების აღმოჩენა. ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც ბოლოს პროექტზე მუშაობისას გააკეთეთ და პასუხი გაეცით შემდეგ კითხვებს - რომელმა ნაწილმა ჩაიარა შეფერხებების გარეშე? პროექტში რამ გადააჭარბა თქვენს მოლოდინებს?
პატარა გამარჯვებების აღნიშვნით გაუმჯობესდება განწყობა და გაიზრდება თავდაჯერებულობა.
- პირადი სივრცის საზღვრების დაწესება;
საუკეთესო სურვილების მქონე მეგობრებს და კოლეგებსაც კი შეუძლიათ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოთ. დააკვირდით კოლეგებს შორის ვინ გაგრძნობინებთ თავს კარგად და ვისთან ურთიერთობა არ გსიამოვნებთ. დააწესეთ საზღვრები და თავი აარიდეთ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობაც თავს ცუდად გაგრძნობინებთ.
ღირებული და მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, არ აქვს მნიშვნელობა ეს კავშირები სამსახურში თანამშრომლებთან იქმნება თუ ოჯახის წევრებთან სახლში, მნიშვნელოვანია ორი მთავარი ფილტრის შემუშავება. პირველი ფილტრი დაგიცავთ სხვა ადამიანებისგან, ხოლო, მეორე ფილტრი - სხვა ადამიანებს დაიცავს თქვენგან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებისგან იზოლირებულად უნდა იცხოვროთ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი დრო უნდა გაატაროთ იმ ადამიანებთან, ვინც თავს კარგად გაგრძნობინებთ.
- საკუთარი სიძლიერეების დაფასება;
თუ თავს ცუდად გრძნობთ, მადლიერების შეგრძნებამ შეიძლება უფრო მეტად დაგამძიმოთ. მადლიერების სიის შედგენის ნაცვლად სცადეთ საკუთარი ძლიერი მხარეების დაფასება. გაიხსენეთ თქვენი ბოლო ქმედებები და ჩამოწერეთ რა გააკეთეთ კარგად. ეს შეიძლება მარტივი რაღაცები იყოს, მაგალითად, გაუღიმეთ ბარისტას ან ლიდერშიფის შეხვედრაზე რთული პრობლემის გადაჭრის გზა იპოვეთ. დღეში მინიმუმ სამი კარგი რამ ჩამოწერეთ. დროთა განმავლობაში, პოზიტიური ამბების დაგროვებასთან ერთად, გაიზრდება თვითდაჯერებულობა.
- პოზიტიური ამბების დაფასება;
ცუდად ყოფნისას შეიძლება გრძნობდეთ დაუოკებელ სურვილს, რომ აუცილებლად რაღაც უნდა გააკეთოთ ამის შესაცვლელად. ხშირად, არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. არაფერი შეიძლება ნიშნავდეს უბრალოდ ჯდომას, დასვენებას და ჟურნალის კითხვას ან წინა კვირაში ჩატარებულ შეხვედრაზე ფიქრს.
მიეცით გონებას დამშვიდების შესაძლებლობა იმისთვის, რომ აღმოაჩინოს პოზიტიური ამბები, თუ რა გააკეთეთ სწორად. ყოველდღიურ რუტინაში შეიძლება გამოგეპაროთ და ვერ შენიშნოთ ყველაფერი, რაც კარგად მიდის, თუმცა როდესაც მშვიდად და წყნარად გადახედავთ თქვენს ცხოვრებას, აუცილებლად დაინახავთ მათ. ყოველ დღე მინიმუმ სამი რამ ჩამოწერეთ, რაც კარგად და სწორად გააკეთეთ.
- შეწყვიტეთ სხვების გამარჯვებასთან საკუთარი თავის შედარება;
ხანდახან საჭიროა სხვების გამარჯვებების და წარმატებების აღიარება. თუმცა, ამ პროცესში აუცილებელი არ არის სხვებს შეადაროთ და წარუმატებლობის გამო შეარცხვინოთ საკუთარი თავი, წარმოიდგინოთ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყავით და არ ხართ. ამის ნაცვლად, სხვა ადამიანების მიღწევები გამოიყენეთ მოტივაციისთვის - თუ მან შეძლო, თქვენც შეძლებთ.
- გაიფართოვეთ ჰორიზონტები;
ცუდად ყოფნის დროს ადამიანები ნაკლებს მუშაობენ. შეეცადეთ იპოვოთ ახალი გამოწვევები. შეწყვიტეთ რისკების კონტროლის მცდელობა და თავად შექმენით ახალი შესაძლებლობები პოზიტიური ცვლილებებისთვის.
წყარო - https://hbr.org/2023/07/keeping-your-spirits-up-when-you-really-need-a-win-at-work