რეზიუმეს შედგენისას ჩვენი მიზანია, პოზიტიური შთაბეჭდილება მოვახდინოთ დამქირავებელზე ისე, რომ ინფორმაცია იყოს ამომწურავი და არა ბუნდოვანი.
ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, რეზიუმეში მივუთითოთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია და მნიშვნელოვანი, ჩვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიიცისათვის.
სამუშოს საძიებელი ონლაინ პორტალის, ამერიკული „მონსტერის“ კარიერული ექსპერტი, ვიკი სალემი, კარგად შედგენილ რეზიუმეს პირველ წარმატებულ ნაბიჯს ადარებს. თუ რეზიუმეში გამოყოფილია სასურველი პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები და ისინი გამყარებულია კონკრეტული გამოცდილებით, რეზიუმე რეკრუტერისთვის უკვე საინტერესო ხდება.
გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მივუთითოთ რეზიუმეში უნარ-ჩვევები:
განსაზღვრეთ, რომელ უნარებს სჭირდება მითითება
კონკრეტული პოზიციისთვის საჭირო უნარების დასადგენად, საუკეთესო გზა სამუშაო აღწერის გულდასმით წაკითხვაა. როგორც წესი, კომპანიები ვაკანტური პოზიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო უნარებს, პიროვნულ მახასიათებლებსა და მოვალეობებს სამუშაო აღწერილობაში გამოყოფენ. სამუშაო აღწერილობის მიხედვით, თქვენ შეძლებთ დაადგინოთ საჭირო უნარები და მიუთითოთ ისინი თქვენს რეზიუმეში.
სალემი სამუშაო აღწერილობას, კომპანიის მიერ მოცემულ „შპარგალკას“ უწოდებს. თუ კომპანიის მიერ მოწოდებული სამუშაო აღწერილობა ბუნდოვანია, დაუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს და გამოჰკითხეთ დეტალები ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებით. ან დაუკავშირდით ადამიანს, რომელიც ამ ინდუსტრიაში მუშაობს და მასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, შეავსეთ რეზიუმე საჭირო უნარ-ჩვევებით.
პიროვნული და პროფესიული უნარების ბალანსი
აუცილებელია, თქვენი რეზიუმე შეიცავდეს როგორც ტექნიკურ-პროფესიულ, იგივე hard, ისე პიროვნულ - soft უნარებს.
Soft უნარები ქცევებისა და პერსონალური მახასიათებლების ერთიანობაა. მაგალითად, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარი; hard უნარები ფუნქციური და ტექნიკური უნარების ერთობაა, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. დამსაქმებლისთვის ორივე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. გარდა კვალიფიციურობისა, დამქირავებელი კანდიდატის კომპანიის კულტურასთან თანხვედრას აქცევს ყურადღებას დ იმ შემთხვევაში, თუ რეკრუტერი მსგავსი გამოცდილების ორ კანდიდატს განიხილავს ვაკანტური პოზიციისთვის, არჩევანს შეაჩერებს იმაზე, რომელიც კომოანიის კულტურას უფრო მეტად ერგება.
კარგი იქნება, თუ რეზიუმეს არ გადატვირთავთ უნარების ჩამონათვალით. დაწერეთ მხოლოდ ექვსი ან მაქსიმუმ რვა უნარი, გადატვირთული რეზიუმე რეკრუტერს კარგ შთაბეჭდილებას არ უქმნის.
გაამყარეთ თქვენი უნარები მიღწევებით
რა თქმა უნდა, მხოლოდ უნარებისა და წარსული პოზიციების სათაურების ჩამონათვალი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თქვენი რეზუმე სრულყოფილი იყოს, თქვენ ისინი კონკრეტული მაგალითებით უნდა გაამყაროთ.
მაგალითად, თუ თქვენ ამბობთ, რომ კარგი გაყიდვების მენეჯერი ხართ, რეზიუმეში უნდა მიუთითოთ თქვენს მიღწევებზე ამ კონკრეტული კომპეტენციის გასამტკიცებლად.
ასევე, თქვენი უნარები აქტიური ზმნით უნდა გამოხატოთ: „ვიკვლევდი“, „ორგანიზებას ვუწევდი“, „ვქმნიდი“, და სხვ., ეს ხერხი რეკრუტერის ყურადღების მიქცევაში დაგეხმარებათ.
განავითარეთ უნარები, რომლებიც გაკლიათ
და ბოლოს, არ გაიტეხოთ გული, თუ ვერ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს თქვენს სასურველ პოზიციაზე. პირიქით, იმუშავეთ საჭირო უნარების განვითარებაზე.
მაგალითად, თუ თქვენი სასურველი სამუშაო ფინანსებშია, შეგიძლიათ აიღოთ სასურველი ონლაინ კურსი Linkedin Learning-სა და Сoursera-ზე.
აღსანიშნავია ისიც, რომპროფესიული ( hard) უნარები მარტივად დასწავლადია, თუმცა დროთა განმავლობაში პიროვნული ( soft) უნარებიც გამომუშავებადია. მთავარია, ვიპოვოთ ეფექტური გზა მათ გასავითარებლად, საბოლოოდ კი ეს უნარი რეზიუმეს ჩამონათვალშიც აღმოჩნდება