- რა არის თქვენი სასურველი ხელფასი? - ამ კითხვაზე სწორი პასუხის ძიებაში ბევრი სტატია, ბლოგი თუ მოსაზრება დაწერილა.
კანდიდატები ფიქრობენ, რომ კომპანიის მიერ ვაკანტურ პოზიციაზე გათვალისწინებულ ხელფასზე ნაკლების დასახელების შემთხვევაში დამსაქმებლის თვალში ნაკლებად კვალიფიციურები გამოჩნდებიან, ხოლო მეტის დასახელების შემთხვევაში, შესაძლოა, სასურველ პოზიციაზე დასაქმების შანსი დაკარგონ. ამიტომ ისინი ოქროს შუალედს ეძებენ, თუმცა მისი პოვნა არც თუ ისე მარტივია.
მოლუდ ნური, BreakYourBarriers.com -ის კარიერის ტრენერი, Quora-ზე ამ კითხვაზე პასუხის საკუთარ ვერსიას აქვეყნებს. მისი აზრით, კანდიდატმა ამ კითხვას პასუხი არ უნდა გასცეს, რადგან ვაკანტურ პოზიციაზე გათვალისწინებული ხელფასის დასახელება დამსაქმებლის მოვალეობაა.
მოლუდ ნური მკითხველს გასაუბრების სტანდარტულ სცენარს სთავაზობს, სადაც გამსაუბრებელი ყველა ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ კანდიდატმა თავისი სახელფასო მოლოდინი დაასახელოს. კომპანიის წარმომადგენლები ამ კითხვაზე პასუხის აუცილებლობას ხშირად გასაუბრების „სტანდარტულ პროცედურას“ უკავშირებენ. „ზეწოლის“ შემდეგ კანდიდატი იბნევა, იძაბება, ერიდება წესების დარღვევას და საბოლოოდ სასურველ ხელფასსაც ასახელებს. ნურის აზრით, ეს არასწორია, რადგან რეკრუტინგში არანაირი „სტანდარტული პროცედურა“ არ არსებობს. ხელფასი ყოველთვის მოლაპარაკებადია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე საუკეთესო კანდიდატს ეხება.
ნორი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ გავრცელებულ პრაქტიკაზე, რომელიც მინიმალური სახელფასო მოლოდინისა და არსებული ხელფასის დასახელებას გულისხმობს. მოლუდ ნურის აზრით, არსებული ხელფასი, შესაძლოა, სულაც არ იყოს რელევანტური ვაკანტური პოზიციისათვის. კომპანიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საქმის სპეციფიკითა და სტრესულობით, სამუშაო გარემოთი და სხვა მრავალი ფაქტორით, რომელიც განაპირობებს სასურველი ხელფასის ოდენობას. იგი კანდიდატებს ურჩევს, სახელფასო მოლოდინის დასახელების ნაცვლად, გამსაუბრებლებს კომპანიის საქმიანობაზე, თანამშომლებსა და ორგანიზაციულ კულტურაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება მოთხოვონ.
საბოლოოდ, ნორი კანდიდატებს გასაუბრებაზე სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას ურჩევს. მათ ყოველთვის ხაზი უნდა გაუსვან საკუთარ პროფესიონალიზმს, დაანახონ გამსაუბრებლებს თავიანთი ხედვები, მეტი გაიგონ კომპანიის მუშაობის სპეციფიკაზე და ბოლოს თავად დასვან კითხვა:
- რა არის ამ პოზიციისთვის გათვალისწინებული ხელფასი?