უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო მოიცვა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, რომელთაგან განსაკუთრებული ადგილი ხელოვნურ ინტელექტს უჭირავს. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებმა გადააჭარბა მის მიმართ არსებულ მოლოდინებს და გამოიწვია ძირეული დისკუსიები, თუ როგორ შეცვლის ეს ტექნოლოგია მსოფლიოს, ადამიანების ყოველდღიურობას თუ სამუშაო გარემოს.
ცხადია, რომ ხელოვნური ინტელექტი ირიბ თუ პირდაპირ გავლენას მოახდენს შრომით ბაზარზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ის უბრალოდ დაეხმარება ადამიანებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს ის. ისტორიულად მნიშვნელოვანი „მყარი“ უნარები ნაკლებად მნიშნელოვანი გახდება ადამიანებისთვის. FastCompany გვიზიარებს 5 ე.წ. „რბილ“ უნარს, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში:
1. სოციალური ურთიერთობების დამყარების უნარი;
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიუხედავად სამსახურში ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობების დამყარების, გუნდური მუშაობის უნარები, ემოციური ინტელექტი.
2. კრეატიულობა;
არასწორია ზოგადი მითითება იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანებს. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ტექნოლოგიების სხვებზე უკეთ გამოყენებას და ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში ინტეგრირებას, ნამდვილად ჩაანაცვლებენ სხვებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დასაქმებულები, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ ChatGPT-ს, ასრულებდნენ 12.2%-ით მეტ დავალებას, მუშაობდნენ 25.1%-ით სწრაფად და 40%-ით უკეთესად ვიდრე დასაქმებულები, რომლებიც არ იყენებდნენ ხელოვნურ ინტელექტს.
დასაქმებულები, რომლებიც მოახერხებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მათ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, ამ გზით გამოავლენენ კრეატიულობას და კრიტიკული აზროვნების უნარს.
ხელოვნური ინტელექტის სიზუსტე, შეუცდომლობა და პასუხის ხარისხი დამოკიდებულია დასმულ კითხვაზე. რამდენად ზუსტად და სწორად არის დასმული მისთვის მიცემული დავალება, მით უფრო მაღალი ხარისხის პასუხის გაცემას მოახერხებს ხელოვნური ინტელექტიც.
სწორი კითხვების ჩამოყალიბებისთვის, დასაქმებულს კარგად უნდა ესმოდეს მისი შესაძლებლობები და ლიმიტები, იაზრებდეს კითხვის შინაარსს და კრეატიულად მიუდგეს ამ პროცესს. სწორი კითხვების და აღწერის ჩამოყალიბება გახდება მნიშნელოვანი უნარი, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიებთან მუშაობას და კრეატიულობას.
3. კრიტიკული აზროვნების უნარი;
კრიტიკული აზროვნების უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული პასუხების შეფასებისას. ყველა პასუხი არ იქნება სწორი, მიუკერძოებელი და შეუცდომელი. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გაიაზროს დიდი რაოდენობის მონაცემები და წარმოუდგენლად სწრაფად შემოგთავაზოთ პრობლემის გადაჭრის გზები, თუმცა მათი ნამდვილობა ან ეფექტურობა გარანტირებული არ არის. განვითარებული ტექნოლოგიები საკუთარ პასუხებს აგებენ სხვდასხვა მონაცემთა ბაზების და ინფორმაციების ანალიზზე, რაც შეიძლება შეიცავდეს მცდარ და არასწორ მონაცემებს.
კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანმა უნდა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის მიერ გაცემული პასუხების გასაანალიზებლად. დასაქმებული უნდა გახდეს შემფასებელი, გადაწყვეტილების მიმღები, კრიტიკულად უნდა გაიაზროს მიღებულ პასუხი, შეაფასოს რისკები, განსაზღვროს რამდენად წარმატებული იქნება ამ გადაწყვეტილების აღსრულება.
4. ცნობისმოყვარეობა;
ცნობისმოყვარეობა არის ადამიანის სურვილი გამოიკვლიოს, გაიგოს და შეიმეცნოს მის ირგვლივ არსებული სამყარო. ცნობისმოყვარეობის გამო ადამიანები სვამენ კითხვებს, ეძებენ ახალ ცოდნას, იღებენ გამოწვევებს და სხვა.
ცნობისმოყვარეობა აძლევს ადამიანს ძალას დატოვოს საკუთარი კომფორტის ზონა და სიახლეები ეძებოს მისთვის უცნობ იდეებში და გამოცდილებებში. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როდესაც ალგორითმებს და მანქანებს შეუძლიათ უსწრაფესად გადაამუშავონ დიდი მოცულობის მონაცემები, ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უნარი ხდება. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გამოიცნოს პატერნები, იწინასწარმეტყველოს შედეგები, ავტომატიზირებულად ამოხსნას რთული დავალებები, თუმცა მას აკლია ადამიანისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობა. ადამიანს შეუძლია ინტერპრეტაცია, კითხვების „რატომ?“ და „როგორ?“ დასმა.
5. მიუკერძოებელი, ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როდესაც გადაწყვეტილებები ძირითადად მიღებული იქნება ალგორითმების მიერ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ეთიკური, მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება. მონაცემები რაზეც ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიკერძოებული და მცდარი. შემოწმების გარეშე მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს კომპანიებისთვის. ადამიანის უნიკალური უნარია მიიღოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება და გამოასწოროს ალგორითმის მიერ დაშვებული შეცდომა.
ადამიანის უნარი მიიღოს ეთიკური გადაწყვეტილებები, პატივი სცეს სოციალურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს და ინდივიდუალურ თავისუფლებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანის ჩართულობა ასეთ დროს გარანტიაა რომ კომპანია არ გამოყენებს ხელოვნურ ინტელექტს უსამართლო და ზიანის მიმყენებელი გადაწყვეტილებების მისაღებად.
წყარო - The 5 soft skills needed to succeed in an AI-dominated workplace (fastcompany.com)