კომპანიებმა Glassdoor და Indeed-მა გამოაქვეყნეს პირველი ანგარიში თუ რა ტრენდები იქნება აქტუალური 2023 წელს შრომით ბაზარზე. კვლევის ფარგლებში კომპანიებმა გამოკითხეს ათასამდე დასაქმებული, კონსულტაციები გამართეს ეკონომისტებთან. რის შედეგადაც, გვიზიარებენ 2023 წელს მოსალოდნელ ხუთ მთავარ ტრენდს:
1. ტალანტების ნაკლებობა;
მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა ტექ კომპანიებმა სამუშაო ადგილები შეამცირეს და ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, 2023 წელს შრომით ბაზარზე ტალანტების ნაკლებობა იქნება.
შემცირებული სამუშაო ადგილების გათვალისწინებით, დამსაქმებლები უფრო ნაკლებ კანდიდატებს დაიქირავებენ, თუმცა, არსებული ვაკანსიების რაოდენობის შესავსებად შრომით ბაზარზე არ იქნება საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი.
Indeed და Glassdoor-ის ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ტალანტების ნაკლებობა იქნება დიდი გამოწვევა შემდეგ წლებშიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოლაპარაკებისას წამყვანი როლი დასაქმებულებს ექნებათ. მათ ექნებათ საშუალება მოითხოვონ უფრო მაღალი ანაზღაურება, უკეთესი ბენეფიტები და მოქნილი სამუშაო განრიგი.
2. დისტანციური მუშაობა;
დასაქმებულების ყველაზე პოპულარული მოთხოვნა იქნება დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა. რეპორტის თანახმად, კანდიდატები გამუდმებით ინტერესდებიან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით.
დისტანციური მუშაობა შეიძლება მისაღები არ იყოს ყველა კომპანიისთვის და ყველა ტიპის პროფესიონალისთვის, თუმცა ეს გადარჩევა ბუნებრივად განხორციელდება.
3. გაზრდილი ბენეფიტები;
კვლევამ აჩვენა, რომ დამსაქმებლები მუდმივად ზრდიან კანდიდატებისთვის შესათავაზებელ კორპორატიულ ბენეფიტებს და იყენებენ მათ ახალი ტალანტების მოსაზიდად. ეს ტრენდი 2023 წელსაც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლები უფრო მეტად სთავაზობენ დასაქმებულებს მენტალური ჯანმრთელობის ბენეფიტებს. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 49%-დან 63%-მდე გაიზარდა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბენეფიტები.
4. ბედნიერება, როგორც წარმატების საზომი ერთეული;
დასაქმებულები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას საკუთარ ბედნიერებას და კეთილდღეობას პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით. გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა აღნიშნა, რომ სამსახურში ბედნიერების მოლოდინი გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თავს როგორ გრძნობენ სამსახურში, მხოლოდ 49% აღნიშნავს რომ მათი კომპანია ზომავს ბედნიერების და კეთილდღეობის მაჩვენებლებს.
ამ მონაცემების ანალიზით აშკარაა, რომ ტალანტების მოძიებისა და შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია კომპანიებმა დაიწყონ დასაქმებულების ბედნიერების გაზომვა და გაგება თუ რა აბედნიერებთ მათ.
5. DEI – მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა (diversity, equity and inclusion);
კვლევის თანახმად, 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი იქნება სამუშაო ადგილას მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფა.
ამ ინიციატივასთან დაკავშრებით განსხვავებული მიდგომები აქვთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს. 18-დან 34 წლამდე გამოკითხულთა 72% აცხადებს, რომ უარს იტყვიან სამსახურის შემოთავაზებაზე ან დატოვებენ კომპანიას, თუ მათი მენეჯერი (ან პოტენციური მენეჯერი) მხარს არ უჭერს DEI ინიციატივებს. ეს მიდგომა იცვლება უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 35-დან 44 წლამდე გამოკითხულების მხოლოდ 63%, 45-დან 54 წლამდე - 60%, 55-დან 64 წლამდე - 52% და 65 წლის ზემოთ - 45% ფიქრობს ამგვარად. ამგვარი განსხვავება ასაკობრივ ჯგუფებს შორის გასაკვირი არც არის.
წყარო - The 5 biggest workplace trends of 2023: report Glassdoor and Indeed (fastcompany.com)