გაურკვეველი მომავლისა თუ გლობალური კრიზისის პერიოდში, ადამიანს უჭირს შეინარჩუნოს ცხოვრების ინტერესი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამის ერთადერთი მიზეზია საკუთარი როლისა და ცხოვრების აზრის დაკარგვა. ის, რაც ადრე, მშვიდობიან პერიოდში, ადამიანებს ცხოვრების სტიმულს აძლევდა, უფერულდება, ის, რაც რამდენიმე თვის წინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო- არარელევანტური ხდება, გაურკვევლობა ისადგურებს ყველგან, არ ვიცით, რისი გაკეთება მოგვიწევს „ხვალ“.
კრიზისი დროს ემოციური ფონი მაღალია, გაურკვეველი მომავლის შიში ყველა კუთხეში და თაროზეა, ადამიანების ერთადერთი საფიქრალი კი არის განზოგადებული, ინდივიდუალური და იდენტურიც, გადარჩენასა და მომავალზე მიმართული- „ნეტა, ყველაფერი კარგად იყოს“.
გლობალური კრიზისი ინდივიდუალიზმის მტერია, გაურკვეველი მომავლის შიშის დაძლევა კი ინდივიდის ღირებულებებზე გადის, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რა არის ინდივიდისთვის მნიშვნელოვანი, ან რა არის ინდივიდის მნიშვნელოვნება საზოგადოებაში.
საკუთარ თავთან, საკუთარ ღირებულებებთან ბალანსის დასაბრუნებლად, ფსიქოლოგებმა ერთი მარტივი წესი შემოგვთავაზეს: გავიხსენოთ ის კომპლიმენტი თუ მადლობა, რომელმაც ჩვენი კმაყოფილება გამოიწვია, რამაც ჩვენს ინდივიდუალიზმზე მიგვითითა.
კომპლიმენტის ან მადლობის გახსენება გვაჩვენებს, რა გვჭირდება და რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის რთულ სიტუაციაში. ცნობილი სერიალის Vikings პროდიუსერს მაიკლ ჰირსტს ჰკითხეს, თუ რა უქმნიდა კმაყოფილებისა და სიამაყის განცდას. ჟურნალისტი ელოდა, რომ ჰირსტი უპასუხებდა -ფანების სიმრავლე, სერიალის პოპულარულობა და რეიტინგი. თუმცა, ჰირსტის კმაყოფილების წყარო სერიალის გუნდის წევრები აღმოჩდნენ, ვისგანაც ის იღებდა მადლობას იმის გამო, რომ მათ მუშაობის შესაძლებლობა მისცა. ჰირსტი იხსენებდა, რომ გუნდის წევრებისგან მიღებული მადლობა გამორჩეული იყო, მან იგრძნო საკუთარი დანიშნულება- სხვებისთვის შექმნა საქმე, რომელმაც ადამიანებს მინიმუმ სამუშაო გაუჩინა.
ბევრი ადამიანი ნანობს, რომ რაღაც არ გააკეთა წარსულში და შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ბევრი ადამიანი ნანობს, რომ ის „არ გახდა“, რაც უნდოდა რომ ყოფილიყო, ვერ შეძლო, რაზეც ოცნებობდა.
ტრანსფორმაციის ფსიქოლოგები სამ „მე“ ზე საუბრობენ- რეალური „მე“, ანუ რას ვფიქრობთ რომ ვართ; „ მე უნდა ვყოფილიყავი“, ანუ როგორი გვინდოდა რომ ვყოფილიყავით და არ ვართ; „ იდეალური მე“- ყველა ის თვისება, უნარი თუ მიღწევები, რაც გვინდა რომ გვქონდეს- ჩვენი მიზნები, იმედები და ოცნებები.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად ადამიანები ნანობენ დაკარგულ ოცნებეზე, დაკარგულ შესაძლებლობებზე, „იდეალურ მე“- ს ღალატზე. როდესაც თვალს გადავავლებთ ჩვენს ცხოვრებას და განვლილ წლებს, უფრო მეტად, ასეთი დაკარგული შესაძლებლობები ამოტივტვიდება, რადგან ვფიქრობთ, რომ ამით დავშორდით „იდეალურ მე“ს. კრიზისულ პერიოდში კი ასეთი ფიქრები ხშირია- დაკარგული შესაძლებლობების გახსენება ბიზნესში თუ საქმეში, ურთიერთობებში თუ სწავლაში, ეს კი კრიზისის თანმდევ ემოციას კიდევ უფრო რთულ მოსანელებელს ხდის.
თუ გავიხსენებთ კომპლიმენტს, რომელმაც ოდესღაც ჩვენი უსაზღვრო კმაყოფილება გამოიწვია, „გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება“ - ნათლად დავინახავთ, როგორი ადამიანი გვინდა ვიყოთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებული. ახლა ხშირად ამბობენ, კრიზისი ბევრ რამეს გადააფასებს და შეცვლის, რაც ისევ აუცილებლად ადამიანის ღირებულებებზე გაივლის- ახალს უნდა მოვერგოთ, ან მოვირგოთ (უფრო მეტად, უნდა მოვერგოთ..). ასე რომ, თუ გადავხედავთ, რომელმა „მადლობამ“ ან კომპლიმენტმა გამოიწვია ჩვენი კმაყოფილება და სიამაყე, მომავლს მეტად თავდაჯერებულები დავხვდებით, გვეცოდინება რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მივიღოთ ან შევინარჩუნოთ ის რაც ჩვენს ინდივიდუალურ ღირებულებებს ქმნის და სჭირდება.
ავტორი: მედეა ტაბატაძე