გადატვირთული სამუშაო რეჟიმის პარალელურად, დროის ეფექტურად მართვა, კონცენტრაციის და პროდუქტიულობის შენარჩუნება რთული ამოცანაა ბევრი პროფესიონალისთვის. ადამიანის გონება მარტივად გადაერთვება დიდი მოცულობის, რთულ პროექტებზე და ამ დროს ყურადღებას ნაკლებად აქცევს სხვა საქმეებს ან პირად ცხოვრებას.
Inc.com გვიზიარებს სხვადასხვა ექსპერტების რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ეფექტური პროდუქტიულობის შენარჩუნება გადატვირთული ცხოვრების წესთან ერთად:
1. ყოველ დღე გამოყავით დრო შესვენებისთვის;
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როდესაც ადამიანები გადაბმულად მუშაობენ ბევრი საათის განმავლობაში და უარს ამბობენ შუალედურ შესვენებაზე. ჩვენი სხეული, როგორც წესი ცხად ნიშნებს გვიგზავნის, თუ როდის სჭირდება დასვენება. მაგალითად, მოუსვენრობა, შიმშილი, კონცენტრაციის დაკარგვა. თუმცა, როგორც წესი, ამ ნიშნებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ. მათზე შესაბამისი რეაგირების ნაცვლად ვიყენებთ ხელოვნურ საშუალებებს მათ ჩასახშობად - მაგალითად, კოფეინს, შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საკვებს, მარტივ ნახშირწყლებს და სხვა.
პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად იმუშავეთ ფაზების მიხედვით. ეს ნიშნავს იმას, რომ სრული კონცენტრაციით და დატვირთულობით იმუშავეთ დილის საათებში, იმუშავეთ მონაცვლეობით - 90 წუთი ინტენსიური შეუფერხებელი მუშაობის შემდეგ აიღეთ შესაბამისი შესვენება, მიეცით ტვინს დასვენების და გადატვირთვის შესაძლებლობა.
2. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების გეგმა;
დღე დაიწყეთ კონკრეტული დღის გეგმების ჩამოწერით. გეგმების შედგენა დაგეხმარებათ უფრო რეალისტურად განსაზღვროთ სასურველი მიზნები. სხვა შემთხვევაში, ისინი უფრო სურვილები იქნება, ვიდრე რეალურად განსახორციელებელი მიზნები.
დაგეგმვის დროს უკეთ აღიქვამთ არსებულ რეალობას, თუ რა მოცულობის საქმეა გასაკეთებელი, რამდენი დროა მისთვის საჭირო. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეები, მათი ვიზუალიზაცია დაგეხმარებათ დაგეგმოთ დღის განმავლობაში როდის და რამდენი დროის გამოყოფა შეგიძლიათ. ასეთი დაგეგმარების დროს სწორად გაანაწილებთ სამუშაოს და მოახერხებთ უფრო მეტი საქმის ეფექტურად შესრულებას.
3. გამორთეთ შეტყობინებები;
ბევრი შეტყობინების კითხვა ძალიან დამღლელია. ინბოქსში შემოსული ყველა შეტყობინების წაკითხვაზე დროის დაკარგვის ნაცვლად, ყოველ დღე ყურადღება დაუთმეთ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას და გამოყავით დრო ყველანაირი შეფერხებების გარეშე, რომელსაც მხოლოდ ამ პრობლემაზე ფიქრს დაუთმობთ.
შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, გამორთეთ ყველა შეტყობინება - ელექტრონული ფოსტა, მესიჯი, სოციალური მედია. ეს დაგეხმარებათ უფრო კონცენტრირებულად იფიქროთ, უფრო სწრაფად განსაზღვროთ სასურველი სტრატეგია.
Dscout-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საშუალოდ, ადამიანი ყოველდღიურად ტელეფონს 2.617-ჯერ ეხება. შეტყობინების გამორთვა დადასტურებული გზაა ყურადღების გაფანტულობის შესამცირებლად და პროდუქტიულობის გასაზრდელად.
წყარო - 3 Daily Rituals That Will Get You Laser Focused and Super Productive | Inc.com