რვასაათიანი და ხუთდღიანი სამუშაო კვირა ნებისმიერი შრომითი ურთიერთობების სტანდარტული სამუშაო გრაფიკია. თუმცა, ზეგანაკვეთური სამუშაო საათებიც უკვე სტანდარტული სამუშაო გრაფიკის „სტანდარტული გადახრა“ გახდა. 40 საათიანი სამუშაო კვირა, არც თუ ისე ხანგრძლივი პრაქტიკაა და XX სკ ის 30 იან წლებში გაჩნდა. 1890იან წლებში, მეორე ინდუსტრიული რევოლუციის ადრეულ პერიოდში, ფაბრიკისა და ქარხნების მუშები კვირაში 100 საათს მუშაობდნენ, დღეში 10-16 საათს!
ბავშვობიდან, ჩვენს გონებას რვასაათიან სამუშაო დღეზე წვრთნიან. სკოლაში 8 საათიანი სასწავლო დღეა, რომელიც გვამზადებს სწორად ვმართოთ ენერგია მომავალი რვასაათიანი სამუშაო დღისთვის. ადამიანი 8 საათის განმავლობაში მუდმივად ვერ იქნება პროდუქტიული, ხანდახან ენერგეტიკა მნიშვნელოვნად ეცემა და სწორედ ამიტომ, სკოლებში გვაქვს შესვენები და სამსახურში კი დასვენების საათები, ან ე.წ. „ბრეიქები“.
ხანგრძლივად და დასვენების გარეშე მუშაობა პროდუქტიულობას ძალიან ამცირებს, სტრესს ზრდის და ადამიანის ჯანმრთელობას აუარესებს. თუმცა, რვასაათიანი და ხუთდღიანი სამუშაო კვირის გაჩენის მიზეზი, სულაც არ ყოფილა მუშების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მას საკმაოდ საინტერესო ისრტორია აქვს.
თავდაპირველად, საინტერესოა თუ რატომ ან როგორ გაჩნდა შვიდდღიანი კვირა:
დიდმა თუ პატარამ, ყველამ ვიცით, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს და ერთ სრულ შემობრუნებას 365 დღესა და 6 საათს ადნომებს. არც დედამიწას, არც მზეს და არც მთვარეს არ მოუთხოვია ეს დღეები კვირების მიხედვით აღრიცხულიყო, ეს ხუმრობით, მაგრამ შვიდდღიანი კვირა დიდი ხნის წინ გაჩნდა, 4000 წლის წინ, როდესაც ბაბილონელებს სჯეროდათ, რომ მზის სისტემას შვიდი პლანეტა ქმნიდა და 7 საკრალური ციფრი გახდა. მზის პატივსაცემად (ესეც ხუმრობით) ბაბილონელებმაც დედამიწის კუთვნილი 365 დღე და 6 სთ შვიდდღიან კვირებად დაყვეს. შვიდდღიანი კვირა კი მოგვიანებით, შუა აღმოსავლეთსა და ევრპაშიც გავრცელდა.
ბაბილონელების მიერ მოგონილ შვიდდღიანი კვირაში არ მოიაზრებოდა რომ, რომელიმე ერთი დღე დასვენების დღე იქნებოდა. დასვენების დღე ინდუსტრიული რევოლუციის შედეგია, როდესაც მშრომელებს უფლება მისცეს კვირაში 1 დღე დაესვენათ.
წმინდა კვირა და დასვენების დღის ბრიტანული ისტორია
XIX სკ- ში, დიდ ბრიტანეთში კვირა წმინდა დღედ მოიაზრებოდა, არავინ მუშაობდა და ბრიტანელებს სწამდათ რომ კვირა დღეს მუშები სულის მსახურებასა და კეთილი საქმეების გაკეთებას დაუთმობდნენ. თუმცა, წირვა-ლოცვას მაშინაც ყველა არ მისდევდა და მუშების მნიშვნელოვანი ნაწილი, 24 საათიან გართობაში ეფლობოდა. ეს კი ორშაბათი დილის „სასიამოვნო პრობლემად“ იქცა, ორშაბათს სამუშაოს გაცდენა გახშირდა, მანუფაქტურებისა თუ ფაბრიკის მფლობელებს საფიქრალს უჩენდა.სამუშოზე არ მისვლისა და ორშაბათი დღის გაცდენების გამო, გაჩნდა ტერმინი „წმინდა ორშაბათი“, რომელიც სულაც არ გულისხმობდა რამე რელიგიურს ან სულიერს, მაგრამ უამრავი სულიერი კი ნამდვილად იღვიძებდა ნაბახუსევით დამძიმებული თავით, რომლებიც მადლობას უხდიდნენ „წმინდა კვირას“ განტვირთვისთვის და „წმინდა ორშბათს“ მუშაობას თავს არიდებდნენ. „წმინდა ორშაბათის“ პროდუქტიულობა ძალიან დაბალი იყო, ისეთი დაბალიც კი რომ ფაბრიკის მფლობელებმა გადაწყვიტეს შაბათი ნახევარ სამუშაო დღედ გამოეცხადებინათ და ორშბათი დღის პროდუქტიულობა დაებრუნებინათ. ანუ, მუშები დასვენებას მიეცემოდნენ შაბათიდან კვირის ჩათვლით და ორშაბათს კი ენთუზიაზმით შეუდგებოდნენ საქმეს. როგორც ჩანს, სამი საუკუნის წინ ამ მეთოდმა გაჭრა და „უიქ ენდის“ სამი მეოთხედიც გაჩნდა, რომელიც დღესაც არსებობს ბევრი დასაქმებულისთვის.
რატომ ვისვენებთ შაბათს?
კვირა წმინდა დღე იყო ქრისტიანებისთვის, მაგრამ უამრავი ებრაელი მუშა კვირას დასვენების დღედ ვერ მიიღებდა, რადგან მათი რელიგიის მიხედვით, შაბათია წმინდა და დასვენების დღე. 1908 წელს, ამერიკაში შაბათი დღეც დასვენების დღედ გამოცხადდა და ეს მოხდა მაშინდელ New England ში, რომელიც ყოფილ ბრიტანული კოლონიას წარმოადგენდა (დღევანდელი კონეკტიკუტი, ნიუ ჰემპშირი, მასაჩუსეტი, მაინი, როდ აილენდი და ვერმონტი). ორი დასვენების დღე მიმდებარე შტატებშიც მალევე გავრცელდა. თუმცა არა ყველგან და არც მთელს მსოფლიოში..
ავტომობილებთან ერთად, ფორდი დასვენების დღეების შემქნელიცაა
1926 წელს, ლეგენდარულმა ჰენრი ფორდმა, ავტომობილის ქარხნის მუშებს შაბათი და კვირა უქმე დღეებად უკვე ოფიციალურად დაუწესა (1922 წელს კი პირველად სცადა). ამავე პერიოდში, მან მუშებისთვის 40საათიანი სამუშაო კვირა დააწესა, დღეში 8 საათი მუშაობის ლიმიტით და მუშებს ხელფასებიც არ შეუმცირა. ლეგენდარულმა გამომგონებელმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კეთილშობილი მიზნებისთვის არ მოიფიქა, მისი გადაწყვეტილება უფრო მეტად კომერციული და ამბობენ, კაპიტალისტური ხასიათისა იყო. ფორდი ფიქრობდა, რომ თუ კომპანიებს შემოსავლები და მოგების მიღება სურდათ, საკმარისი რაოდენობის კლიენტებიც უნდა ჰყოლოდათ პროდუქციის შესაძენად. იმისათვის რომ ადამიანს რამის შეძენის სურვილი გასჩენოდა, მას თავისიფუალი დრო, დასვენება და ფული სჭირდებოდა. ფორდი მიიჩნევდა, რომ თავისუფალი დრო ადამიანების ყიდვის სურვილს წაახალისებდა. ასე რომ ჰენრი ფორდის ალტრუისტულმა და სწორმა მოსაზრებამ, მუშებს უბიძგა ფული დაეხარჯათ სამომხმარებლო პროდუქციის შეძენასა და ფულის მიმოქცევაში.
1926 წელს, ჟურნალში Worlds’ Work, ფორდი ამბობს: დასვენება შეუცვლელი კომპონენტია მზარდ სამომხარებლო ბაზარზე, რადგან მშრომელებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი თავისუფალი დრო სამომხარებლო პროდუქტების, მათ შორის, ავტომობილის შესაძენად და გამოსაყენებლად. დროა დავივიწყოთ მოსაზრება, რომ მუშების დასვენება ან „დაკარგული დროა“ ან მხოლოდ კლასის პრივილეგია“
1914 წლის დასაწყისში, უმუშევრობისა და რეცესიის პერიოდში, ფორდმა საკუთრი ქარხნის მუშებს საათობრივი ანაზღაურებაც გაუზარდა- 5 დოლარი 8 საათიან სამუშაო დღეში. იმ პერიოდში კი სამუშაო დღის სტანდარტული ანაზღურება ცხრა საათიან დღეში 2.34 დოლარი იყო. გაგანია რეცესიის პერიოდში ხელფასების გაორმაგებამ შოკში ჩააგდო დანარჩენი ინდუსტრიის ლიდერები, მაგრამ გაორმაგებულმა ხელფასებმა მართლაც ხელი შეუწყო წარმოების ბუმს. ფორდის თანამშრომლებს კი კმაყოფილება და სიამაყის გრძნობა გაუჩინა.
ჰენრი ფორდის რევოლუციურმა გადაწყვეტილებამ პროდუქციისა და წარმოების ზრდა ნამდვილად განაპირობა- მას მიბაძა ბევრმა ინდუსტრიამ და ქვეყანამ დასვენების დღეების შემოღებაში.
1932 წელს, დიდი დეპრესიით გამოწვეული უმუშევრობის დასაძლევად, აშშ-მ ხუთდღიანი სამუშაო კვირა მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკანონა. 1960იან წლებში კი 40 საათიანი სამუშაო კვირა მსოფლიოში შრომითი ურთიერთობების სტანდარტულ გრაფიკად იქცა.
წყარო: BBC