ხშირად, ადამიანები ლიდერობას უკავშირებენ ძალაუფლებას, მაღალ თანამდებობას, კონტროლის შესაძლებლობას. დღევანდელ რეალობაში, ლიდერობა მოიარებს პასუხისმგებლობებით დატვირთულ პოზიციას. ლიდერი ვალდებულია სწორად დასახოს კომპანიისთვის სასურველი მიზნები და უზრუნველყოს ამ მიზნების მიღწევა.
წარმატებული ლიდერობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმებულებთან მყარი, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება. კარგ ლიდერს გამოარჩევს მისი უნარი მჭიდრო კავშირები დაამყაროს გუნდის წევრებთან ინდივიდუალურად და გუნდში შექმნას უსაფრთხო, კომფორტული და გამჭვირვალე გარემო.
ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ლიდერისთვის ყველაზე რთული ამოცანაა. ადამიანური ურთიერთობები დინამიურია და მუდმივად იცვლება. თუმცა უცვლელია, რომ ურთიერთობები დამყარებული უნდა იყოს ორმხრივ ნდობაზე, პატივისცემასა და გაგებაზე. სამსახურში თანამშრომლებს შორის არსებული ურთიერთობები და დამოკიდებულებები გუნდის მიმართ უნდა იზიარებდეს კომპანიის კორპორატიულ კულტურას, ხედვებს.
Inc.com გვიზიარებს რამდენიმე ფაქტორს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობაზე დაფუძნებული ლიდერობისთვის:
- დასაქმებულების საჭიროებების ცოდნა;
ლიდერი უნდა ინტერესდებოდეს თუ რა აწუხებს მისი გუნდის წევრებს, რა არის მათი სურვილები, საჭიროებები და მოტივაცია. ადამიანებს სამსახურში მხოლოდ ბრძანებების მისაღებად სიარული არ სურთ. მნიშვნელოვანია, დასაქმებულმა სამსახურში თავი თავდაჯერებულად იგრძნოს. სამსახურით კმაყოფილებისთვის, დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების ავტონომია, შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს თუ როგორც გაანაწილებს საკუთარ დროს და ენერგიას. მნიშვნელოვანია, თანამშრომელი გრძნობდეს კავშირს სხვა დასაქმებულებთან, თავს უნდა აღიქვამდეს ერთი დიდი გუნდის ნაწილად.
ეს უნივერსალური საჭიროებებია, რომლებიც ყველა ადამიანს აერთიანებს - კომპეტენცია, ავტონომია და კავშირები. ამ საჭიროებების არსებობა დასაბუთებულია ფსიქოლოგების რიჩარდ რაიანის და ედვარდ დექის ნაშრომებში თვითგამორკვევის თეორიების შესახებ.
- ყველა ლიდერისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი შენარჩუნება;
ყველა ადამიანი განსხვავებულია და შესაბამისად, მათთან ურთიერთობისას, განსხვავებული მიდგომებია საჭირო. მნიშვნელოვანია, ლიდერმა დრო დაუთმოს ყველა გუნდის წევრის პირადად გაცნობას, გაიგოს მათი ძლიერი მხარეები, სისუსტეები, რა აძლევთ მათ მოტივაციას და რა დროს გრძნობენ უკმაყოფილებას სამსახურში.
ლიდერები, რომლებიც ზრუნავენ დასაქმებულებთან პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, თანამშრომლებისთვის ქმნიან უსაფრთხო გარემოს, არ იშურებენ მხარდაჭერას. დასაქმებული, რომელიც ლიდერისგან პატივისცემას გრძნობს, იცის, რომ მის შესაძლებლობებს და პიროვნებას აფასებენ, იქნება უფრო მეტად მოტივირებული იმუშავოს გუნდის საერთო მიზნების მისაღწევად.
ძლიერი კავშირების შექმნა და შემდეგ მათი შენარჩუნება მარტივი არ არის. ამისთვის აუცილებელია ლიდერის ძალისხმევა და მონდომება. თუმცა ამგვარი მიდგომების შედეგები ძალიან ნათელი და წარმატების მომტანია კომპანიისთვის. ურთიერთობებზე დაფუძნებული ლიდერობის შედეგად კომპანიაში იზრდება დასაქმებულების მოტივაცია, ისინი უფრო მეტად არიან ჩართულები სამუშაოს შესრულების პროცესში, რაც საბოლოოდ უფრო მეტად წარმატებულს ხდის კომპანიას.