უკეთეს ანაზღაურებაზე და ბენეფიტებზე მოლაპარაკების პროცესი შეიძლება წარიმართოს როდესაც ახალ სამსახურს იწყებთ ან ახალ პოზიციაზე გადადიხართ. წარმატებული მოლაპარაკებები ზრდის თქვენს ღირებულებას და კომპანიის მიმართ ერთგულებას, რადგან თქვენ თავად იღებთ მონაწილეობას თანამშრომლობის პირობების შედგენაში.
ზოგადი წესის თანახმად, არასდროს დათანხმდეთ დამსაქმებლის პირველივე შემოთავაზებას, ყოველთვის უნდა ეცადოთ მოლაპარაკებას. Fidelity Investments-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელი დასაქმებულების 85%, რომლებმაც საპასუხო შეთავაზებით მიმართეს დამსაქმებელს, მიიღეს უკეთესი ანაზღაურება და ბენეფიტები.
რას ნიშნავს კარგი მოლაპარაკების უნარების ქონა? Forbes გვიზიარებს 4 უნარს, რაც უნდა გამოიმუშავოთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებების დროს მიაღწიოთ სასურველ წარმატებას:
1. საკუთარი შესაძლებლობების და ღირებულების გააზრება;
თქვენზე უკეთ არავინ იცის რა არის თქვენი შესაძლებლობების ლიმიტი და რა ღირებულებას ქმნით კომპანიისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ანაზღაურებასა და ბენეფიტებზე საუბრისას, შეგიძლიათ თქვენი არგუმენტები კონკრეტული მაგალითებით გაამყაროთ.
ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და გამოცდილებების ცოდნა დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, განსაზღვროთ რამდენია გონივრული ანაზღაურების ოდენობა, როგორი მოლოდინები უნდა გქონდეთ დამსაქმებლისგან.
მოლაპარაკების პროცესში, ხაზი გაუსვით თქვენს მიღწევებს, რომელთა შედეგებიც მარტივად დათვლადია, მაგალითად თქვენი დახმარებით 20%-ით გაიზარდა გაყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებული ბიუჯეტით მუშაობდით. მიუთითეთ, რომ მოკვლეული გაქვთ ინფორმაცია ბაზარზე არსებული ანაზღაურების შესახებ და თქვენი მოთხოვნა სრულად შეესაბამება, ანალოგიური პოზიციისთვის არსებულ სახელფასო განაკვეთებს.
2. მუდმივი ვარჯიში;
Pew Research Center-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დასაქმებულების 60%-მა გასაუბრებისას, არ მოითხოვა უფრო მაღალი ანაზღაურება. ამას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდა მათ კარიერასა და ფინანსურ კეთილდღეობაზე. მოლაპარაკების გარეშე, შემოთავაზებაზე პირდაპირ დათანხმება ამცირებს მათ თვითშეფასებას, რწმენას საკუთარი პროფესიონალიზმის მიმართ.
ზოგიერთი მოგვიანებით ხვდება, რომ შეიძლებოდა უკეთესი პირობების შეთანხმება. ეს გაანალიზება იწვევს უკმაყოფილებას და სინანულს. არ დაუშვათ ერთი და იგივე შეცდომა რამდენიმეჯერ, ყოველთვის სცადეთ შეათანხმოთ უკეთესი პირობები.
3. იმუშავეთ დამსაქმებელთან ერთად და არა მათ წინააღმდეგ;
როგორც წესი, ანაზღაურებასა და ბენეფიტებზე საუბარი მოგიწევთ HR-თან ან რეკრუტერთან, რა დროსაც სტრატეგიული მიდგომები დაგჭირდებათ. ორი რამ განსაკუთრებულად მნიშველოვანია - თავი შეიკავეთ აგრესიულობისგან და არასდროს წახვიდეთ მათ წინააღმდეგ.
მოლაპარაკების განმავლობაში შეინარჩუნეთ პროფესიონალიზმი, პატივისცემა. ნათლად და ცხადად გააჟღერეთ თქვენი გონივრული მოთხოვნები. პოზიციის განსამტკიცებლად მოიყვანეთ პრაქტიკული მაგალითები.
მზად იყავით კომპრომისებისთვის. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ გარკვეული საკითხების დათმობა, მაგალითად, თუ არ შეუძლიათ მეტი ანაზღაურების გადახდა, შეიძლება ალტერნატივად მეტი დასვენების დღე შემოგთავაზონ და სხვა,
4. ორმხრივი კმაყოფილების მიღწევა;
კარგი მოლაპარაკებების შედეგი ყოველთის ორმხრივი გამარჯვებაა - კმაყოფილი რჩება დასაქმებული და კომპანიაც. ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია დააბალანსოთ თქვენი საჭიროებები და კომპანიის მოლოდინები.
თუ დამსაქმებელს არ შეუძლია თქვენთვის სასურველი პირობების შემოთავაზება, აიღეთ პაუზა, გაანალიზეთ შექმნილი სიტუაცია და პასუხი პატივისცემით გაეცით. გაიაზრეთ მათი პერსპექტივა, შეგიძლიათ შესთავაზოთ ალტერნატივები. მაგალითად, გარკვეული პერიოდის გასვლის ან პროექტის დასრულების შემდეგ, ანაზღაურების ოდენობის გადახედვა.
თქვენი სურვილები გააჟღერეთ როგორც საჭიროებად და არა მოთხოვნად, ხაზი გაუსვით რა პოზიტიური შედეგები ექნება ამ ცვლილებებს კომპანიისთვის და თქვენთვის.
წყარო - https://www.forbes.com/sites/shodewan/2024/06/26/qualities-of-the-best-negotiators-at-work/