თითქმის ყველა თანამედროვე ბიზნეს ლიდერი თანხმდება, რომ 2024 წლის მთავარი მიზანი ახალი ტალანტების მოზიდვაა, თუმცა დამსაქმებლების უმრავლესობა ცდილობს გაუმკლავდეს არსებული ტალანტების შენარჩუნების პრობლემას.
Guild-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დამსაქმებელთა 81% ღელავს, რომ გაუჭირდება საუკეთესო ტალანტების შენარჩუნება, რომლებიც არ არიან ჩართულნი სამუშაო პროცესებში.
კვლევის თანახმად, ამას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს. როდესაც კომპანია ხარჯებს ამცირებს, დასაქმებული, რომელიც ბევრს მუშაობს და საკმარისად დაფასებული არ არის, უფრო მეტად შორდება კომპანიის მისიებს, თვლის, რომ მისი ადგილი აღარ არის კომპანიაში, სადაც ვერ შეძლებს კარიერულად განვითარებას. სამსახურის მისიასთან კავშირის, შიდა დაწინაურების იმედის გარეშე კი, სავარაუდოა, რომ დასაქმებული კომპანიიდან წავა.
მეორე მიზეზი, რომელსაც კვლევა გამოყოფს, დასაქმებულების გადაწვაა. დამსაქმებლები ცდილობენ შეამცირონ კადრები და ნაკლებ ადამიანთან იმუშავონ. ამის შედეგად, ტოპ ტალანტებს ემატებათ ყოველდღიური პასუხისმგებლობები და საქმე. ერთის მხრივ, შეიძლება ეს დადებითად აისახოს მათ კარიერულ განვითარებაზე, თუმცა ამავდროულად შეიძლება გადაწვაც გამოიწვიოს.
ბიზნესის ლიდერები ამ პრობლემების გადასაჭრელად ხშირად HR-ს მიმართავენ. კვლევის თანახმად, მონაწილეთა 93% მხარს დაუჭერს HR-ის ინოვაციურ მიდგომებს, რაც მიზნად დასაქმებულების შენარჩუნებას ისახავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მხოლოდ HR-ის ჩართულობა, დამსაქმებლის ბიზნეს სტრუქტურის ცვლილების გარეშე, რეალურ შედეგებს ვერ გამოიწვევს.
Guild თანამშრომელთა შენარჩუნებისთვის 2 გზას გვთავაზობს: 1. HR-მა უნდა შესთავაზოს დასაქმებულებს სწავლის და განვითარების შესაძლებლობები. 2. ბიზნეს ლიდერები უფრო ხშირად და გახსნილად უნდა ესაუბრებოდნენ დასაქმებულებს, იმისთვის, რომ შეიტყონ მათი საჭიროებების შესახებ. ერთის მხრივ შეიძლება დაიგეგმოს დასაქმებულების კომპანიის შიგნით განვითარების პროგრამები, მეორე მხრივ კი, ლიდერებმა პირისპირ შეხვედრების გზით გააუმჯობესონ კომუნიკაცია გუნდის წევრებთან.
ლიდერებს ხანდახან ავიწყდებათ, რომ კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება მისი თანამშრომლებია. სწორედ თანამშრომლები უზრუნვლეყოფენ კომპანიის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
წყარო - https://finance.yahoo.com/news/hr-leaders-worried-keeping-top-132546460.html?guccounter=1&guce_referrer=aHR0cHM6Ly9sLmZhY2Vib29rLmNvbS8&guce_referrer_sig=AQAAAKYK0fnUyW-TJfw2uptbu1mhXy6aWJ9oxSGP2dDGDoJWyxSYSMqLVqa4u465MCBloy3fOm-xoC5JrUeIVdVvVmEObcdClZ4kEJ8D74QpUkor96ITF983pswHXlWKjfrGIZtuhXaQhInC6Zt1B9MCDOKF6nzQ5YRwsH6nE77dWTMd