გასაუბრების წინ სტრესთან გასამკლავებლად საუკეთესო გზაა გამოიკვლიოთ კომპანია წინასწარ, წაიკითხოთ სამუშაოს აღწერილობა რამდენიმეჯერ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები სრულად შეესაბამება ვაკანტურ პოზიციას. ივარჯიშეთ გასაუბრებაში, დაუსვით საკუთარ თავს სავარაუდო შეკითხვები. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ვაკანსიაში მითითებული საჭირო უნარები, გასაუბრებაზე აჩვენეთ, რომ მარტივად შეგიძლიათ სიახლეების ათვისება. რაც უფრო მეტად შეისწავლით კომპანიას, მენეჯმენტს, მათში დასაქმებულ ადამიანებს, ონლაინ რეპუტაციას, პროდუქტებს და სერვისებს, თავს უფრო კომფორტულად და თვითდაჯერებულად იგრძნობთ გასაუბრების დროს.
იპოვეთ გამსაუბრებლები LinkedIn-ზე და სხვა სოციალურ მედიაში. მათი ინტერესების, ბექგრაუნდის, საერთო კავშირების ცოდნა დაგეხმარებათ ინტერვიუს დასაწყისში უხერხულობის გასაფანტად. მაგალითად, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენ და გამსაუბრებელი ერთსა და იმავე სკოლაში დადიოდით, გულშემატკივრობთ ერთსა და იმავე საფეხბურთო კლუბს - ეს ცოდნა დაგეხმარებათ ინტერვიუმდე წამოიწყოთ მცირე საუბარი და დაამყაროთ პოზიტიური კავშირი გასაუბრების დაწყებამდე.
არაკომფორტულობის შეგრძნება ბუნებრივია. მიუხედავად თქვენი გამოცდილებისა, გასაუბრების პროცესი შეიძლება იყოს სტრესის შემცველი - თქვენ უნდა წასრდგეთ უცნობი ადამიანის წინაშე და აუხსნათ, რატომ უნდა დაგასაქმოთ თქვენ და არა სხვა 20 ადამიანი. გასაუბრების პროცესი უფრო სტრესული ხდება იმ პირობებში, თუ არ გაქვთ მიმდინარე სამსახური. თქვენ შეიძლება ღელავდეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე და დროულად გსურდეთ ახალი სამსახურის დაწყება.
გამსაუბრებელი დიდი ალბათობით დაათვალიერებს თქვენს LinkedIn პროფილს, ანალოგიურად, როგორც თქვენ მოიქცეოდით. განაახლეთ სოციალური მედიის პროფილები და რეზიუმე.
შეგიძლიათ ერთი საერთო რეზიუმე გქონდეთ, თუმცა შეცვალეთ ის კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად. არ მოიტყუოთ, არ გამოტოვოთ იმგვარი ფაქტები, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მომავალი დამსაქმებლისთვის და შეიძლება მოგვიანებით გახდეს ცნობილი თქვენი გადამოწმებისას.
შეისწავლეთ კომპანია და მისი პროდუქტები. ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს, კოლეგებს და თანამშრომლებს იციან თუ არა რაიმე კომპანიის, გამსაუბრებლების და ვაკანტური პოზიციის შესახებ.
თუ გასაუბრება პირადად ტარდება, ერთი ან ორი დღით ადრე შეამოწმეთ გასაუბრების ლოკაცია იმისთვის, რომ დაგეგმოთ დროულად მისვლისთვის საჭირო მარშრუტი. იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრება ონლაინ ტარდება, დარწმუნდით რომ განათება, კომპიუტერი მუშაობს და უკანა ფონი პროფესიონალურად გამოიყურება.
გასაუბრებამდე მოუსმინეთ მუსიკას, იცეკვეთ ან ივარჯიშეთ განწყობის გასაუმჯობესებლად. შეგიძლიათ სხვა ტექნიკებსაც მიმართოთ, ისუნთქეთ ღრმად, დაითვალეთ ოთხამდე და შემდეგ ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ რამდენიმეჯერ იმისთვის, რომ დამშვიდდეთ. თავი შეიკავეთ კოფეინის მიღებისგან.
გასაუბრების დაწყებისას გაიღიმეთ, გამართულად დაჯექით, გახსოვდეთ იყუროთ კამერაში. აქტიურად მოუსმინეთ გამსაუბრებელს და უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს. გასაუბრებამდე მისი გათამაშება ვინმესთან ერთად დაგეხმარებათ მიიღოთ გულწრფელი უკუკავშირი და გააუმჯობესოთ სისუსტეები.
თუ გასაუბრება წარმატებით არ დასრულდა, არ იღელვოთ. სამსახურის შემოთავაზებამდე შეიძლება ბევრი გასაუბრების გავლა მოგიწიოთ. გასაუბრების დასრულებისას გადაუხადეთ მადლობა გამსაუბრებელს გამოყოფილი დროისთვის და საინტერესო გასაუბრებისთვის.
წყარო - How To Overcome Interview Stress And Anxiety (forbes.com)