“It’s nothing personal, Sonny, it’s strictly business“, მაიკლ კორლეონეს ფრაზა პიუზოს „ნათლიმამა“-დანყველაზე ცნობილი და პოპულარული ციტატაა. ასევე ძალიან პოპულარულია - “Nothing personal, it’s just business “ , რომლის ავტორი ერთ-ერთი საინტერესო ოტო ბიდერმანია (იგივე ოტო „აბადაბა“ ბერმანი), რომელიც 1930-იან წლებში, ამერიკული განსგტერული ჯგუფისა და ცნობილი ბუტლეგერის ფლეგენჰეიმერის (იგივე შულცი) ბუღალტერი იყო. ბიდერმანი, იგივე ბერმანი, ფენომენალური მოვლენა იყო ორგანიზებული კრიმინალის ისტორიაში, რადგან მას შეეძლო რამდნიმე წამში (და ზეპირად, ქაღალდისა და კალმის გარეშე) ამოეხსნა რთული განტოლებები და კომპლექსური ამოცანები. ის ცნობილია ყველაზე გენიალურად დაგეგმილი თაღლითური ფინანსური სქემების შექმნითაც და შესაბამისად, მისთვის არაფერი იყო პირადული, მხოლოდ ბიზნესს ემსახურებოდა.
რის საპასუხოდ ან რატომ თქვა ოტომ ეს ფრაზა, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როცა ვინმეს აფიორაში გახვევას აპირებდა. ბერმანის გამოთქმა მეოცე საკუკუნის „ამერიკული ოცნების“ სლოგანადაც კი იქცა, როცა დაუნდობელი კონკურენცია „პირადი ურთიერთობების“ გვერდზე გაწევას მოითხოვდა. კორპორატიული სამყაროდან ოტომ ყოფით საუბრებშიც „ ამოყო თავი“ და როცა რაიმე არასასიამოვნოს თქმას აპირებენ, შეგვაპარაბენ- „არაფერი პირადული, ხომ იცი, მხოლოდ ბიზნესი“ .
„არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი“ იყო და არის ყალბი, რადგან რა მოცემულობაც არ უნდა არსებობდეს, რა პრობლემასაც არ უნდა ვაგვარებდეთ ამ ფრაზით, ის პიროვნებაზეა მიმართული, ურთიერთობებს სპობს და უფრო მეტიც, პიროვნების განადგურებაზეა მიმართული. ამის კარგი მაგალითია სტივ ჯობსი, რომელიც 1985 წელს, „არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი“-ს მოსაზრებით საკუთარი კომპანიიდან გააძევეს. „ეფლი“-დან წასვლა ჯობსმა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამ სიტყვებით გაიხსენა :"I was out and very publicly out. What had been the focus of my entire adult life was gone, and it was devastating. I was a very public failure“, ვერავინ ვიტყვით, რომ ბიზნესის საჭიროების გამო, „ეფლიდან“ სტივ ჯობსის გაგდება მისთვის ტრაგედიის ტოლფასი არ იყო..
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, „არფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი“ ვეუბნებით ადამიანს, რომელიც წლებია მუშაობს, ქმნის, წვალობს და ნახევარ ცხოვრებას სამსახურში ატარებს? და შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს არ იქნება პირადული? სადავოა..
შეგვიძლია დავუშვათ, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანს განვუცხადებთ, კარგი თანამშრომელია, მაგრამ „ბიზნესს სჭირდება“ და უნდა წავიდეს, ის ამას „ბიზნესურად“ მიიღებს და არ განიცადოს ? გამორიცხულია.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი,რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, საქმე კარგად გამოუვიდეს, დაეხმაროს ბიზნესს და ამის სანაცვლოდ მადლობასაც არ მიიღებს - არ განიცადოს? მგონი, ესეც გამორიცხულია.
ბიზნესი პირადულია, რადგან: ის ქმნის ძლიერ ინდივიდუალურ კავშირს საქმესთან- „მომწონს და ვაკეთებ“; ბიზნესი ქმნის კავშირს ადამიანებთან- გვყავს კოლეგები, მეგობარი სამსახურში; ბიზნესი ქმნის ჩვენს სტატუსს და შემოსავალს და ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება, იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება შექმნას, იმოქმედოს, იმოძრაოს და როგორც დღეს ამბობენ, განვითარდეს.
ადამიანებს დაუძლეველი სურვილი აქვთ, რომ მათ ინდივიდუალურ შრომას აფასებდნენ (რომ ვერ დაფასდა, ამიტომაც ვერ იმუშავა საბჭოთა კოლექტივმა), იმსახურებდნენ პატივისცემას, აღიარებდნენ ინდივიდუალიზმს (ამის არ არსებობის გამოც ვერ იმუშავა კომუნიზმმა), მიღწევებს და ამის გამო, გულს და სულს ვუთმობთ იმ საქმეს, რასაც კომპანიებში (ანუ ბიზნესში) ვაკეთებთ. ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ დროს საქმეს ვწირავთ, კვირაში მინიმუმ 48 საათი ბიზნესისაა.
დიდი ხანია, ჩვენი სამუშაო ჩვენს პირად ცხოვრებად იქცა და პირიქით, ჩვენი სამსახური განსაზღვრავს ჩვენი პირადი ცხოვრების შინაარსს . საწმუხაროა თუ არა არ ვიცი, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ჩვენი არასამსახურეობრივი საუბრის თემები მაინც საქმესთან და სამსახურთან ტრიალებს, შორს არ მიდის, ეს ასეა..
თუ ადამიანი ზრუნავს კლიენტზე, ეს პირადულია!
თუ ადამიანს ძილი გაუტყდა, იმიტომ, რომ რაღაც დარჩა სამსახურში გასაკეთებელი, ესეც პირადულია!
თუ კოლეგას რაღაც ვერ გავუგეთ და ვღელავთ, ესეც პირადულია!
თუ ოვერთაიმზე ვმუშაობთ, პირადულია!
თუ კოლეგებს ვეხმარებით, პირადულია!
თუ რაღაც უცნაური დავალება მოგვცეს და გავბრაზდით, ესეც პირადულია!
თუ მადლობას გვეუბნებიან, პირადულია და როცა შენიშვნას ვიღებთ, ესეც პირადულია! და რაც არ უნდა ბევრი ვეცადოთ რომ მხოლოდ შედეგებზე გადავიტანოთ საუბარი, ნაკლებად გამოვა, რადგან პირადულია, ინდივიდის ინდივიდუალური შედეგია და სახელი და გვარიც აქვს!
ის, რომ ყოველდღე, ერთსადა იმავე დროს სახლიდან უნდა გავიდეთ, გავუძლოთ საცობებს, მივუსხდეთ სამუშაო მაგიდას, ვიმუშავოთ და ვიღელვოთ, გაგვიხარდეს და გავბრაზდეთ, ველოდოთ კარგ ან ცუდ ამბებს, ეს ყველაფერი პირადულია და რომ არა ეს პირადული, მამაზეციერი ვერ გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რაც „საჩვენოდ“ არ მიგვაჩნია. ასე რომ, არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი- ძალიან არასწორია, ბიზნესი არასოდეს ყოფილა და არის ინდივიდუალიზმისგან და პირადულისგან დაცლილი!
არავინ იცის, 22 საუკუნეშიც თუ გადავიყვანთ ოტო ბერმანის ხსოვნას მისივე უცნაური , ჩემი აზრით, ძალიან გონივრული და ცბიერი ფრაზით, მაგრამ არაფერია ისეთი უსამართლო, ყალბი და თაღლითური, როგორც ეს ფრაზა, თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო- ის მაფიოზური სამყაროს მორალია, მათ სჭირდებოდათ ასეთი „კოდექსი“სისხლიანი გარჩევების „მოსანელებლად“, რადგან მაფიოზური დაჯგუფებებიც ხომ პირადული იყო, ოდესღაც...
ავტორი: მედეა ტაბატაძე