სამუშაო დღის ბოლოს რამდენად ხშირად გიპყრობთ შეგრძნება, რომ არაფერი გაგიკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე განუწყვეტლივ მუშაობდით? ამ რეალობის წინაშე ბევრი ადამიანი დგას და მისი გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, არასწორი მულტიტასკინგია.
მულტიტასკინგი ბევრი დავალების ერთდროულად შესრულების უნარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნარი განსაკუთრებით გამოსადეგია სამსახურში, გონებას ერთდროულად ლიმიტირებული დავალებების შესრულება შეუძლია, იქნება ეს რაიმე ქმედება, რთული გადაწყვეტილების მიღება თუ ინფორმაციის გადამუშავება. Juliet-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამუდმებითი მულტიტასკინგის შედეგად მცირდება დასაქმებულის პროდუქტიულობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი, სამუშაოს შესრულების პროცესს ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორები იქნება ეს კოლეგები (76%), ხმაური (70%), სმარტფონის შეტყობინებები (69%) თუ მეილები (31%).
მიუხედავად ამისა, მალტიტასკინგი დღევანდელ დინამიურ სამუშაო რეჟიმში, შეუცვლელი უნარია, განსაკუთრებით თუ მენეჯმენტის პოზიციაზე მყოფი დასაქმებულებისთვის. Forbes გვიზიარებს 8 სტრატეგიას, რომელთა გამოყენებით შეძლებთ შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა და პარალელურად არ დაკარგოთ მულტიტასკინგის უნარი:
1. პრიორიტეტების განაწილება;
იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება გიწევთ, განსაზღვრეთ ყველაზე პრიორიტეტული დავალება. მაგალითად, აუცილებელი არ არის შეხვედრაზე ყოფნის პარალელურად უპასუხოთ მეილებს და გადახედოთ სხვა თანამშრომლის მიერ მომზადებულ რეპორტს. თუ რომელიმე დავალების შესრულება შეგიძლიათ შეხვედრის დასრულების შემდეგ, გადადეთ ეს დავალება. აუცილებელი არ არის ყველა შეხვედრას დაესწროთ, შეაფასეთ თქვენი დასწრების ან საერთოდ შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა.
ყურადღების ყველაზე მნიშვნელოვან დავალებაზე კონცენტრირებით და შემდეგ პრიორიტეტების შესაბამისად მუშაობით, ნაკლები სტრესით და მეტად პროდუქტიულად მოახერხებთ ყველა დავალების შესრულებას.
2. თქვი - არა;
რეალისტურად შეაფასეთ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რამდენი დავალების შესრულება შეგიძლიათ და ამ ლიმიტების გათვალისწინებით უთხარით კოლეგას ან უფროსს არა. ასეთ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ, დავალების მოგვიანებით, სხვა დროს შესრულება.
3. ლიმიტების გააზრება;
გამოიყენეთ წარსული გამოცდილება და განსაზღვრეთ რომელი დავალებების შესრულება შეგიძლიათ ერთდროულად და რომლების - არა. გადატვირთული სამუშაო განრიგის, გვიან ღამემდე მუშაობის ნაცვლად, სცადეთ დავალებების ნაწილის დელეგირება გუნდის სხვა წევრებზე, ითხოვეთ დახმარება.
4. ხელის შემშლელი ფაქტორების შემცირება;
გამორთეთ ტელეფონი ან შეტყობინებები, თუ ეს შესაძლებელია, იმისთვის რომ თავიდან აირიოთ დამატებითი ხელის შემშლელი ფაქტორები მუშაობის დროს. არასაჭირო შეტყობინებების თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ საკომუნიკაციო პლატფორმაზე მონიშნოთ Do not disturb სტატუსი. ამ სტატუსით თანამშრომლებს მიანიშნებთ, რომ კონკრეტული დროის განმავლობაში დაკავებული ხართ და შეტყობინებებს ვერ უპასუხებთ.
5. დავალებების დაყოფა პატარა ნაწილებად;
იმ შემთხვევაში, თუ ბევრი საქმე დაგროვდა, რომელიც აუცილებლად მოკლე ვადაში უნდა შეასრულოთ, სცადეთ დავალებების პატარა ნაწილებად დაყოფა. პატარა ნაწილების შესასრულებლად ნაკლები ძალისხმევა და ყურადღებაა საჭირო. ასეთ დღეებში რთულია კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება, რამდენადაც გონება ვერ მოახერხებს ბევრი სხვადასხვა ინფორმაციის ერთდროულად გადამუშავებას.
6. შესვენებების დრო;
სამუშაო დღის განმავლობაში პატარა შესვენებების მოწყობა დაგეხმარებათ პროდუქტიულად მუშაობაში. ასეთი პატარა შესვენებების დროს შეგიძლიათ განტვირთოთ გონება და აღიდგინოთ ყურადღება. პატარა შესვენებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც მუშაობთ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პოზიციაზე, რომელიც თქვენგან მუდმივ კონცენტრაციას და მულტიტასკინგს მოითხოვს. შეისვენეთ 10-15 წუთით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ შემდეგი დავალების შესრულება.
7. დაგეგმეთ ახალ დავალებაზე გადასვლა;
დაგეგმეთ დავალებების ცვლილება. ახალ დავალებაზე გადასვლამდე, შეასრულეთ მიმდინარე დავალების მცირე ნაწილი მაინც და შემდეგ დაიწყეთ ახალი საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება იმედგაცრუებამ შეგიპყროთ, რომ ვერ ასწრებთ, ვერ ახერხებთ ყველა დავალების შესრულებას.
8. დროის მართვა;
დაიწყეთ დროის მართვის სხვადსხვა ტექნიკების და საშუალებების შესწავლა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა.
მულტიტასკინგი არის უნარი, რომელიც იმდენად იშვიათად უნდა გამოიყენოთ სამსახურში, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა თუ სამუშაო მოცულობა დიდია, გამოიყენეთ ზემოთ მოცემული რვა სტრატეგია და დავალებები შეასრულეთ გადატვირთულობის, იმედგაცრუების ან დაღლილობის გარეშე.