უარტონის ფსიქოლოგი და ბესტსელერის ავტორი, ადამ გრანტი გვიზიარებს რჩევებს სამსახურში გადაწვის შესამცირებლად. გრანტი გადაწვას „ემოციურ გადაღლილობას“ უწოდებს. გადაწვა არ არის მხოლოდ გრძელი სამუშაო საათები. გადაწვა იმ შეგრძნებების ერთობლიობაა, რომელსაც დასაქმებულები განიცდიან სამსახურში ხანგრძლივად მუშაობის, სტრესის, დიდი მოცულობის სამუშაოს დროს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადაწვის შესამცირებლად ეფექტური არ არის შვებულების აღება, სტრესის შემცირებისთვის მედიტაცია ან ვარჯიში. გრანტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ლიდერებმა თქვენს გუნდში სამი მთავარი რჩევა გაითვალისწინოთ და დანერგოთ:
1. შეამცირეთ მოთხოვნები;
განსაზღვრეთ სამუშაოსთან დაკავშირებული ყველაზე დამღლელი და სტრესული ელემენტები და ეცადეთ შეამციროთ ისინი. გამოყავით საქმის ის ნაწილი, რომელთა ავტომატიზირებაც შესაძლებელია. ყურადღება მიაქციეთ სამუშაო დროის რა ნაწილს უთმობთ თანამშრომლებთან კომუნიკაციას და რა დროს ატარებთ შეხვედრებზე, განსაზღვრეთ შეიძლება თუ არა ამ დროის შემცირება.
კვლევის თანახმად, დასაქმებულები სამუშაო დროის 57%-ს შეხვედრებზე ატარებდნენ, დროის მხოლოდ 43% ეთმობა სამუშაოს შესრულებას, დოკუმენტებზე მუშაობას. მაიკროსოფტის კვლევაში დასაქმებულებმა მიუთითეს, რომ მათ სამსახურში არ აქვთ საკმარისი დრო შეფერხების და ხელის შეშლის გარეშე, რომ სრულად ფოკუსირებული იყვნენ სამუშაოს შესრულებაზე. თუ სამუშაო დროის ამგვარი გადანაწილება იწვევს ზეგანაკვეთურად მუშაობას და გადაწვას, შეგიძლიათ ეს საკითხი თქვენს უფროსებთან განიხილოთ.
მაგალითად, კლივლენდის საავადმყოფომ ჩატარებული გამოკითხვის და დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ ექიმებისთვის ყველაზე დამღლელი საქმე იყო პაციენტების შესახებ ინფორმაციების ელექტრონული ჯანმრთელობის პროგრამაში შეყვანა. კლინიკამ შეცვალა პროცესები, მოახდინა ამ საქმის ავტომატიზირება, რითიც ექიმებს გაუჩნდათ უფრო მეტი დრო პაციენტებთან გასატარებლად.
2. მიეცით დასაქმებულებს უფრო მეტი კონტროლი შესასრულებელ საქმეზე;
გადაწვა შეიძლება გამოიწვიოს შეგრძნებამ, რომ შესასრულებელ საქმეზე და მის შედეგებზე არანაირი გავლენა არ გაქვთ. მიეცით დასაქმებულებს უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობა.
მიეცით გუნდს შესაძლებლობა თავად დასახონ საკუთარი მიზნები, განსაზღვრონ ამ მიზნების მიღწევის გზები, ტრენინგები, რომლებიც შეიძლება სჭირდებოდეთ სამსახურში და ა.შ. შესაძლებლობის ფარგლებში მიეცით მათ თავისუფლება თავად განსაზღვრონ როდის და საიდან იმუშავებენ.
3. ჩამოაყალიბეთ მხარდამჭერი გარემო;
მნიშვნელოვანია დასაქმებულებმა იგრძნონ, რომ მათ გუნდში მუდმივად დაუჭერენ მხარეს. ამგვარი კულტურის ჩამოყალიბება საუკეთესო გზაა გადაწვის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიეცით გუნდის წევრებს პირადი მაგალითი, ესაუბრეთ თქვენი გამოწვევების შესახებ და ითხოვეთ დახმარება. მაგალითის მიცემით გუნდში აჩვენებთ, რომ დახმარების და მხარდაჭეროის თხოვნა არის არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი.