მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი იყენებს სმარტფონი, რომელიც კარგა ხანია უკვე ყოველდღიური საჭიროების საგნად იქცა. პროფესიულ ურთიერთობებში ტელეფონი აუცილებელია კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის მოსაძიებლად, სწავლისთვის და განვითარებისთვის, მოგზაურობისთვის, სხვადასხვა პროცესების სამართავად.
სმარტფონები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მათი მეშვეობით ვეკონტაქტებით მეგობრებს, ვერთობით, ვეცნობით მსოფლიო სიახლეებს და პერსონალიზირებულ შემოთავაზებებს. მიუხედავად ამ დადებითი მხარეებისა, Harvard Business Review-ს მიერ მითითებული კვლევის თანახმად, მათი განუწყვეტელი გამოყენება იწვევს დისფუნქციურ ქმედებას, დამოკიდებულებას, რაც უარყოფითად აისახება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე და პროდუქტიულობაზე.
დამოკიდებულების ნიშნები
- კონტროლის დაკარგვა
ხშირად იღებთ ტელეფონს უმიზნოდ ხელში? ვერ აკონტროლებთ ტელეფონის გამოყენების სიხშირეს, მიუხედავად სურვილისა? თქვენ სავარაუდოდ დამოკიდებული ხართ ტელეფონზე, თუ ხშირად, ავტომატურად და მიზეზის გარეშე იღებთ ტელეფონს ხელში მოწყენილობის ან დასვენების დროს, საუბრისას ან რიგში ლოდინისას. გამაფრთხილებელ ნიშნად შეგიძლიათ მიიჩნიოთ თუ ტელეფონის შემოწმების დაუოკებელი სურვილი გაქვთ მიუხედავად იმისა, რომ არავის არაფერი მოუწერია და არც რაიმე სიახლე გაქვთ წასაკითხი.
- დამოკიდებულება
ტელეფონის გარეშე თავს დაკარგულად გრძნობთ? გაღიზიანებული და დასტრესილი ხართ? როცა ტელეფონი თან არ გაქვთ, ფიქრობთ გამოტოვებულ ზარებზე და შეტყობინებებზე? თუ ტელეფონის გარეშე ყოფნის წარმოდგენაზე შფოთავთ, ესეც დამოკიდებულების ერთ-ერთი ნიშანია. დამოკიდებულება აშკარაა თუ თვლით, რომ ტელფონი ყველა აქტივობისთვის გჭირდებათ, პანიკა გიპყრობთ როდესაც ტელეფონი არ არის ხელმისაწვდომი ან ვერ ივიწყებთ ზარს და შეტყობინებას თუ მას დაუყოვნებლივ არ უპასუხეთ.
- ემოციური გამკლავების საშუალება
ტელეფონი ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების ერთადერთი საშუალებაა? მოწყენილობას, იმედგაცრუებას, სტრესს მხოლოდ მობილურის გამოყენებით ებრძვით? მობილურის გამოყენება შეიძლება იყოს სტრესისგან გათავისუფლების ერთ-ერთი გზა, თუმცა პრობლემატურია თუ ეს გზა ერთადერთია რასაც იყენებთ დისკომფორტისთვის თავიდან ასაცილებლად. ამ გზით, ხელს უშლით ემოციებთან გამკლავების სხვადასხვა საშუალებების გამომუშავებას. სტრესის დროს მობილურის გამოყენება ჩაკეტილ წრეში გამოყოფებთ, ტელეფონს იყენებთ იმისთვის რომ თავი უკეთ იგრძნოთ, თუმცა მისი მუდმივი გამოყენება ზრდის შფოთვას, მარტოობის შეგრძნებას.
ყოველდღიურ ცხოვრებაში მობილურზე დამოკიდებულების უარყოფითი გამოვლინებები
- ნეგატიური ემოციები
ტელეფონის გამოყენება თავს ცუდად გაგრძნობინებთ? მისი გამოყენების შემდეგ უფრო მეტად გრძნობთ სტრესს, შფოთვას და მარტოობას? ტელეფონის გამოყენების სიხშირეს უმალავთ სხვებს და ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობთ? - ამგვარი ნეგატიური ემოციები ტელეფონის გამოყენების შემდეგ ყველაზე გავრცელებული სტრესორია - ზოგიერთი კვლევა სმარტფონის გამოყენების სიხშირეს პირდაპირ უკავშირებს მარტოობის შეგრძნებას და დეპრესიას.
- გაუარესებული ყურადღების უნარი და ეფექტურობა
ტელეფონი ხელს გიშლით ყოველდღიური საქმეების შესრულებაში? გიზღუდავთ ცხადად ფიქრის შესაძლებლობას? ტელეფონზე დამოკიდებულებისას იზღუდება თქვენი რესურსები - ცხადად ფიქრი, ყურადღების მიქცევა, გადაწყვეტილებების მიღება, ემოციების მართვა. ტელეფონში მუდმივი შეტყობინებები და მათი შემოწმების სურვილი იწვევს ყურადღების გაფანტვას, არაეფქტურობას, შეცდომებს და ა.შ. დამატებით, ტელეფონის საღამოს საათებში გამოყენებით ვერ თავისუფლდებით დღის განმავლობაში დაგროვებული სტრესისგან, რაც საბოლოოდ გადაწვას იწვევს.
- გაუარესებული ურთიერთობები
ტელეფონის ხშირად გამოყენება ხელს გიშლით მოსმენაში, გაგებასა და პირისპირ კომუნიკაციაში ჩართვაში? თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები საკმარის ყურადღებას ვერ იღებენ თქვენგან, რადგან მუდმივად ტელეფონს იყენებთ? თუ გარშემომყოფ ადამიანებთან შედარებით პრიორიტეტს მუდმივად მობილურს ანიჭებთ, ეს დააზიანებს თქვენს ურთიერთობებს. ასეთ დროს ტელეფონი ხდება ბარიერი საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს და თქვენს შორის.
ამ პრობლემებთან მარტო არ ხართ
თუ ზემოთ ჩამოთვლილ სცენარებში საკუთარი თავი აღმოაჩინეთ, გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. Harvard Business Review-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სამუშაო პროცესს საშუალოდ ყოველ 13 წუთში გვაწყვეტინებს ტელეფონის შეტყობინება, დღის მანძილზე საშუალოდ ვიღებთ 65 შეტყობინებას და ტელეფონს ხელში ვიღებთ 72ჯერ. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია იყო გამოკითხულ ახალგაზრდა რესპოდენტებში.
ნეგატიური განწყობა, სტრესი დაკავშირებულია არა ტელეფონის გამოყენებაში დახარჯულ დროსთან, არამედ დამოკიდებულების შეგრძნებასთან. გამოკითხული რესპოდენტების 50% შეფასდა როგორც რისკიანი და პრობლემატური მომხმარებელი. რაც ადასტურებს, რომ დამოკიდებულების პრობლემა ძალიან გავრცელებულია.
როგორ შეიძლება დაკარგული კონტროლის აღდგენა
- აღმოჩენა და აღიარება;
პირველ რიგში, შეისწავლეთ დამოკიდებულებისთვის დამახასიათებელი ქცევები და გულწრფელად დააკვირდით საკუთარ თავს. გაესაუბრეთ კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, მოისმინეთ მათი აზრი და თვალი გაუსწორეთ პრობლემას. დაიწყეთ ცვლილება, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, მაგალითად განსაზღვრეთ დრო როდესაც არ გამოიყენებთ ტელეფონს და დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს.
- საკუთარი თავის მართვა;
მნიშვნელოვანია ცხადი ჩარჩოების და ლიმიტების შემუშავება. მაგალითად, ტელეფონი გამოიყენეთ მხოლოდ შესვენების დროს, ვახშამზე, ოჯახის წევრების შეკრებებზე, ძილის წინ - უარი თქვით მის გამოყეენებაზე. შეგიძლიათ დააწესოთ კონკრეტული აპლიკაციების გამოყენების დრო. არ აქვს მნიშვნელობა რომელ საშუალებას აირჩევთ, მთავარია თავადვე დაიცვათ შემუშავებული წესები.
- მოქნილი სტრატეგიები;
რთულ გრძნობებთან გამკლავებისთვის მუდმივად თავს არიდების ნაცვლად, სტრესის დასარეგულირებლად სცადეთ ემოციების გამოხატვის სხვა ალტერნატიული საშუალებები. მაგალითად, ვარჯიში, მედიტაცია, ჰობი, ბუნებაში დროის გატარება და სხვა.
- პროფესიონალის დახმარება;
იმ შემთხვევაში, თუ მობილურის გამოყენება განსაკუთრებულად კომპულსიური ქცევა გახდა, რაც მნიშვნელოვნად ერევა თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში, ყველაზე სწორი გზა დახმარებისთვის პროფესიონალისთვის მიმართვა იქნება. ეს შეიძლება იყოს თერაპია სპეციალისტთან, რომლის საქმიანობის სფეროც ადიქცია და ელექტრონულ საშუალებებზე დამოკიდებულებაა. მათ შეუძლიათ პერსონალიზირებული სტრატეგიების შემოთავაზება.
წყარო - https://hbr.org/2024/02/do-you-have-a-phone-addiction#:~:text=Dependence%20is%20evident%20if%20you,you%20can't%20instantly%20respond.