დაასრულეთ გასაუბრება სამსახურისთვის, რომელიც ძალიან მოგწონთ?! შეიძლება სამადლობელი წერილის გაგზავნა ფორმალობად მოგეჩვენოთ, თუმცა ამგვარი წერილის გაგზავნა გასაუბრების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია.
Harvard Business Review გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ უნდა დაწეროთ სამადლობელი წერილი.
- რა უნდა დაწეროთ მადლობის წერილში?!
მადლობის მეილი გაგზავნეთ გასაუბრებიდან 24 საათის განმავლობაში. წერილი უნდა იყოს მოკლე და გულწრფელი:
1. დარწმუნდით, რომ სწორად მიუთითეთ ადრესატის სახელი, მიმართეთ იმ სახელით, რომლითაც თავად გაგეცნოთ გასაუბრებისას. თუ გასაუბრებას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, შეგიძლიათ მოკლე წერილი მიწეროთ თითოეულ მათგანს;
2. გადაუხადეთ მადლობა გამოყოფილი დროისთვის და გულისხმიერებისთვის;
3. გამოყავით გასაუბრების ნაწილი, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესო იყო თქვენთვის;
4. მიუთითეთ, რომ კვლავ დაინტერესებული ხართ პოზიციით, რომელსაც გასაუბრებაზე განიხილავდით;
5. უთხარით, რომ მზად ხართ უპასუხოთ დამატებით კითხვებს;
მადლობის წერილის მომზადებისას, გაითვალისწინეთ და თავი აარიდეთ გავრცელებულ შეცდომებს. თქვენი მიზანი არ არის ინტერვიუს გაგრძელება. არ გადატვირთოთ მადლობის წერილი იმ დეტალებით, რაც ინტერვიუში გამოგრჩათ. გაგზავნამდე გადაამოწმეთ თქვენი წერილის მართლწერა.
- მადლობის წერილის მნიშვნელობა;
სასიამოვნო ჟესტის გარდა, მადლობის წერილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და შეიძლება დაგეხმაროთ სასურველ პოზიციაზე დასაქმებაში:
- მადლობის წერილი გეხმარებათ ინტერვიუერთან პოზიტიური კავშირის დამყარებაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ჩაიარა ინტერვიუმ. მადლობის მეილი დაგეხმარებათ გამსაუბრებელზე პოზიტიური შთაბეჭდილების მოხდენაში გასაუბრების დასრულების შემდეგაც;
- მადლობის წერილი გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან. Harvard Business Review-ს თანახმად, ოთხი კანდიდატიდან მხოლოდ ერთი აგზავნის მადლობის წერილს. HR მენეჯერების 80% კი აღნიშნავს, რომ მადლობის მეილები დაეხმარათ კანდიდატების შერჩევაში და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში;
- მადლობის წერილი კიდევ ერთი შესაძლებლობაა გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი და უნარები. ერთია გასაუბრებაზე აღნიშნოთ, რომ დეტალებზე ორიენტირებული ხართ, თუმცა მეორეა პრაქტიკულად აჩვენოთ თქვენი უნარები. კარგად დაწერილი და დროულად გაგზავნილი მადლობის მეილი, სწორედ ამ უნარებს უსვამს ხაზს.
- მადლობის წერილი გამოხატავს თქვენს დაინტერესებას სამსახურით. დამსაქმებელი მეტ ყურადღებას აქცევს იმ კანდიდატს, რომელიც დაინტერესებულია შეთავაზებულ პოზიციაზე დასაქმებით;
მადლობის წერილის გაგზავნის შემდებ შეიძლება პასუხი მალევე მიიღოთ, თუმცა, შეიძლება არ დაგიკავშირდნენ თქვენთვის პოზიტიური პასუხით. მიუხედავად ამისა, გამოყავით 15 წუთი მადლობის წერილის დასაწერად, რადგან შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ეს წერილი იყოს გადამწყვეტი ფაქტორი დამსაქმებლისთვის.
წყარო - How to Write a Thank You Email After an Interview (hbr.org)