ოდესმე გიფიქრიათ თუ რა განსხვავებაა კონფლიქტების გადაწყვეტასა და კონფლიქტების მართვას შორის? Google-ის ტრენდების თანახმად, ტერმინი კონფლიქტების გადაწყვეტა სამჯერ უფრო პოპულარულია კონფლიქტების მართვასთან შედარებით.
კონფლიქტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათთან გამკლავება აუცილებელია ძლიერი და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ტერმინები - კონფლიქტის გადაწყვეტა და კონფლიქტის მართვა ხშირად, ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება, თუმცა მათ განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.
კონფლიქტის გადაწყვეტა მოიაზრებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და გვიტოვებს უსაფრთხოების მაცდურ შეგრძნებას, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან ერთად ის დასრულდება. თუმცა, ხშირად, კონფლიქტების გადაწყვეტის შემდეგ საჭიროა სხვადასხვა იმ ცვალებადი გარემოების მუდმივი მართვა და კონტროლი, რამაც შეიძლება კონფლიქტი კვლავ გაამწვავოს.
კონფლიქტს არ გააჩნია დასაწყისი და დასასრული, ის განგრძობადი პროცესია, რომელსაც მუდმივი მართვა სჭირდება. კონფლიქტის მართვა უფრო პრაქტიკული ტერმინია, რომელიც აღიარებს კონფლიქტის განგრძობითობას და გვეხმარება მის მართვაში და გააზრებაში, რომ შეიძლება კონფლიქტი საბოლოოდ ვერასდროს გადავწყვიტოთ.
ტერმინებს კონფლიქტის მართვა და გადაწყვეტა - შეიძლება უარყოფითი განწყობებიც მოყვეს. მართვა შეიძლება ზედმეტ თავისტკივილად მოგეჩვენოთ, გადაწყვეტა კი გულისხმობს, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემა, რომელიც საჭიროებს მოგვარებას. თუმცა, კონფლიქტები შეიძლება პოზიტიური ცვლილებებისთვის საუკეთესო დასაწყისი იყოს.
კონფლიქტში ჩართულობა კიდევ ერთი ახალი ტერმინია, რომელიც კონფლიქტს არ აღიქვამს შემთხვევად, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. კონფლიქტი არის მიმდინარე პროცესი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მართვას და პროცესი იწყება ურთიერთობების დაწყებისთანავე.
კონფლიქტში ჩართულობის კონცეფცია ერთი ნაბიჯით წინ არის იმის აღიარებით, რომ კონფლიქტი განგრძობადია. კონფლიქტის მართვა იწყება მაშინ როდესაც კონფლიქტი ჯერ დაწყებული არ არის. მისი გაჩენისთანავე კი იწყება კონფლიქტის მართვის პროცესი. თუ ამ პროცესში გვექნება გადაჭრის შესაძლებლობა, ასეც უნდა მოვიქცეთ. თუმცა, იმდენად რამდენადაც ურთიერთობა გრძელდება, ჩვენც მუდმივად უნდა ვიყოთ ჩართული კონფლიქტის მართვაში.
სამართლებრივ ურთიერთობებში, ტერმინი კონფლიქტის გადაჭრა დამკვიდრებული ტერმინია, რადგან ადამიანები სამართლებრივი რეგულაციებისგან სწორედ პრობლემის გადაწყვეტას ელოდებიან. თუმცა, რაც შეეხება პიროვნულ და სამსახურებრივ ურთიერთობებს, კონფლიქტში ჩართულობა უფრო გამართლებული ტერმინებია. ამგვარ ურთიერთობებში კონფლიქტი მიმდინარეა და აუცილებელია მუდმივი ჩართულობა ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
ჩვენი შეხედულებები კონფლიქტის მიმართ განსაზღვრავს თუ როგორ მოვიქცევით კონკრეტულ სიტუაციაში. თუ ჩვენი მოლოდინი არის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, შეიძლება გამოვტოვოთ ზრდისა და სწავლის შესაძლებლობა. თუმცა თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონფლიქტი არის მიმდინარე და მუდმივად საჭიროებს მართვას და ჩართულობას, შეიძლება ავაგოთ უფრო მყარი და ძლიერი ურთიერთობები.
წყარო - Conflict Resolution, Management, Or Engagement? (forbes.com)