კარგი დამსაქმებლები უნდა ზრუნავდნენ და აფასებდნენ საკუთარ თანამშრომლებს, ხშირად აღნიშნავდნენ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვთ კომპანიისთვის დასაქმებულებს.
დასაქმებულების მიმართ დაფასების გამოხატვა, იმაზე რთულია ვიდრე ეს მენეჯერებს წარმოუდგენიათ. Pew Research Survey-ის მიერ, 2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, კვლევაში მონაწილე დასაქმებულების ნახევარი უთითებდა, რომ სამსახურში მათ მიერ გაწეული სამუშაო ძალიან ან საშუალოდ ფასდება.
ცხადია, სწორი კომუნიკაცია დასაქმებულებზე ზრუნვის გამოხატვის პირველი ნაბიჯია, თუმცა სიტყვებზე ხმამაღლა საქციელი მეტყველებს. Forbes გვიზიარებს 3 გზას, თუ როგორ შეიძლება დამსაქმებელმა გამოხატოს ზრუნვა მისი თანამშრომლების მიმართ:
1. დასაქმებულების აღიარების პროგრამის შექმნა;
აღიარება და დაფასება ზრუნვის გამოხატვის აუცილებელი ელემენტებია. კომპანიის კულტურაში მათი ინტეგრირება და ყოველდღიურად გამოყენება, ზრდის დასაქმებულების კავშირს კომპანიასთან. Gallup-ის 2023 წელს ჩატარებულ კვლევის თანახმად, დასაქმებულები, რომლებიც თვლიან, რომ აღიარება მათი კომპანიის კულტურის ნაწილია უფრო მეტად დაკავშირებულად გრძნობენ თავს დამსაქმებელთან (10დან 7 დასაქმებული).
დაფასების გამოხატვის ყველაზე მარტივი საშუალებებია მიღწევების და მნიშვნელოვანი თარიღების, მაგალითად, დაბადების დღის, დასვენების დღეების აღნიშვნა.
აუცილებელია კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისება. კომპანიამ უნდა განსაზღვროს დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანი ჯილდოები და ცხადად განუმარტოს დასაქმებულებს, რისი შესრულებაა საჭირო ამ ჯილდოს მისაღებად.
მენეჯერები უნდა დააკვირდნენ საკუთარი გუნდის წევრებს და ინდივიდუალურად განსაზღვრონ კონკრეტულ დასაქმებულზე მორგებული ფორმა მადლიერების და აღიარების გამოსახატავად. არ არის აუცილებელი ჯილდო მატერიალური იყოს.
2. კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტები;
აღიარების და მადლიერების შეგრძნებისთვის მნიშვნელოვანია დასაქმებულებს შესთავაზოთ სამართლიანი ანაზღაურება და ბენეფიტები.
დამატებითი ბენეფიტების ყველაზე გავრცელებული სახეებია - ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო დანაზოგის სისტემა, ანაზღაურებადი დასვენების დღეები. ეს პროგრამები ეხმარება დასაქმებულებს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მიერ შეთავაზებული ბენეფიტები და ანაზღაურება კონკურენტული იყოს ბაზარზე, შეისწავლეთ უკუკავშირები, დასაქმებულის სამსახურიდან წასვლამდე ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული შეფასებები. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად სწორად აღიქვამენ დასაქმებულები თქვენ მიერ შეთავაზებულ ბენეფიტებს.
კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტები ზრდის დასაქმებულების კმაყოფილებას და მეტიც, იზიდავს სხვა პროფესიონალებს. Bureau of Labor Statistics-ის თანახმად, 2023 წელს კერძო სექტორის დასაქმებულების 69%-ს ჰქონდა წვდომა ჯანმრთელობის დაზღვევაზე ამერიკაში, 78%-ს ჰქონდა წვდომა საპენსიო ბენეფიტებზე.
3. დასაქმებულების მხარდაჭერა რთულ პერიოდში;
დასაქმებულების მიმართ მხარდაჭერის გამოსახატავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრუნვა, როდესაც სამსახურს გარეთ მოულოდნელად აღმოჩნდებიან რთულ სიტუაციაში. მაგალითად, მოულოდნელად გაუარესდება მათი ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, გარდაიცვლება მათთვის საყვარელი ადამიანი და სხვა. ასეთ დროს, კომპანიის კულტურის ნაწილი უნდა იყოს მხარდაჭერის გამოხატვა სხვადასხვა გზით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციის შენარჩუნება. დაუკავშირდით დასაქმებულს, აგრძნობინეთ, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მათი კარგად ყოფნა. შესთავაზეთ დამატებითი დასვენების დღეები იმისთვის, რომ რთულ პერიოდში მეტი დრო გაატარონ ოჯახის წევრებთან.
დასაქმებულის სამსახურში დაბრუნების შემდეგ, გამოიჩინეთ მოთმინება, შესაძლებლობის შემთხვევაში, შესთავაზეთ დისტანციურად მუშაობა ან მოქნილი სამუშაო საათები. მხარდაჭერის შეთავაზება განსაკუთრებით მნიშნელოვანია თუ შეამჩნევთ დასაქმებულის მენტალური ჯანმრთელობის ცვლილებას, მაგალითად, შემცირებული ყურადღება, იზოლაციის სურვილი, ხასიათის ცვლილება და სხვა. მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობის მიცემა ასეთ დროს საუკეთესო ბენეფიტი შეიძლება იყოს.
წყარო - Three Ways To Show Employees They Matter (forbes.com)